ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ ამბების შემდეგ იყო, რომ დაეკითხა უფალს დავითი: შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა: შედი. თქვა დავითმა: სად შევიდე? მიუგო: ხებრონში.

1

და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ჯერმე-არს ჩემდა აღსლვად ერთსა მას ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ! და თქუა დავით: ვიდრე მივიდე? და ჰრქუა მას უფალმან: ქებრონად!

2 შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოაბი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი. 2 და აღვიდა დავით ქებრონად და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.
3 თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში. 3 და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყუნეს, თჳთეულად სახლეულითურთ მოვიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონსა შინა.
4 მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული. 4 მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი.
5 გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა მათ: კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი. 5 და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი.
6 უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ. 6 და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული.
7 ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ. 7 და აწ განძლიერდენ ჴელნი თქუენნი და იქმნნეთ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ მო-ღათუ-კუდა საულ, უფალი იგი თქუენი, აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდასმან მეფედ მათ ზედა.
8 ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, გადაიყვანა მახანაიმში, 8 და აბენერ, ძემან ნერისმან, სპასპეტმან საულისამან, მოიყვანა მემფიბოსთე, ძე იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას.
9 და გაამეფა გალაადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე. 9 და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა თარსისა ზედა და იეზრეილსა ზედა და ეფრემს და ბენიამენს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა.
10 ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე; ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს. 10 და იყო მემფიბოსთე, ძე საულისი, ორმეოც წლისა, რაჟამს დაჯდა მეფედ, და ორ წელ მეფობდა. ხოლო მისგან იუდასნი შეუდგეს დავითს.
11 დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე იყო შვიდი წელი და ექვსი თვე. 11 და იყო რიცხჳ დღეთა, რაოდენ მეფობდა დავით ქებრონს სახლსა ზედა იუდასა, შჳდ წელ და ექუს თუე.
12

გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის მორჩილნი მახანაიმიდან და მივიდნენ გაბაონს.

12

და გამოვიდა აბენერ, ძე ნერისი, და მონანი მემფიბოსთესნი, ძისა საულისანი, მის თანა ბანაკისა მისგან გაბაონადმი.

13 ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მორჩილნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ, ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი - მეორე ნაპირზე. 13 და იოაბ, ძე შარუელისა, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳვნეს იგინი ავაზანთა თანა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ, და იგინი მიერ.
14 უთხრა აბნერმა იოაბს: გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე. მიუგო: გამოვიდნენ! 14 მაშინ ჰრქუა აბინერ იოაბს: აღდგედ ყრმანი სიმღერად ჩუენ შორის! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ. და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი და ეგრეთვე მონათა ძეთა მათგან ბენიამენისთა, მონანი მემფიბოსთესნი, და ეგრეთვე მონათა მათგან დავითისთა.
15 ადგნენ და გამოვიდნენ თორმეტნი ბენიამინისა და იშბოშეთის, საულის ძის, მხრიდან და თორმეტნი დავითის მორჩილთა მხრიდან. 15  
16 ჩასჭიდეს ერთიმეორეს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. ეწოდა ამ ადგილს სახელად მახვილთა მინდორი, რომელიც გაბაონშია. 16 და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.
17 გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივნენ დავითის მორჩილთაგან აბნერი და ისრაელიანები. 17 და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა.
18 იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში. 18 და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა.
19 გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. 19 და წარექცია ასაელს აბინერ და სდევდა ერდგულად და არა უტევებდა მას მიქცევად მარჯულ და მარცხლ.
20 უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: ყასაელი ხარ? მიუგო: მე ვარ. 20 და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!
21 უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას. 21 და ჰრქუა მას აბენერ: განმეყენე ჩემგან და მიაქციე მარჯულ, ანუ მარცხენით, და მოვალს ერთი მონათა ჩემთაგანი და წარიღე ნაძარცვევი მისი! და არა უკმოიქცა ასაელ მისგან.
22 კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას, 22 და კუალად ჰრქუა მეორედ აბენერ ასაელს: გარეუკუნიქეც ჩემგან, კაცო, ნუუკუე გცე და მოგკლა შენ! და ვითარმე შევადგნე თუალნი იოაბს, ძმასა მას შენსა?
23

არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.

23

და არა უკუნიქცა ასაელ და გარემოიქცა აბენერ და სცა ჰოროლი თჳსი, და განსწონა ზურგსა მისსა, დაეცა და მოკუდა. და რაჟამს მოვიდიან ყოველნი იგი მდევარნი ადგილსა მას, სადა-იგი იდვა ასაელ მომკუდარი, არღარა სდევედ, არამედ ადგილობანსა ფერჴნი დაიპყრიან.

24 ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ დგას, გაბაონის უდაბნოს გზაზე. 24 მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს, და მოვიდეს ბორცუსა მას ამომანისასა, რომელ არს პირისპირ გაისსა, გზასა მას უდაბნოსა გაბაონისასა.
25 შეიყარნენ ბენიამინიანები აბნერთან, შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის წვერზე დადგნენ. 25 და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი, და შეუდგეს კვალსა მას აბენერისასა და დადგეს ბორცუსა ზედა ერთსა.
26 გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, რომ თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას? 26 სიტყვა იწყო აბენერ მიერ ბორცჳთ იოაბისა და ჰრქვა: ჰე, დაუპყრობელად მახჳლისა მაგის განტევებაჲ, ანუ არა უწყი, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე შეიქმნეს, ვიდრე არა უბრძანებ ერსა მაგას შენსა უკუნქცევად მოსრვისაგან ძმათა თჳსთასა?
27 უთხრა იოაბმა: ღმერთია მოწმე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას. 27 მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი! თუმცა არა გეთქვა სიტყუაჲ ეგე, ამას ღამესა გეხილვამცა ამის ყოვლისა ერისა ჩემისა ჴელი თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა.
28 ჩაჰბერა ბუკს იოაბმა და შედგა ხალხი; აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს. 28 აწ უბრძანა იოაბ სწრაფით დაბერვა ნესტჳსა ერსა მას, აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, არცა ყვესღა ბრძოლა.
29 აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ტრამალზე, გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ბითრონი და მიაღწიეს მახანაიმს. 29 და აბენერ და ერი იგი მისი წავიდეს ღამე ყოელ დასავალით კერძო ვიდრე კიდედმდე იორდანისა. და წიაღჴდეს მიერ სწრაფით და მოეფინეს მდინარისკიდესა მას ვიდრე მისლვადმდე ბანაკთა მათ.
30 იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. დავითის მორჩილთ აკლდა ცხრამეტი კაცი და ყასაელი. 30 და იოაბ მოიქცა აბენერისგან და შეკრიბა ერი იგი დავითისი და აღლუმი ყო ანდერზობით, და იპოვნეს მოკლულნი ერისაგან ვითარ ათცხრამეტი კაცი, და ასაელ მათ თანა.
31 ხოლო დავითის მორჩილებმა ბენიამინიანთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს სამას სამოცი კაცი. 31 ხოლო დავითის ერთა, რომელ მოსწყდეს ძეთაგან ბენიამენისთა და კაცთა ებენერისთა, სამასსამეოცი კაცი.
32 წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში; იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ. 32 და წარიღეს ასაელ და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისასა ბეთლემს. და წარვიდეს იოაბ და ერი იგი ღამე ყოელ და განუთენა მათ ქებრონს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე