ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სამი წლის შემდეგ იუდამდე მოვიდა ხმა, რომ დემეტრიოს სელევკოსის ძე მიადგა ტრიპოლის ნავსადგომს ძლიერი ჯარითა და მრავალი ხომალდით.

   
2 დაიპყრო ქვეყანა და მოკლა ანტიოქოსი და მისი მეურვე ლისია.    
3 ხოლო ვინმე ალკიმოსი, რომელიც ადრე მღვდელმთავარი იყო, მაგრამ აღრეულობის ჟამს ნებით წაიბილწა თავი, როცა მიხვდა, რომ არასგზით არ ექნებოდა არც ხსნა, არც წმინდა სამსხვერპლოსთან მისადგომი,    
4 ასორმოცდათერთმეტ წელს ეახლა მეფე დემეტრიოსს, მიართვა მას ოქროს გვირგვინი, პალმის რტო და, გარდა ამისა, ზეთისხილის რტოები, ტაძრიდან წამოღებული. იმ დღეს მეტი აღარაფერი უღონია.    
5 და როცა თავისი უგუნურების აღსასრულებლად ხელსაყრელი დრო მოიხელთა, როცა იგი დემეტრიოსმა სათათბიროდ მოიხმო, შეკითხვაზე, რა განწყობა და სულისკვეთება სუფევსო იუდაელებში, ეს უპასუხა:    
6 ხასიდიანებად წოდებული იუდაელები, რომელთაც სათავეში უდგას იუდა მაკაბელი, ომისთვის არიან განწყობილნი და ამბოხებისთვის შემართულნი და მოსვენებას არ აძლევენ სამეფოს.    
7 მათ მე ამყარეს საგვარეულო პატივი ანუ მღვდელმთავრობა, ამიტომაც მოვსულვარ აქ,    
8 უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პირუთვნელად ვზრუნავ მეფის კუთვნილებაზე, მეორეც, ჩემს თანამოქალაქეებს ვუფრთხილდები, რადგან ზემოხსენებული ხალხის უგუნურობით დიდად დაზარალდა მთელი ჩვენი მოდგმა.    
9 რაკი ყოველივე უკვე გაიგე, მეფეო, იზრუნე ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს დაბეჩაგებულ ხალხზე შენი ყოვლადმოწყალე სიკეთით.    
10 ვიდრე ცოცხალია იუდა, სამეფო სიმშვიდეს ვერ ეღირსება.    
11 ეს რომ თქვა, მეფის სხვა მრჩევლებმა, რომლებიც იუდასადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი, კიდევ უფრო მეტად წააქეზეს დემეტრიოსი.    
12 მეფემაც მაშინვე მოიხმო ნიკანორი, სპილოთა განმგებელი, მთავარსარდლად განაწესა იუდაში.    
13 დაავალა, თავად იუდა მოეკლა, მისი ხალხი გაეფანტა, ხოლო ალკიმოსი დიდი ტაძრის მღვდელმთავრად დაესვა.    
14 ხოლო იუდადან ლტოლვილი წარმართები, რომლებიც იუდას გამოქცეოდნენ, ჯოგივით აწყდებოდნენ ნიკანორს, და იმედოვნებდნენ, რომ იუდაელთა ბედუკუღმართობა და ავბედობა მათთვის სასიკეთო იქნებოდა.    
15 იუდაელებმა რომ გაიგეს ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი და ისიც, რომ მას წარმართებიც შემოუერთდნენ, მიწა დაიყარეს თავზე და ევედრებოდნენ მას, ვინც უკუნისამდე დაამკვიდრა თავისი ხალხი და მუდამ ხილულად შეეწეოდა თავის წილხვედრილთ.    
16

წინამძღოლის ბრძანებაზე ფიცხლად დაიძრნენ და სოფელ დესაუსთან შეებნენ მათ.

   
17 სიმონი, იუდას ძმა, ნიკანორთან ომში ჩაება, მაგრამ მალე, მტრის უეცარი თავდასხმის გამო, მცირეოდენი მარცხი განიცადა.    
18 თუმცა ნიკანორსაც გაგონილი ჰქონდა, თუ რა ვაჟკაცობით იყო იუდას ხალხი გამორჩეული და რა გაბედულად იბრძოდნენ სამშობლოსათვის ბრძოლაში, ამიტომაც მოერიდა სისხლისღვრამდე მიეყვანა საქმე.    
19 და გააგზავნა ბოსიდონიოსი, თეოდოტე და მატათია იუდაელებთან დასაზავებლად.    
20 ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, როცა წინამძღოლმა ამის შესახებ აუწყა ხალხს, მოლაპარაკების პირობები ერთხმად მოიწონეს და დათანხმდნენ დაზავებაზე.    
21 დანიშნეს დღეც, როცა პირისპირ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, და დათქმული დღე რომ მოვიდა, თითოეულს საგანგებო სავარძლები დაუდგეს;    
22 იუდამ მოხერხებულ ადგილებში შეიარაღებული ხალხი დააყენა, რომ მზად ყოფილიყვნენ, თუ მტერი მოულოდნელად რაიმე მზაკვრობას განიზრახავდა, და მშვიდობიანი მოლაპარაკება ჰქონდათ.    
23 ნიკანორმა ერთი ხანი იერუსალიმში დაჰყო და უადგილო არაფერი ჩაუდენია, და შემოკრებილი ხალხი დაშალა.    
24 იუდას თავიდან არ იშორებდა და გულითადად განეწყო მისდამი.    
25 დაიყოლია, რომ დაქორწინებულიყო და შვილები გაეჩინა. იუდაც დაქორწინდა, დამშვიდდა და ცხოვრებით ტკბებოდა.    
26 ხოლო ალკიმოსმა რომ დაინახა მათი ერთმანეთისადმი კეთილგანწეობა და ურთიერთდაზავება, მოიკრიბა გამბედაობა, ეახლა დემეტრიოსს და მოახსენა, ნიკანორს სამეფოს მიმართ სიავე აქვს განზრახული, რაკი მან თავის მემკვიდრედ სამეფოზე ავისმზრახველი იუდა დასვაო.    
27 მეფემაც, ბოროტმოქმედის ასეთი ცილისწამებით გაღიზიანებულმა და განრისხებულმა, მისწერა ნიკანორს, რომ უმძიმს ამგვარი მოლაპარაკების ატანა და ბრძანებს მაკაბელი სასწრაფოდ, ბორკილგაყრილი მიჰგვაროს ანტიოქიაში.    
28 წერილმა ნიკანორამდე რომ მოაღწია, შეცბუნდა; მეტადრე იმან ატკინა გული, რომ უნდა დაერღვია მოკავშირეობა კაცთან, რომელსაც უმართებულო არაფერი ჩაუდენია.    
29 მაგრამ მეფეს რომ ვერ ეურჩებოდა, ხელსაყრელ შემთხვევას უცდიდა, ეშმაკურად მოეგვარებინა საქმე.    
30 როცა მაკაბელმაც დაინახა, რომ ნიკანორი მის მიმართ მკაცრი გახდა და შეხვედრაზეც ჩვეულებრივზე მეტად უხეშობდა, და მიხვდა, რომ ეს სიმკაცრე კარგს არაფერს მოასწავებდა, შეკრიბა თავის თანმხლებთაგან არცთუ მცირერიცხოვანი ხალხი და დაემალა ნიკანორს.    
31

როცა ამ უკანასკნელმა გაიგო, რომ ეშმაკობით მას მაკაბელმა აჯობა, მივიდა დიდ და წმიდა ტაძართან და, როცა მღვდლებს დაწესებული მსხვერპლი მოჰქონდათ, ბრძანა გადაეცათ მისთვის ეს კაცი.

   
32 რაკი მღვდლები ეუბნებოდნენ და ეფიცებოდნენ, არ ვიცითო იმ კაცის ადგილსამყოფელი, ვისაც შენ ეძებო,    
33 ნიკანორმა ტაძრისკენ გაიწვდინა მარჯვენა და ფიცით წარმოთქვა: თუ არ გადმომცემთ შებორკილ იუდას, ამ საღვთო ტაძარს მიწასთან გავასწორებ, სამსხვერპლოს ამოვთხრი და ამ ადგილას დიონისეს დიდებულ ტაძარს აღვმართავო.    
34 ეს თქვა და წავიდა. მღვდლები კი აღაპყრობდნენ ზეცისკენ ხელებს, ევედრებოდნენ ჩვენი ხალხის მარადიულ შემწეს და ამბობდნენ:    
35 შენ, უფალო, არავითარი გასაჭირი რომ არ გქონია, კეთილინებე, რომ ეს ტაძარი ყოფილიყო შენი სამკვიდრო ჩვენს შორის.    
36 და ახლაც, ყოველი სიწმიდის წმიდა უფალო, დაიცავი უკუნისამდე შეურყვნელად ეს ახლადგანწმედილი სახლი და დახშე უწმიდური ბაგეები.    
37 ხოლო ნიკანორს მოახსენეს ვინმე რაზისზე, ერთ-ერთ იერუსალიმელ უხუცესზე, როგორც თავის თანამოქალაქეთა მეგობარზე, რომელსაც ყველგან კეთილი სახელი ჰქონდა გავარდნილი და თავისი კეთილმოსურნეობის გამო იუდაელთა მამად აღიარებდნენ.    
38 მას ადრე, აღრეულობის ჟამს, იუდაელობის მხარე ეჭირა და მზად იყო იუდაელობისთვთს სულიცა და სხეულიც შეეწირა.    
39 ნიკანორმა იმის სურვილით, რომ ეჩვენებინა, თუ რაოდენ ეზიზღება იუდაელები, გააგზავნა ორმოცდაათზე მეტი ჯარისკაცი რაზისის შესაპყრობად,    
40 რადგან, მისი აზრით, რაზისის დატყვევებით უბედურება დატრიალდებოდა იუდაელებში.    
41 მაგრამ როცა ხალხის ბრბომ ციხის აღება დააპირა და ეზოს კარიბჭეს მოაწყდა, და უკვე განკარგულებაც გაიცა ცეცხლი მოეტანათ ჭიშკრისთვის წასაკიდებლად, მაშინ რაზისმა, რაკი დაინახა, რომ უცილობლად მტერს უვარდებოდა ხელთ, თვითონვე განიგმირა მახვილით თავი,    
42 რადგან არჩია ვაჟკაცურად მომკვდარიყო, ვიდრე ურჯულოებს ჩავარდნოდა ხელში და თავისი ღირსება დაემცირებინა.    
43 მაგრამ რაკი სიჩქარეში დარტყმა მიზანს ააცდინა, და ბრბოც უკვე შემოსასვლელებში შემოიჭრა, იგი უშიშრად აიჭრა გალავანზე და იქიდან ზედ ხალხზე გადმოეშვა.    
44 შეჯგუფებულმა ხალხმა სასწრაფოდ მიიწ-მოიწია, ადგილი დაცარიელდა და რაზისი შუაგულს დაასკდა მუცლით.    
45 ჯერ კიდევ ცოცხალი, იგი ფეხზე აღიმართა და რისხვით ანთებულმა ჩაურბინა ხალხის ხროვას, თუმცა სისხლი ღვარებად სდიოდა და ჭრილობებიც სტანჯავდა, დადგა ერთ ციცაბო კლდეზე    
46 და სისხლისგან მთლად დაცლილმა, ამოიგლიჯა შიგნეულობა, ასწია იგი ორივე ხელით და შიგ ხალხში გადაისროლა, თან სიცოცხლისა და სულის მეუფეს ავედრებდა, კვლავ ებოძებინა მისთვის სიცოცხლე და სუნთქვა, და ასე დალია სული.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე