ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.

1

ვითარცა ესმა ესე იებოსთეს, ვითარმედ მოკუდა აბენერ ქებრონს, დაჴსნდეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ერი იგი ისრაჱლისა შეძრწუნდა.

2 ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს - რექაბი; რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ტომიდან, რადგან ბეეროთი ბენიამინს ეკუთვნოდა. 2 და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.
3 თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ. 3 რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.
4 იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი. 4 და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.
5 წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები - რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით. 5 და მოვიდეს ძენი იგი რემოისნი, ბეროთეანისანი: რექაბ და ბანეა, ძმა მისი, და შევიდეს სახიდ იებოსთესა, და მას ეძინა სასვენებელსა შინა თჳსსა.
6 აჰა, შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. მერე მიიმალნენ რექაბი და მისი ძმა ბაყანა. 6 და მეკარეცა მირულებულ იყო, რომელი სცვიდა მას, და რექაბ და ბანეა დაიმალნეს.
7 შევიდნენ სახლში, როცა თავის საწოლზე ეძინა, საძილე ოთახში; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს უდაბნოს გზით. 7 შევიდეს იდუმალ და მოკლეს იებოსთე, მძინარე სასვენებელსა ზედა, საწოლსა შინა, და მოკუეთეს თავი მისი და წარიღეს დასავლის კერძო ღამე ყოელ.
8 მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი სიკვდილი უნდოდა. შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან. 8 და მოართუეს დავითს ქებრონად და ჰრქუეს მეფესა: აჰა, ესერა, თავი იებოსთესი, ძისა საულისი, მტერისა შენისა, რომელი გეძიებდა შენ მოკლვად! მოგცა შენ უფალმა, უფალსა ჩუენსა, შურის-გებაჲ მტერთა მისთა საულისი და ყოვლისა სახლისა მისისა.
9 მიუგო დავითმა რექაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: ვფიცავ უფალს, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისაგან! 9 მიუგო დავით რექაბსა და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა რემონისთა ბეროთელისა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!
10 თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად რომ სამახარობლო მიმეცა, 10 ვითარცა, რომელმან მითხრა მე სიკუდილი საულისი და მას ეგონა, ვითარმედ კეთილსა რასმე ვახარებო და მუნთქუესვე მო-ხოლო-ვკალ იგი სეკელას, რომლისა ვინ უწყის, თუ ჯერ-იყო ჩემდა მიცემად ხარებისა მისისათჳს.
11 რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოგკითხოთ მისი სისხლი და აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან. 11 და აწ კაცთა მაგათ უკეთურთა შეხუედით და მოჰკალთ კაცი მართალი სასვენებელსა შინა. ეგრეთვე ვიძიო შური ჴელთაგან თქუენთა და მოგსპო თქუენ ქუეყანით!
12 უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი, ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში. 12 და უბრძანა დავით მონათა თჳსთა და მოსწყჳდნეს იგინი, და ჩამოჰკიდნეს იგინი გოდოლსა ქებრონს, მოჰკუეთეს ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დამოჰკიდეს იგინი გოდოლსა ქებრონისასა, და თავი იგი მიიღეს და დაფლეს საფლავსა მას აბენერისა, ძისა ნერისა, ქებრონს შინა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე