ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.

1

და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამთა წელთა ზედასაზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისათჳს და სახლისა მისისათჳს არს უსჯულოებაჲ ეგე, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა.

2 დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო. 2 და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა.
3 უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო. 3 და ჰრქუა დავით გაბაონელთა: რა გიყო თქუენ, რათა ლხინება-ვყო წყევისა ამისთჳს და თქუენ მაკურთხეთ მე და სამკჳდრებელი ღმრთისა?
4 მიუგეს გაბაონელებმა: არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მის სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში. თქვა მეფემ: რასაც იტყვით, აგისრულებთ. 4 და ჰრქუეს დავითს გაბაონელთა: არა გჳჴმს ჩუენ ოქრო და ვერცხლი, არცარა ძჳრი სახლისა ისრაჱლისა, არამედ საქმე ჩუენი სახლისა მიმართ საულისა არს! და ჰრქუა მათ დავით: რა გინებსთ, რათა გიყონ თქუენ?
5 უთხრეს მეფეს: რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან, 5 და მათ ჰრქუეს: არამედ კაცმან, რომელმან მოგუსრნა ჩუენ და შეურაცხ-გუყვნა, მოვსრათ იგიცა, რათა არა ვხედვიდეთ საზღუართა შინა ისრაჱლისათა!
6 ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ. 6 აწ მოგუცენ ჩუენ შჳდნი კაცნი ძეთა მისთანი და ლხინება იყოს ჩვენდა მათ მიერ უფლისა მიმართ ბორცუსა მას ზედა საულისასა შესაწირავად უფლისა! და ჰრქუა მათ დავით მეფემან: მე მოგცნე იგინი.
7 დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა საუფლო ფიცის გამო, რომელიც დიდებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის. 7 და იჭირვოდა მეუფე მემფიბოსთესთჳს, ძისა იონათანისა, ძისა საულისა, რათამცა არა მოსცა მათ სიკუდილად ფიცისა მისთჳს; რომელ-იგი ფიცება იყო შორის დავითისა და შორის იონათანისა, ძისა საულისა.
8 წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს, 8 და მოუხუნა მეფემან ორნი ძენი რეფას, ასულსა აიასსა, რომელნი უშუნა საულს: ერმონი და მემფიბოსთე და ხუთნი ძენი მელქოლისნი, ასულსა საულისსა, რომელნი უშუნა იეზრიელ, ძისა იერზელისა, მოვლათელისა.
9 და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში. 9 და მისცნა იგინი გაბაონელთა მათ და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა და მოსწყჳდნეს შჳდნივე იგი ძენი მათნი ასლობისა და ქრთილისა მკის დღეთა.
10 აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ მხეცებს. 10 და რეფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისამან, მოიღო ძაძა და ნაცარი დაიფინა კლდესა მას ზედა, ვიდრე არა ეწვიმა ღმრთისა მიერ და სცვიდა ძვალთა მათ დაზორვილთა, ვიდრე არა დაირღუეს იგინი მუნვე. და არა შეეხო მათ მფრინველი, არცა მჴეცი.
11 შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, საულის ხარჭამ. 11 და უთხრეს დავითსა საქმე ესე, რა-იგი ყო რესფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისმან.
12

მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთშანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა გილბოაყში საული.

12

და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძვალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათგან იაბის გალადისთა, რომელ წარიპარნეს ურაკპარაკთაგან ბეთსამისა და ძეგლად ქმნეს უცხოთესლთა მათ დღესა მას, ოდეს დასცნეს უცხოთესლნი გელბეთს.

13 ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები, და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც. 13 მოიღო მუნით ძვალნი საულისნი და ძვალნი იონათანისნი, ძისა მისისა, და შეკრიბნა დაზორვილნიცა იგიცა.
14 დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მისი მამის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება. 14 და დაფლნა ქუეყანასა ბენიამენისასა მახლობელად საფლავსა მას კისისასა, მამისა მისისასა. და ყოველივე ყვეს, რომელიცა უბრძანა მათ მეფემან. მაშინღა ულხინა უფალმან ქუეყანასა მას წყევისა მისგან მათისა.
15 კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი. 15 ამისა შემდგომად იწყო წყობა უცხოთესლთა მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერითურთ უცხოთესლთა მათ და დაჴსნდა დავით ღუაწლსა მას ბრძოლისასა.
16 იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა. 16 და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი.
17 მაგრამ მიეშველა მას აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო. 17 და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა.
18 ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბქა ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო. 18 და იყო, ამისა შემდგომად წყობა იყო უცხოთესლთა მიმართ გეთს, მაშინ მოსწყჳდნა სობოქა ოსათისა საფ არაფისა, ნათესავმან გმირთამან უცხოთესლნი იგი.
19 კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; ელხანან იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გეთელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. 19 მერმე კუალად წყობა იყო უცხოთესლთა მათ როთს და მოკლა ადეოდად სალთის ძემან, პოლიმარის ბეთლემელმან, გოლიათ გეთელი. და ბუნი ჰოროლისა მისისა იყო, ვითარცა ლვილი ქსელთა.
20 კიდევ მოხდა ბრძოლა გეთში; იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო. 20 და კუალად იყოღავე ღუაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მიმართ გეთს. და იყო მუნ კაცი ერთი რაზეთ და თითნი ჴელთა და ფერჴთა მისთანი ესხნეს ექუს-ექუს, რიცხჳთ ოცდაოთხ და ნათესავი იყო გმირთა.
21 დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყის ძემ, დავითას ძმისწულმა. 21 დადგა იგი შორის განწყობილთა მათ და ჰყუედრებდა ერსა მას ისრაჱლისასა, და განუჴდა მას იონადაბ, ძე სამაჲსი, და მოკლა იგი ძმისწულმან დავითისმან.
22 ეს ოთხი ეყოლა რაფას გეთში; ყველა ესენი დავითსა და მისი ხალხის ხელით დაეცნენ. 22 ესე ოთხნივე იყვნენ ნათესავნი გმირთანი, რომელნი იყუნეს გეთს სახლისაგან რაფასისა. და მოსწყჳდნა იგინი დავით ერითა თჳსითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე