ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელისთვის და სამეფო სახლის აშენება თავისთვის.

1

და თქუა სოლომონ შენება სახლისა სახელისათჳს უფლისა და სახლი სამეუფო თჳსი.

2 სოლომონმა აღრიცხა სამოცდაათიათასი მტვირთავი, ოთხმოციათასი ქვის მჭრელი მთაში და სამიათას ექვსასი მათი ზედამხედველი. 2 და შეკრიბა სოლომონ სამეოცდაათი ათასი კაცთა ზურგით მოტჳრთეთა და ოთხმეოც ათასი მკუეთელი ქვისა მთასა და ზედამდგომელნი მათნი სამ ათას ექუსასნი.
3 შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ტვიროსის მეფეს: როგორც მამაჩემს დავითს ექცეოდი და ნაძვებს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ასე მომექეციო. 3 და მიუვლინა სოლომონ ქირამს, მეფესა ტჳროსისასა, და ჰრქუა: ვითარცა-იგი ჰყავ მამისა ჩემისა, დავითის თანა და მოუძღუანე მას ძელი ნაძჳსა შენებისათჳს სახლისა მისისა დამკჳდრებად მას შინა.
4

აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.

4 და, აჰა, ესერა, მეცა, ძე მისი, ვაშენებ სახლსა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა წმიდა-ყოფად იგი მისა კუმევად საკუმეველი წინაშე მისსა და სარგებელი მარადის და შეწირვად მსხუერპლები სამარადისო განთიად, მწუხრი და შაბათთა და ახალთუეთა დღესასწაულთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ ესე ისრაჱლსა ზედა
5 დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია. 5 და სახლსა, რომელსა ვაშენებ მე, დიდ არს, რამეთუ დიდია ღმერთიცა ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა.
6 ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცათა ცანიც ვერ იტევს? ან მე ვინღა ვარ, რომ მის წინაშე საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო? 6 და ვინმე შეუძლოს შენებად მისა სახლი? რამეთუ ცანი და ცანი ცათანი ვერ იტჳრთვენ დიდებასა მისსა და ვინ ვარ მე, რომელი უშენებ მას სახლსა? არამედ კუმევად ხოლო საკუმეველისა წინაშე მისსა.
7 ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც მამაჩემმა, დავითმა, მოამზადა. 7 და აწ მომივლინე მე კაცი ბრძენი და მეცნიერი, მოქმედი ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა ძოწეულითა და მეწამულითა და ვიაკინთოჲთა და რომელმან იცოდის ქანდაკება ქანდაკისა ბრძენთა თანა ჩემთა ჰურიასტანს და იერუსალჱმს, რომელი მომზადა დავით, მამამან ჩემმან
8 ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხეები, კვიპაროსები და სანდალოზის ხეები, რადგან ვიცი, რომ შენმა მორჩილებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან, 8 და მომიძღუანე მე ძელი ნაძჳსა, ფიჭჳსა და საროსა ლიბანით, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მონათა შენთა იციან კაფა ლიბანით. აჰა, ესერა, მონანიცა ჩემნი მონათა შენთა თანა მივიდენ,
9 რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს. 9 რათა მომიმზადონ მე ძელნი მრავლად, რამეთუ სახლსა რომელსა მე ვაშენებ, დიდ არს და დიდებულ.
10

აჰა, ვაძლევ ტყისმჭრელებს, ხეებს რომ ჩეხავენ, შენს მორჩილთ, ოციათას ქორ ხორბლის ფქვილს, ოციათას ქორ ქერს, ოციათას ბათ ღვინოსა და ოციათას ბათ ზეთს.

10

და, აჰა, ესერა, მოქმედთა მათ, რომელნი კაფდენ ძელსა, მივეც საზრდელად მათ იფქლი ნიჭად მონათა შენთა ოც ათასი საწყაული, და ოც ათასი საწყაული ქრთილისა, და ღჳნისა საწყაული ოც ათასი და ზეთის საწყაული ოც ათასი.

11 ხურამმა, ტვიროსის მეფემ, წერილით უპასუხა სოლომონს და შეუთვალა: რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ. 11 და თქუა ქირამ, მეფემან ტჳროსისამან, წიგნითა და მოუძღუნა სოლომონს, ვითარმედ: სიყუარულითა უფლისა ერისა მისისათა მოგცა შენ მეფედ მათ ზედა.
12 კიდევ ეს უთხრა ხურამმა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისათვის და სამეფო სახლს თავისთვის. 12 და თქუა ქირამ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან მოსცა დავითს მეფესა ძე ბრძენი და მეცნიერი გულისხმის-ყოფისა და სწავლულებისა, რომელმან უშენოს სახლი უფალსა და სახლი სამეუფო თჳსი.
13 ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს - ხურამ-აბის, 13 და აწ მიგივლინე შენ კაცი ბრძენი და რომელმან იცის მეცნიერებაჲ - ქირამ, მონა ჩემი.
14 დანელი ქალის ძეს, მამით ტვიროსელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეული და ლურჯი ნართების, სელის და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად. 14 დედა მისი ასულთაგან დანისთა, და მამა მისი - კაცი ტჳრელი, იცის საქმე ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა, ქვითა და ძელითა, და ქსვა ძოწეულითა და იაკინთითა და ბისონითა მეწამულითა, ქანდაკებად ქანდაკისა და განზრახვად ყოველივე განზრახვა, რომელნიცა მოსცე მას ბრძენთა შენთა თანა და ბრძენთა დავითის, მეფისა ჩემისა და მამისა შენისათა
15 ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მორჩილთ რომ შეჰპირდა. 15 და აწ იფქლი და ქრთილი და ზეთი და ღჳნო, რაოდენი თქუა უფალმან ჩემმან, მონათა შენთათჳს მოუძღუანენ.
16 ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იოფისკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე. 16 და ჩუენ მოვკაფოთ ძელი ლიბანით ყოვლისაებრ საჴმრისა შენისა. და მოვიღოთ იგი ტივებითა ზღუად იოპესა. და შენ აღიღე იგი იერუსალჱმდ.
17 აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო. და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი. 17 და შეკრიბა სოლომონ ყოველი კაცი მწირი ქუეყანისა ისრაჱლისა შემდგომად აღრაცხისა მის, რომელნი-იგი აღრაცხნა დავით, მამამან მისმან, და იპოვნეს ასერგასის ათას და სამ ათას ექუსას.
18 მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი - ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი - ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ. 18 და ყო მათგან სამეოცდაათი ათასი ზურგით მოტჳრთე და ოთხმეოცი ათასი მკუეთელი ქვისა და სამ ათას ექუსასი მაწუეველი მოქმედთა ზედა ერსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე