ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.

1

და ამისა შემდგომად მოვიდეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი და მათ თანა მინელელთაგანნი იოსაფატისა ბრძოლად.

2 მოვიდნენ, ამბავი მიაუტანეს იოშაფატს და უთხრეს: დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ყენ-გედიში. 2 და მოვიდეს და უთხრეს იოსაფატს და ჰრქუეს: მოვალს შენ ზედა ერი მრავალი წიაღკერძონი ზღჳსა ასურეთით, და აჰა, არიან იგინი ასარსათანს, რამეთუ ესე არს გადდი.
3 შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა. 3 და შეეშინა იოსაფატს ფრიად და მისცა გული თჳსი გამოძიებად უფლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე
4 შეიკრიბა იუდა უფლისგან შემწეობის სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფლის საძიებლად. 4 და შეკრიბა ყოველი იუდა გამოძიებად უფლისა
5 წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ, 5 და აღდგა იოსაფატ კრებულსა შორის იუდასსა, სახლსა შინა უფლისასა, წინაშე ეზოსა მას კარვისასა,
6 და თქვა: უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არის ძალა და სიმტკიცე. არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს. 6 და თქუა: უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო! შენ ხარ ღმერთი ცათა შინა და შენ უფლებ ყოველთა ზედა მეფეთა თესლთასა და ჴელთა შინა შენთა არს ძალი ძლიერებისა და არა ვინ არს წინააღმდგომ შენდა.
7 განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი სამარადისოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას? 7 შენ ხარ ღმერთი, რომელმან მოსრენ მკჳდრნი ამის ქუეყანისანი წინაშე ერისა შენისა ისრაჱლისა და მიეც იგი ნათესავსა აბრაჰამისსა, საყუარელისა შენისასა, საუკუნოდ,
8 დამკვიდრდნენ იქ, საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს: 8 და დაემკჳდრნეს მას ზედა და აღაშენეს მას შინა სიწმიდე სახელისა შენისათჳს და თქუეს:
9 თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება. მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი. 9 უკუეთუ მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი, ანუ მახჳლი, ანუ სასჯელი, ანუ სიკუდილი, ანუ სიყმილი, ვდგეთ წინაშე სახლისა ამის და წინაშე შენსა, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს სახლსა ამას და ვღაღადებდეთ შენდა მიმართ ჭირისა ამისთჳს მომავლისა ჩუენ ზედა და ისმინო და მიჴსნნე ჩუენ
10 აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათზე გავლის ნება რომ არ დართეს ისრაელიანებს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი. 10 და აწ, ესერა, ძენი ამონისნი და მოაბ და მთისა სეირისანი, რომელნი არა მოსცენ ისრაჱლსა განსლვად მათ მიერ და მოსლვასა მას მათსა ეგჳპტით, რამეთუ მოიქცეს მათგან და არა მოსრნეს იგინი.
11

ახლა სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე.

11

და აწ, აჰა, ესერა, მათ იწყეს ჩუენ ზედა მოსლვად და განსხმად ჩუენდა სამკჳდრებელით ჩუენით, რომელი-იგი მომეც ჩუენ.

12 ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი. 12 უფალო, ღმერთო ჩუენო! არა საჯო მათ შორის, რამეთუ არა არს ჩუენდა ძალ წინააღმდგომად მათა ესეოდენსა ამას სიმრავლესა დიდსა, რომელნი ესე მოსრულ არიან ჩუენ ზედა და არა ვიცით, რაჲ ვყოთ მათთჳს, არამედ შენდა მიმართ მხედვარ არიან თუალნი ჩუენნი.
13 მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით. 13 და ყოველი იუდა დგა წინაშე უფლისა და ყრმანი მათნი და ცოლნი მათნი,
14 მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იეხაზიელზე, ძეზე ზაქარიასი, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან. 14 და ოზიელის ზედა, ძისა ზაქარიასა, ძეთაგან ბანესთა, ძეთა ელეელისთა, ძეთა მათთანისასათა და ლევიტელისათა ძეთაგანთა ისაფისთა. და იყო მის ზედა სული უფლისაჲ კრებულსა მას შორის
15 და თქვა: ყური მიგდე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. 15 და თქუა: ისმინეთ იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა, მეფემან იოსაფატ! ამას იტყჳს უფალი, ნუ გეშინინ თქუენ მათთჳს და ნუცა შეძრწუნდებით პირისაგან ერისა ამის მრავლისა, რამეთუ არა თქუენი არს ბრძოლა, არამედ უფლისაჲ.
16 ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოდიან. ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ. 16 ხვალე გარდავედით მათა, აჰა, ეგერა, აღმოვლენ იგინი აღმოსლვასა მას გამომატებულსა ასერისასა და პოვნეთ იგინი თავსა მას ზედა მძინარისა მის უდაბნოსა იერიელისასა.
17 ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადქით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო! ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან. 17 არა არს თქუენი ბრძოლა ესე, გულისხმა-ყავთ და იხილეთ მაცხოვარებაჲ უფლისა თანა, იუდა და იერუსალიმ! ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით ხვალე განსლვად და წყობად მათა, რამეთუ უფალი არს თქუენ თანა.
18 იოშაფატი პირქვე დაემხო მიწაზე. მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის წინაშე დაემხვნენ უფლის თაყვანისცემად. 18 და მოდრკა იოსაფატ პირსა ზედა თჳსსა და ყოველი იუდა, მკჳდრნი იერუსალჱმისანი, დაცჳვეს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა.
19 წამოიმართნენ ლევიანები კეჰათიანთაგან და კორახიანთაგან, რათა მაღალი ხმით ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. 19 და აღდგეს ლევიტელნი, ძეთაგანი კაათისნი და ძეთაგანი კორესნი, ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ჴმითა დიდითა მაღლად.
20 ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი. 20 აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა და განსლვასა მას დადგა იოსაფატ, ღაღად-ყო და თქუა: ისმინეთ ჩემი იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა! ერწმუნენით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, გერწმუნოს თქუენ, გრწმენინ წინაწარმეტყუელისა მისისა და წარგემართოს თქუენ
21

დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

21

და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.

22 იმ დროს, როცა დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა, უფალმა ალყაში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული ყამონიანები, მოაბიანები და სეყირის მთიელები და გაანადგურა. 22 და ვითარცა იწყეს ესეოდენ გალობად აღსარებისა, მოსცა უფალმან ბრძოლად ძეთა ამონისთა მოაბსა ზედა და მთისა სეირისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს იუდასა ბრძოლად და ივლტოდეს.
23 აღდგენ ყამონიანებზე, მოაბიანებზე და სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად. როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად. 23 და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.
24 ავიდა იუდა უდაბნოს ბორცვზე, გადახედა ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე! 24 და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.
25 მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისთვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. იმდენი შეაგროვეს, რომ წაღება აღარ შეეძლოთ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო. 25 და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.
26 მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბბენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს. 26 და დღესა მას მეოთხესა შეკრბეს ღელესა მას კურთხევისასა, რამეთუ მუნ აკურთხეს უფალი, ამისთჳს დასდვეს ადგილსა მას სახელი ღელე კურთხევისა ვიდრე აქა დღემდე.
27 გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე. 27 მოიქცა ყოველი კაცი იუდასი იერუსალჱმდ და იოსაფატ, წინამძღუარი მათი, სიხარულითა დიდითა, რამეთუ ახარა მათ უფალმან მტერთა მათთა ზედა.
28 შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირვბით უფლის სახლისკენ. 28 და შევიდეს იერუსალჱმდ ებნითა და ქნარითა და ნესტჳთა სახლსა უფლისასა.
29 შიში დაეცათ ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა. 29 და იყო განკჳრვებაჲ უფლისა მიერ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, ვითარცა ესმა მათ, რამეთუ უფალი ბრძოდა მტერთა ისრაჱლისათა.
30 მოისვენა იოშაფატის სამეფომ, სიმშვიდე უბოძა მას ირგვლივ თავისმა ღმერთმა. 30 და დაამკჳდრნა ქუეყანა მეფობასა იოსაფატისასა და დააცხრვნა ღმერთმან ყოველნი გარემონი მისნი.
31

და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაბუზა, შილხის ასული.

31

და მეფე იქმნა იოსაფატ იუდასა ზედა, ოცდაათხუთმეტისა წლისა იყო მეფობასა მისსა და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა აზუბა, ასული სალისი.

32 თავისი მამის, ასას გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში. 32 და ვიდოდა იგი გზასა ასასა, მამისა მისისასა, და არა გარდააქცია სიწრფოებისაგან ყოფად წინაშე უფლისა.
33 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ. 33 არამედ მაღალნი იგი იყუნესვეღა, და მერმეცა ერსა მას არღავე წარემართა გული მათი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა.
34 იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში. 34 და ნეშტნი სიტყუანი იოსაფატისნი, პირველნი და შემდგომნი, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა იეუსთა, ძისა ანანისთა, რომელმან აღწერა წიგნი მეფეთა ისრაჱლისათა.
35 ამის შემდეგ იოშაფატ იუდას მეფემ კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც უკუღმართად იქცეოდა. 35 და ამისა შემდგომად ეზიარა იოსაფატ, მეფე იუდასი, ოქოზიას, მეფესა ისრაჱლისასა, და ამან უსჯულოებაჲ ქმნა ყოფად
36 მასთან კავშირი იმიტომ შეკრა, როძ ხომალდები აეგო თარშიშში წასასვლელად. ხომალდები ყეციონ-გაბერში ააგეს. 36 და მისლვად მისა და საქმედ ნავებისა და წარსლვად თარშიდ, და ქმნა ნავები გასიონგაბერს.
37 იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიყეზერ დოდანის ძემ, მარეშელმა, და თქვა: რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს. და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შესძლეს თარშიშში წასვლა. 37 და წინაწარმეტყუელებდა ელიეზარ, ძე ოდრიასი, რომელი იყო მარისით, იოსაფატს. ჰრქუა, რამეთუ დაეგე შენ ოქოზიას, აჰა, მოსრა უფალმან საქმე შენი და შეიმუსრა ნავები შენი და ვერ უძლო წარსლვად თარშიდ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე