ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.

1

და მოავლინა უფალმან ნათან წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქვა მას: საშჯელსა ერთსა გკითხავ შენ. მითხარ მე: ორნი კაცნი იყუნეს ქალაქსა შინა. ერთი იგი მდიდარი იყო და ერთი გლახაკი.

2 მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, 2 და მდიდრისა მის იყო არვე მროწეული ფრიად.
3 ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა. 3 ხოლო გლახაკისა მის არა, გარნა ერთი ტარიგი მცირე, გაეზარდა იგი შვილთა თჳსთა თანა, რომელი ტაბლისა მისისაგან ჭამდა და სასმელისა მისისაგან სუმიდა და უბესა და მკერდსა მისსა ზედა განისუენებდა. და იყო იგი მისა, ვითარცა ასული.
4 ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს. 4 დღესა ერთსა მდიდარსა მას მოუვიდა სტუმარი და არვისა მისისაგან დიდისა არა მოუმზადა სერი, არამედ მოუღო ტარიგი გლახაკსა მას და დაუკლა სტუმარსა მას თჳსსა და ზვარაკისა უფალი იგი მოკლა.
5 დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! 5 ვითარცა ესმა ესე დავითს, განრისხნა ფრიად და ჰრქუა ნათანს: ცხოველ არს უფალი! სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, რომელმან ესე საქმე ჰყო.
6 ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა. 6 ტარიგი იგი შჳდ წილად ზღვად, რამეთუ ეგე საქმე ქმნა და არა შეიწყალა იგი!
7 უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან. 7 მიუგო ნათან დავითსა და ჰრქუა: შენ, თავადი ხარ, რომელმან ჰყავ ეგე! აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: მე გცხე შენ მეფედ ყოვლისა ისრაჱლისა ზედა, გიჴსენ შენ ჴელისა საულისათა,
8 მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ. 8 და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა და მოგცენ ცოლნი მისნი უბეთა შენთა, და ყოველნივე სახლნი ისრაჱლისა და იუდასი. და თუ ვეღარა-კმა გეყოფოდა, შე-მცა-გძინე სხუაცა!
9 რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი. 9 აწ რად შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ იგი უფლისა შენისა და ჰქმენ საქმე ესე ბოროტი წინაშე მისსა? ურია ქეტელი მოჰკალ მახჳლითა ძეთა ამონისთაჲთა და ცოლი მისი მოიყვანე ცოლად შენდა?
10 ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულვებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა. 10 აწ ნუ განეშორებინ მახჳლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ შენ შეურაცხ-მყავ მე და მოიყვანე შენ ცოლი ურია ქეტელისა ცოლ-ყოფად შენდა!
11

ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.

11

ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, სახლით შენით აღვადგინო ძჳრი შენ ზედა და ცოლნი შენნი წინაშე შენსა სხუასა მივსცნე მოყუასსა შენსა, დაისუენოს მათ თანა ცხადად!

12 თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს. 12 შენ ეგრე ჰგონე, რამეთუ ფარულად ჰყავ. მე განცხადებულად ვყო წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და წინაშე მზისა ამის!
13 უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები. 13 მიუგო დავით ნათან წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა: ვცოდე წინაშე უფლისა! მიუგო ნათან: და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი, რათა არა მოჰკუდე.
14 ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა. 14 ხოლო აწ, რამეთუ განარისხე უფალი, ღმერთი შენი, და განაღჳძენ მტერნი შენნი შენ ზედა საქმითა ამით, შვილი იგი, რომელ შობად არს მისგან, სიკუდილით მოკუედინ!
15 როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. 15 და ვითარცა წართქუნა ნათან სიტყუანი ესე, წარვიდა სახიდ თჳსად და დასცა უფალმან ყრმა იგი, რომელ უშვა ცოლმან ურიისამან დავითს, და დასნეულდა.
16 ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს. 16 და ილოცვიდა დავით ღმრთისა მიმართ ყრმისა მისთჳს და იმარხჳდა მარხვასა და იდვა ქუეყანასა ზედა.
17 თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური. 17 და შევიდეს მისსა მოხუცებულნი ერისანი და აიძულებდეს აღდგომად და ჭამად რასმე, და არა აღდგა მიწისაგან, არცა ჭამა და არცა სვა.
18 მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს. 18 ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმა იგი. და ეშინოდა მონათა დავითისთა თხრობად სიკუდილი მისი და ზრახვიდეს, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალ იყო, არა გუერჩდა აღდგომად ქუეყანით, და აწ ვითარ ვიკადროთ თქუმად სიკუდილი ყრმისა მის? ნუუკუე შეჰრჩეს გულსა ბოროტი ჩუენთჳს!
19 როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა. 19 და იხილა დავით, რამეთუ ჩურჩნდეს ურთიერთას და გულისხმა-ყო, ვითარმედ მოკუდა ყრმა იგი, და ჰრქუა მათ დავით: მოკუდა ყრმაჲ იგი? და მათ ჰრქუეს: მოკუდა!
20 ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა. 20 და აღდგა დავით ქუეყანისაგან და იცხო და შეიმკო, და შევიდა ტაძარსა მას ღმრთისასა და თაყუანი-სცა უფალსა და შევიდა სახლად თჳსსა და დაჯდა, ჭამა და სუა და იხარებდა.
21

ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე. 

21

და ჰრქუეს დავითს: რაჲ არს ესე, რომელ შენ ჰყავ? რამეთუ ვიდრე იყო ყრმაჲ იგი, იმარხევდ, იღჳძებდ და სტიროდე და ვითარცა მოკუდა, აღსდეგ და განმხიარულდი და სჭამე და ჰსუ?

22 მიუგო: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი; ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი. 22 მიუგო დავით: ვიდრე ცოცხალ იყო, ვწუხდი, რათამცა წყალობა ეყო ღმერთსა და ეცხოვნა ყრმაჲ იგი.
23 ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება. 23 ხოლო აწ რაჲ მოკუდა, აქა არღარა მოიწიოს, არამედ მე მისა მისლვად ვარ, და რაჲსაღა ვწუხ?
24 ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა, 24 და მოუწოდა დავით ბერსაბეს, ცოლსა თჳსსა, და ნუგეშინი-სცა მას, და შევიდა მისსა. და მიუდგა და უშვა ძე. და უწოდა სახელი მისი სოლომონ. და შეიყუარა იგი უფალმან.
25 შემოუთვალა ნათან წინასწარმეტყველის პირით და უწოდა უფლის გამო სახელად იედიდია. 25 და მიავლინნა მისსა ნათან წინაწარმეტყუელი და უწოდა მას სახელი იედედი, რომელ არს "საყუარელ უფლისა".
26 ამასობაში იოაბი ებრძოდა ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი. 26 ამისად შემდგომად ბრძოდა იოაბადს, რაბათს, ძეთა მათ ამონისთა, სძლო და დაიპყრა ქალაქი იგი მეფისა მათისა.
27 გამოუგზავნა იოაბმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევები. 27 და წარავლინნა მოციქულნი იოაბ დავითისა და ჰრქუა, ვითარმედ: დავიპყარ წყლით კერძო ქალაქისა ამის!
28 ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა. 28 აწ თჳთ მოვედ აქა, დაიპყარ ქალაქი ესე, რათა არა სახელი ჩემი იყოს დაპყრობად ამისა, არამედ შენი!
29 შეკრიბა დავითმა ხალხი, წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო. 29 და შეკრიბა დავით ყოველი ერი და მივიდა რობათს, ბრძოლა-ყო და დაიპყრა ქალაქი იგი.
30 აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. 30 და თჳთ მოჰჴადა მეფესა მათსა მელქონს გჳრგჳნი თავსა მისსა. და იყო იგი სასწორითა ერთი ქანქარი ოქრო და ანთრაკი, დაიდგა იგი დავით თავსა თჳსსა და ნატყუენავი გამოიღო ფრიად.
31 გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში. 31 და ნეშტი ერისა მის გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა და მოსწყჳდნა იგინი ტაბრაკითა და ვაზირითა. და მოიყვანნა იგინი მადიბადდ, რომელ არს ალიზისმოქმედთა, და ესრეთ უზმიდა ყოველთა ქალაქთა ძეთა ამონისთა. და მოვიდა დავით ერითურთ იერუსალჱმად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე