ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასორმოცდაცხრა წელს იუდას ყურამდე მივიდა ამბავი, რომ ანტიოქოს ევპატორი დიდი ლაშქრით მოდის იუდაში,

   
2 და რომ მასთან ერთადაა ლისიაც, მეფის მეურვე და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. თითოეული მათგანის ხელში იყო ელინთა სამხედრო ძალა - ასათიათასი ქვეითი და ხუთიათას სამასი ცხენოსანი, ოცდაორი სპილო და სამასი ეტლი, ცელებით შეიარაღებული.    
3 მათ შემოუერთდა მენელაოსიც და დიდის თვალთმაქცობით აქეზებდა ანტიოქოსს იუდაელთა წინააღმდეგ - არა სამშობლოს ხსნისთვის, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების იმედით.    
4 ხოლო მეუფეთა მეუფემ აღაგზნო ამ უწმიდურის წინააღმდეგ ანტიოქოსის რისხვა და ლისიამაც დაუსაბუთა მეფეს, რომ მენელაოსია ყოველივე ბოროტების მიზეზი. ანტიოქოსმაც გადაწყვიტა მენელაოსი ბერეაში წაეყვანათ და ადგილობრივი რჯულის მიხედვით დაესაჯათ.    
5 ამ ადგილას არის ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი, ნაცრით სავსე; მასზე მოწყობილია იარაღი წრიულად მბრუნავი და ნაცრის მიმართ დამრეცად მოქცეული.    
6 აქ მოჰყავდათ ხოლმე სიკვდილმისჯილნი - ტაძრის მძარცველები ან სხვა რამ ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი.    
7 ასეთი სიკვდილით მოკვდა უწმიდური მენელაოსი, მიწაც არ ღირსებია მას სამარედ და სავსებით სამართლიანად,    
8 რადგან ბევრჯერ შესცოდა მან სამსხვერპლოებს, სადაც წმიდაა ცეცხლი და ნაცარი. ამიტომაც უწია ნაცარში სიკვდილმა.    
9 ხოლო მეფემ, რისხვით თავგზააბნეულმა, განიზრახა თავის მამაზე უარესი საქმეები დაეტეხა იუდაელებისთვის.    
10 ეს იუდამაც გაიგო და უბრძანა თავის ხალხს დღედაღამ ლოცვები აღევლინათ უფლისათვის, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც შეწევნა მოევლინა რჯულის, სამშობლოსა და წმიდა ტაძრის დაცვის მსურველთათვის;    
11 არ ჩაეგდო უღვთოთა ხელში ხალხი, რომელმაც ეს-ესაა სული მოითქვა.    
12 როცა ეს ბრძანება ერთსულოვნად აღასრულეს, ლოცვები აღუვლინეს მოწყალე უფალს, სამი დღის მანძილზე განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკით იდგნენ. მერე მოუხმო ხალხს იუდამ და მზადყოფნისკენ მოუწოდა.    
13 უხუცესებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ღვთის შეწევნით წარემართათ საქმე, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოიჭრებოდა.    
14

სამყაროს შემოქმედის მფარველობას რომ მიენდო, მაკაბელმა მოუწოდა თავისიანებს, ღირსეულად ებრძოლათ რჯულისთვის, ტაძრისთვის, ქალაქისთვის, სამშობლოსთვის და მოქალაქეობისთგის, და მოდეინის მიდამოებში განალაგა ბანაკი.

   
15 მისცა პირობით ნიშნად სიტყვები - ღვთის გამარჯვება - და უმამაცესი ჭაბუკების რაზმით მეფის კარავს დაეცა ღამით, და ორიათასამდე კაცი გაწყვიტა ბანაკში. მოკლეს მეთაური სპილო და მისი მხედარი.    
16 ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან მობრუნდნენ.    
17 უკვე გათენებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა ღვთის შეწევნით.    
18 ხოლო მეფემ, იუდაელთა სიმამაცე რომ იწვნია თავის თავზე, სცადა ხრიკებითა და მოტყუებით დაეკავებინა ადგილები.    
19 მიადგა ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მაგრამ უკუაქციეს იგი, მარცხი აგემეს, დაამცირეს.    
20 მეციხოვნიებს კი იუდამ აუცილებელი სახსარი შეუგზავნა.    
21 აუწყა მტერს ეს საიდუმლოება როდოკოსმა იუდაელთა ბანაკიდან, მაგრამ იგი ამხილეს, შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს.    
22 მეორეჯერ წამოუწყო მოლაპარაკება მეფემ ბეთ-ცურში გამაგრებულთ, ზავი შესთავაზა, მძევლები გაცვალეს, უკან გამობრუნდა, თავს დაესხა იუდას რაზმებს და დამარცხდა.    
23 შეიტყო, რომ ფილიპე, რომელიც ანტიოქიაში იყო დატოვებული სახელმწიფო საქმეებისთვის, აჯანყდა; იგი დაიბნა, თხოვნით იუდაელებს მიადგა, მათ დამორჩილდა და ფიცით აღუთქვა ყველაფერი, რაც სამართლიანად ეკუთვნოდათ, შეეშვა მათ და, მსხვერპლიც კი შესწირა. პატივი მიაგო ტაძარს და მკვიდრი ხალხისადმი სიყვარულით განეწყო.    
24 მან მაკაბელიც მიიღო და დატოვა განმგებლად ჰეგემონიდე პტოლემაისიდან გერენაიმდე.    
25 მერე პტოლემაისში წავიდა. პტოლემაისის მკვიდრნი კი მოლაპარაკებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და დადგენილების გაუქმება სურდათ.    
26 ლისია საჯაროდ გამოვიდა და თავი გაიმართლა. ხალხი დაარწმუნა, დაამშვიდა, კეთილად განაწყო და ანტიოქიისკენ გაემართა. ასე დასრულდა მეფის შეტევა და უკუდახევა.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე