ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.

1

და იყო, ამისა შემდგომად იწყო აბესალომ მოგებად საჴედრებისა და ეტლებისა და ერგასის კაცნი წინამცორვალად ეტლთა მისთა და ჰუნეთა.

2 ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი. 2 და აღიმსთჳს განთიად აბესალომ და დადგის გზასა ზედა ბჭეთა მათ წინაშე, რომელი მივალნ სასჯელად წინაშე მეფისა, მოუწოდის მათ აბესალომ და ეტყოდის: რომლისა ქალაქისა ხარ შენ? და ჰრქჳს კაცმან მან: ერთისა მისგან ტომისა ისრაჱლისა ვარ მონა შენი.
3 ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე? 3 და ჰრქჳს აბესალომ: სიტყუანი ეგე შენნი კეთილ და მარჯვე ჩანან, არამედ, ვაჲ, რამეთუ არავინ გივის წინაშე მეფისა მოურავი.
4 ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი. 4 და მერმე კუალად თქჳს: და-მცა-ვინ-მადგინა ისრაჱლსა ზედა მთავრად და ყოველსა კაცსა მართლისა სასჯელითამცა განვიკითხვიდი!
5 თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა. 5 და იყო, ვითარცა მიეახლის ყოველი კაცი თაყუანის-ცემად მისა, მიიყვანის იგი და მიყვის ჴელი, შეიტკბის და ამბორს-უყვის.
6 ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული. 6 და ესრეთ ჰყოფდა აბესალომ ყოველთა მიმართ კაცთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვლენედ სასჯელად წინაშე მეფისა და ესრეთ შეიყოფდა გულსა ყოვლისა კაცისა ისრაჱლისასა აბესალომ.
7 ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს. 7 და იყო შემდგომად მეოთხისა წლისა ჰრქუა აბესალომ მეფესა: მიბრძანე მე, რათა მივიდე და შევსწირო აღნათქუამი, რომელი აღმეთქუა უფალსა ღმერთსა.
8 რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს. 8 რამეთუ აღთქმა აღუთქუ მონამან შენმან, ოდეს ვიყავ გეთსურს, ვითარმედ: უკუეთუ მივიწიო იერუსალჱმდ, ვმსახურო უფალსა ღმერთსა ქებრონს.
9 უთხრა მეფემ: მშვიდობით წადი. ადგა და წავიდა ხებრონს. 9 ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: ვიდოდე შენ ცოცხლებით! და წარვიდა აბესალომ ქებრონად.
10 გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს! 10 და წარავლინნა მაუწყებელნი ყოველთა მიმართ ნათესავთა ისრაჱლისათა და ამცნო მათ და ჰრქუა, ვითარმედ: რაჟამს გესმეს თქუენ ჴმაჲ ნესტჳსა, სთქუთ ყოველთა, ვითარმედ: მეფე არს აბესალომ ქებრონს!
11

ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან. ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება.

11

და წარვიდეს იერუსალჱმით ვითარ ორას ოდენ კაცნი რჩეულნი სიწრფოებით, და არა იცოდეს მათ განზრახვა იგი არცა ერთი სიტყუაჲ.

12 გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ. 12 და წარავლინა აბესალომ და მოიყვანეს აქიტობელი თეკველი, თანამზრახველი დავითისი, ქალაქით თჳსით დოვლით. და იყო, რაჟამს შესწირვიდა მსხუერპლსა და სიტყუაჲ დამტკიცნებოდა, და მიკრბებოდა აბესალომისა,
13 მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი. 13 მაშინ მოვიდა კაცი ერთი დავითისა და ჰრქუა მას: გული ყოვლისა კაცისა ისრაჱლისა აბესალომის თანა არს!
14 უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი. 14 სიტყუად იწყო დავით მონათა მათ მისთა და ჰრქუა: აღდეგით, წარვიდეთ ამიერ, რამეთუ არა არს ჩუენდა ცხორებაჲ აბესალომისგან, ისწრაფეთ, მოარიდეთ, ნუუკუე მოვიდეს და მოსრას ქალაქი ესე ჩუენ გამო მახჳლითა.
15 უთხრეს მეფის მორჩილებმა მეფეს: გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და, აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მორჩილნი. 15 მიუგეს მონათა მათ დავითს და ჰრქუეს: აქა ვართ, მეფე! ყოველი, რაცა გნებავს, იგიცა ვყოთ!
16 გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად. 16 და გამოვიდა მეფე და ყოველი სახლი მისი მკჳრცხლი. და დაუტევა მუნ მეფემან ათი დედაკაცი ხარჭთა მისთაგან მცველად სახლისა მისისა.
17 გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და გაჩერდნენ ერთ განაპირა სახლში. 17 და გამოვიდა მეფე და ყოველი ერი მის თანა მკჳრცხლი და დადგეს ზეთისხეოანსა მას უდაბნოსასა
18 მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს. 18 ყოველნი მონანი მისნი, და წარვიდეს მის თანა და მოვიდეს ყოველნი ქეტელნი და ყოველნი ფერეზელნი, და მის თანა ექუსასი კაცი, რომელნი მოსრულ იყვნეს გეთით. და მივიდოდეს მკჳრცხლნი წინაშე მეფისა.
19 უთხრა მეფემ ითაი გეთელს: შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი. 19 მაშინ ჰრქუა მეფემან ეთთის გეთელსა, ვითარმედ: რასათჳს მოხველ ჩუენ თანა? შეიქეც მუნვე და იყავ მეფისა თანა, რამეთუ კაცი უცხო ხარ შენა, რომელი აღდეგ ქუეყანით შენით გეთით და მოხველ ჩუენ თანა.
20 გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა. მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენიანები. მადლი და ერთგულება იყოს შენთან! 20 ხოლო დღეს არა გიტევებ მოსლვად ჩუენ თანა და მე წარვალ, სადაცა მიმავალ ვარ, და შენ მიიქეც და შეაქციენ ძმანიცა შენნი შენ თანა. და გიყოსთ უფალმან ღმერთმან წყალობა და ჭეშმარიტება მისი შენ თანა!
21

მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მორჩილიც იქ იქნება.

21

მიუგო ეთთი მეფესა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ ვიდრეცა უფალი ჩემი მეფე მიხჳდე, გინა თუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად მივიდე მეცა, მონა შენი!

22 უთხრა დავითმა ითაის: კეთილი, წამოდი. წაჰყვა ითაი გეთელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო. 22 მაშინ ჰრქუა დავით მეფემან ეთთის: წარმოვედ ჩემ თანა! და წავიდა ეთთი გეთელი.
23 ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ ყედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას. 23 და ყოველნი მონანი მისნი და ყოველი ერი მისი მის თანა ჴმითა მაღლითა ტიროდეს და აღვიდოდეს ნაღვარევსა მას კედრონისასა. და მეფე და ყოველი ძალი მისი ვიდოდეს გზასა მას ზედა.
24 იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან. 24 სადუკსა და ყოველთა ლევიტელთა მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ბეთარადდ. და დადგეს მუნ კიდობანი იგი, ვიდრე არა გამოკრბა ერი იგი ყოვლით ქალაქით.
25 უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს. 25 მაშინ ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: მიიღე კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ადგილსავე თჳსსა; უკუეთუ ვპოო მადლი წინაშე უფლისა, და მომაქციოს ადგილად თჳსა და ვიხილო დიდებაჲ მაგისი.
26 თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს. 26 უკუეთუ მრქვას მე, ვითარმედ: არა სათნო ხარ ჩემდა, ყავნ, რაცა სათნო არს წინაშე მისსა!
27 უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: გამჭრიახი კაცი ხარ, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე - თქვენი ორივე შვილი თქვენთან იქნებიან. 27 და ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: წარვედ შენ მშჳდობით ქალაქად და აქიმას, ძე შენი, და იონადაბ, ძე აბიათარისი, შენ თანა!
28 იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ახალი ამბავი არ მომივა თქვენგან. 28 და მე გელოდი ზეთისხილოვანსა მას უდაბნოსასა, ვიდრე არა მითხრან სიტყუაჲ თქუენ მიერ.
29 გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ. 29 და წარიღეს კიდობანი იგი სადუკ და აბიათარ მუნვე, იერუსალჱმდ, და დადგეს მუნ.
30 ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ. 30 და დავით აღვიდოდა აღმართსა მას ზეთისხილოვანისასა და ტიროდა და დაებურა თავი მისი, და მივიდოდა იგი უჴამური და ერი იგი თავდაკიდებულად და ფიჩუდაბურვილად და ტიროდეს.
31

შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.

31

და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აქიტობელცა თანაშემწე არს აბესალომისა! და თქუა დავით: უფალმან ღმერთმან ჩემმან განაქარვენ ზრახვა იგი აქიტობელისი!

32 მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და ხედავს, მოდის ხუშაი არქიელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი. 32 და ვითარცა მოვიდა დავით როსკედმდე თაყუანის-ცემად უფლისა, და მოეგებოდა მას ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახველი იგი მისი. და დაეპო სამოსელი მისი და მიწა თავსა გარდაესხა.
33 ჰკითხა დავითმა: თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები. 33 სიტყუად იწყო დავით და თქუა: მო-თუ-ხჳდე ჩემ თანა, ტჳრთ-მეყო მე.
34 მაგრამ თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მორჩილი ვარ, მეფეო. წინათ თუ მამაშენის მორჩილი ვიყავი, ამიერიდან შენი მორჩილი ვიქნები-თქო, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს. 34 არამედ მიიქეც ქალაქად, ესრე არქუ აბესალომს, ვითარმედ: წარვიდეს ძმანი შენნი და მამა შენი, მეფე. მინდა მისლვად მუნ, ხოლო აწ მონა შენი ვარ, მიტევე და ვცხონდებოდი შენს წინაშე. მაშინ მამისა შენისა, ხოლო აწ შენი ვარ მონა და განაქარვე ზრახვა აქიტობელისი.
35 განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი, მღვდლები? რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს, შეატყობინებ. 35 სადუკ და აბიათარ მღდელთმოძღუარნი და ყოველი ზრახვა, რაჲცა გესმეს მეფისაგან, უთხარ შენ სადუკს და აბიათარს,
36 იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. მათი მეშვეობით მომაწვდენი ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ. 36 და ორთა ძეთა მათთა: აქიმას და იონადაბს, რამეთუ მათ თანა არიან, და მაუწყეთ მე ყოველი სიტყუაჲ მათ მიერ, რასაცა იტყოდის მეფე იგი.
37 მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში. 37 და ვითარცა შევიდა ქუში ქალაქად, და აბესალომცა შემოსრულ იყო იერუსალჱმდ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე