ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა.

1

და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

2 შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში; პირმშო ამნონი იზრეყელელ ახინოყამისგან. 2 და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.
3 მისი მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა. 3 და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.
4 მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი. 4 მეოთხე იგი მისი ადონია, ძე აგგითასი, და მეხუთე იგი მისი საფატია, ძე ამიტალისგან
5 მეექვსე, ყეგლას შვილი, დავითის ცოლისა; ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს. 5 და მეექუსე იგი იეთერამ იგალასგან, ცოლისა მის დავითისი. ესენი ესხნეს დავითსა ქებრონს.
6 საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლაში აბნერს საულის სახლის მხარი ეჭირა. 6 და იყო ბრძოლა შორის სახლსა საულისა და სახლსა დავითისასა. და აბენერ იყო ჴელმწიფე სახლსა საულისასა.
7 ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. უთხრა იშბოშეთმა აბნერს: რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან? 7 და საულისი იყო ხარჭი ერთი ქალი და შეირთო იგი ცოლად აბინერ, ძემან ნერისმან, და სახელი ქალისა მის რესფა, ასული ულასი. მაშინ ჰრქუა იებოსთე, ძემან საულისამან, აბენერს:
8 ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ? დღეს სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ? 8 რასათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისა ცოლად? და განრისხნა აბენერ ფრიად და ჰრქვა იებოსთეს, ვითარმედ: ძაღლისთავ ვარი მეა? აცადე აწ, რამეთუ წყალობა ვყავ სახლსა მას ზედა საულ, მამისა შენისასა, ძმათა და ნათესავთა მისთათჳს და არა მივედ სახიდ დავითისა! და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებელად ქალისა ერთისათჳს ჯერკუალისა?
9 ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი, 9 ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!
10 მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე. 10 რამეთუ დღეს მიეღო მეფობა სახლსა მას საულისასა და აღემართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედან და სახლსა მას ზედან იუდასსა დანითგან ბერსაბედამდე!
11

სიტყვა ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.

11

განკრთა იებოსთე სიტყჳსა ამისთჳს და ვერარა მიუგო სიტყუაჲ აბენერს შიშისა მისგან.

12 გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: ვისია ქვეყანა? ეთქვათ: შეკარი კავშირი ჩემთან და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი. 12 და წარავლინა აბენერ მოციქული დავითისა თესალმუსის ქუეყანასა და ჰრქვა მას: აღმითქუ მე აღთქმა, და ჴელნი მიგცნე შენ და მოვაქციო ყოველი ისრაჱლი შენდა!
13 თქვა დავითმა: კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ: ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მელქოლა, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ. 13 და ჰრქუა დავით: კეთილ არს! ეგრე ვყო, გარნა სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა იხილო პირი ჩემი, ვიდრემდის არა მოიყვანო ცოლი ჩემი მელქოლ, ასული საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.
14 გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: მომეცი ჩემი ცოლი მელქოლა, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე. 14 და წარავლინა დავით მოციქული იებოსთეს, ძისა მის საულისა, და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქოლ, რომელი მოვიგე მე ასეულითა მით წინადაუცუეთელებით უცხოთესლთასა!
15 გაგზავნა კაცი იშბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისგან. 15 და წარავლინა იებოსთე და მოუღო ქმარსა თჳსსა ფალტიას, ძესა სელლასა.
16 წამოჰყვა ქმარი ქალს და გამუდმებით მოსტიროდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: წადი, გაბრუნდი. და ისიც გაბრუნდა. 16 და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა იგი, ვიდრე მოჰყვანდა მელქოლ ბარაკადამდე: მაშინ ჰრქუა აბენეზერ ფალტიას, ვიდრე თანაუვიდოდა მაგას: წარვედ სახიდ შენდა! და მუნთქუესვე უკუნიქცა ფალტია და წარვიდა.
17 დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ. 17 და ჰრქუა აბენერ მოხუცებულთა მათ ისრაჱლისათა: გუშინ და ძუღან ეძიებდით დავითსა, გინდა მეფობაჲ მისი თქუენ ზედა.
18 ახლა აღასრულეთ ეს, რადგან უბრძანებია უფალს დავითზე: ჩემი მორჩილის დავითის ხელით, უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან. 18 აწ აღასრულეთ ნება თქუენი და მიდით მის წინაშე! რამეთუ იტყოდა უფალი დავითისთჳს, თქუა: ჴელითა დავითის, მონისა ჩემისათა, ვიჴსნა ერი ჩემი ისრაჱლი უცხოთესლთაგან და ყოველთაგან მტერთა მათთასა!
19 ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელს სახლს. 19 და ეტყოდა აბენერ ყურთა ბენიამენისთა. და წარვიდა აბენერ თხრობად დავითისა ქებრონს სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს ძეთა ისრაჱლისათა და ყოველმან სახლმან ბენიამენისამან.
20 მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს. 20 და მივიდა აბენერ დავითის თანა ქებრონად და მის თანა იყო ოც ოდენ კაცი. და ყო დავით აბენერისთჳს და კაცთა მათ, რომელ მის თანა იყუნეს, სიხარული და შვება დიდი.
21

უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.

21

და ჰრქუა აბენერ დავითს: აწ განმიტევე მე და წარვიდე და შემოგიკრიბო უფალსა ჩემსა ყოველივე ისრაჱლი და დავდვა აღთქმა ჩემი შენდა მიმართ! და მეფობდე ყოველსა ზედა, რომელთა ჰნებავს სულსა შენსა! უჯმნა დავით აბენერს და წარვიდა მშჳდობით მუნთქუესვე.

22 ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით. 22 და, აჰა, იოაბ და მონანი დავითისნი მოვიდეს ბანაკისა მისგან დიდითა ნატყუენავითა, ხოლო იოაბ არა იყო დავითისა თანა ქებრონად, რაჟამს მიავლინა და წარვიდა მშჳდობით,
23 მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით. 23 იოაბ და ყოველი ერი მისი, ვითარცა მოვიდნენ და მიუთხრეს იოაბს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდა აბენერ, ძე ნერისი, დავითისა და განუტევა იგი მშჳდობით და წარვიდა მუნთქუესვე.
24 მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე. 24 შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: რა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვიდა შენდა აბენერ, ძე ნერისი, და შენ განუტევე იგი, წარვიდა მშჳდობით?
25 ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ. 25 ანუ შენ არა იცოდეა უკეთურება იგი აბენერისი, რამეთუ შეტყუვილად შენდა მოვიდა იგი და განცდად შესავალ-გასავალთა შენდა ცნობად, რასა შენ იქმ?
26 გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს. 26 და გამოვიდა იოაბ მეფისაგან, დასწინა მოციქულნი აბენერს და მიაქციეს იგი გარე ჯურღმულითგან სეირისა და დავით არა იცოდა.
27 როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ. 27 უკუმოქცევასა აბენერისასა მიეგებოდა იოაბ და მიაქცია გუერდით კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკჳთ, და უგმირა გუერდსა მისსა მახჳლი და მოკლა იგი, და მოკუდა აბენერ ნაცვლად ასაელისა სისხლისათჳს ძმისა იოაბისასა.
28 როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში. 28 ამისა შემდგომად, ვითარცა ესმა დავითს, თქუა: უბრალო ვარი მე და მეფობა ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნისამდე, სისხლისაგან აბენერისა, ძისა ნერისა.
29 დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული! 29 ხოლო სისხლი იგი აბენერისი თავსა ზედან იოაბისასა იყავნ და ყოველთა ზედან სახლსა მამისა მისისასა! და ნუ მოაკლოს სახლსა იოაბისასა უბითა ხაშმი, კეთროვანი, და პურის-მთხოველი, და მახჳლითა მომკუდარი და სიყმილითა.
30 ხოლო იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში, გაბაონთან. 30 იოაბ და აბესა, ძმა მისი, უმზირდეს მარადის აბენერს მოკლვად ნაცვლად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოკლა ბრძოლასა შინა გაბაონს.
31

უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელს ხალხს: შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.

31

და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა ერსა, რომელნი მის თანა იყუნეს: ჴელი მიჰყავთ საყელესა, მოიპეთ სამოსელი თქუენი და შთაიცჳთ ძაძა და სტიროდეთ აბენერს! და თავადი მეფე წინაუძღოდა საქუმელთა მათ აბენერისთა.

32 როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი. 32 და მოიღეს და დაფლეს იგი ქებრონს. აღიღო ჴმაჲ მეფემან, სამარესა მას ზედა ტიროდა და ატირებდა ერსა მას აბენერსა ზედა.
33 იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი? 33 შეასხმიდა, ჴმითა გოდებდა და იტყოდა: მსგავსად სიკუდილისა მის უგუნურისა მოკუდა აბენერ!
34 ხელი შეკრული არა გქონია, ფეხებზე ბორკილები არა გდებია. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან. კიდევ უფრო ატირდა ხალხი. 34 ჴელნი შენნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი შენნი ბორკილითა. პირველად, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უსჯულოებისათა დაეცა და შეკრბა ყოველი ერი ტირილად მისსა.
35 ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე. 35 და მოვიდა ყოველი ერი წინაშე დავითისა და ეტყოდეს მას, რათა ჭამოს პური, ხოლო მან არა ინება. და ფუცა დავით და თქუა: ესე მიყავნ ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ ვჭამო პური, გინა სხუა რამე ვიდრე მწუხრამდე.
36 მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა. 36 ვითარცა ესმა ერსა მას, სათნო-უჩნდა მათ ყოველივე, რაჲცა ყო დავით.
37 გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელრაში. 37 და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, რამეთუ ბრძანებითა მეფისათა არა იყო სიკუდილი აბენერისი, ძისა ნერისი.
38 უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა დღეს ისრაელში? 38 სიტყუად იწყო მეფემან ერისა მისა და ჰრქუა: არა იცითა, რამეთუ დღეს მთავარი დიდი დაეცა ისრაჱლსა შორის?
39 მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბორიატების წილ! 39 ანუ არა უწყით, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და ჴელმწიფე დიდი მოკუდა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შარუელისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებითა ჩემსა უფროს. მიაგენ მათ უფალმან საქმეთა მათთაებრ უკეთურთა!

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე