ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამტკიცდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.

1

და განძლიერდა სოლომონ, ძე დავითისი, მეფობასა მისსა ზედა, და უფალი ღმერთი მისი იყო მის თანა და განადიდა იგი სიმაღლედ.

2 მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს. 2 და ჰრქუა სოლომონ ყოველსა ისრაჱლსა, ათასისთავთა, და ასისთავთა, და მსაჯულთა და ყოველთა მთავართა წინაშე ისრაჱლისათა, და ყოველთა მთავართა ტომთასა.
3 გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში. 3 და წარვიდა სოლომონ და ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა მაღალსა მას მთასა, რომელი არს გაბაონს, სადა-იგი იყო კარავი საწამებელი ღმრთისაჲ, რომელი ქმნა მოსემ, მონამან უფლისამან, უდაბნოსა ზედა.
4 ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი. 4 არამედ კიდობანი იგი ღმრთისაჲ აღმოიღო დავით ქალაქით კარიათიარიმით, რამეთუ განუმზადა მას საყოფელი დავით იერუსალჱმს.
5 სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა. 5 და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა ბესელიელ, ძემან ურიასმან, ძისა ორისმან, მუნ იყო წინაშე კარავისა მის უფლისა, და გამოიძია იგი სოლომონ და კრებულმან მან.
6 ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომაა და ათასი აღსავლენი აღავლინა მასზე. 6 და შეწირა მუნ სოლომონ საკურთხეველსა მას ზედა რვალისასა წინაშე უფლისა, რომელი იყო კარავსა შინა საწამებელისასა და მოიღო და შეწირა მას ზედა ყოვლად დასაწველები ათასი.
7 იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე? 7 მას ღამესა ეჩუენა ღმერთი სოლომონს და ჰრქუა მას: ითხოე, რაჲცა გნებავს და მე მიგცე შენ.
8 უთხრა სოლომონმა ღმერთს: დიდად წყალობდი მამაჩემს დავითს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე. 8 და ჰრქუა სოლომონ ღმერთსა: შენ ჰყავ დავითის თანა, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი და მეფე-მყავ მე მის წილ.
9 უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე, 9 და აწ, უფალო ღმერთო, სარწმუნო იყავნ სახელი შენი დავითის თანა, მამისა ჩემისა! და შენ მყავ მე მეფე ერსა ამას ზედა მრავალსა, ვითარცა მიწასა ქუეყანისასა.
10

სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?

10

და აწ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მომეც მე, რათა განვიდოდი წინაშე ამის ერისა და შევიდოდი, რამეთუ ვინ შჯიდეს ერსა ამას შენსა დიდსა.

11 უთხრა უფალმა სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, 11 და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ
12 გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს. 12 სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მიგცე შენ და სიმდიდრე, ფასი და დიდებაჲ ყოველივე მიგცე შენ, ვითარმედ არა ვინ იყოს მსგავს შენდა მეფეთა შორის უწინარესთა შენთა და შემდგომად შენსა არა ვინ იყოს ეგრეთ.
13 გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე. 13 და მოვიდა სოლომონ ბამათ, რომელ არს გაბაონისა, იერუსალიმდ პირისაგან კარვისა საწამებელისა და მეფობდა ისრაჱლსა ზედა.
14 თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს. ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. 14 და შეკრიბა სოლომონ ეტლები და მჴედრები, და იყო მისი ათას და ოთხას ეტლი და ათორმეტი ათასი მჴედართა; და დაადგინნა იგინი ქალაქებსა მას ეტლებისასა და ერი იგი იყო მეფისა თანა იერუსალჱმს.
15 ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. 15 და დადვა მეფემან ვეცხლი და ოქრო იერუსალჱმს, ვითარცა ქჳშა და ნაძჳ ლიბანისა. და ჰურიასტანს, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,
16 სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ კევედან საფასურით. 16 და გამოსლვა ცხენებისა სოლომონისათა ეგჳპტით და სასყიდელი ვაჭართა მეფისათა,
17 ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც. 17 მისულად და სყიდად. და აღმოვიდიან და მოიღიან ეგჳპტით ეტლი ერთი ექუსასი ვერცხლისა და ცხენი ასერგასის. და ეგრეთცა ყოველთა მეფეთა ქეტელთა და მეფეთა ასურეთისათა მოაქუნდა ჴელითა მათითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე