ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განისვენა იოშაფატმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე, იორამი გამეფდა.

1

და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

2 ჰყავდა ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იესელი, ზექარიაჰუ, ყაზარიაჰუ, მიქაელი, შეფატიაჰუ, ესენი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი. 2 და ძმანი იორამისნი, ძენი იოსაფატისნი, ექუსნი: ეზრიელ, და იეელ, ზაქარია, და მისელ, და საფატია, და აზარია. ესე ყოველნი ძენი იოსაფატისნი, მეფისა იუდასნი.
3 მათმა მამამ დიდძალი საჩუქარი მისცა მათ - ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას ციხე-ქალაქებთან ერთად. სამეფო კი იორამს უბოძა, რადგან იგი პირმშო იყო. 3 და მისცა მათ მამამან მათმან მისაცემელი ფრიადი: ოქრო და ვეცხლი და საჭურველი ქალაქთა თანამოზღუდვილთა იუდასა შორის. და მეფობაჲ მისცა იორამს, რამეთუ ესე იყო ძე მისი პირმშო.
4 დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა, და როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი. 4 და დადგა იორამ მეფობასა თჳსსა ზედა და განძლიერდა და მოსწყუდნა ყოველნი ძმანი მისნი მახჳლითა და მთავართაგანნი ისრაჱლისანი.
5 ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. 5 და იყო იორამ ოცდათორმეტისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფობასა ზედა თჳსსა, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს.
6 ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 6 და ვიდოდა გზასა მეფეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ყო სახლმან აქაბისმან, რამეთუ ასული აქაბისი იყო მისა ცოლად და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა
7 მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ. 7 და არა ინება უფალმან აჴოცად სახლი დავითისი აღთქმისა მისთჳს, რომელი აღუთქუა დავითს და ვითარცა-იგი ჰრქუა მას მიცემად სანთლად ძეთა მისთა ყოველთა დღეთა.
8 მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე. 8 მათ დღეთა შინა განდგა ედომი იუდასაგან და დაიდგინეს თავისა თჳსისა ზედა სხუაჲ მეფე.
9 გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ და ეტლის მეთაურებს. 9 და წარვიდა იორამ მთავართა თჳსთა თანა და ყოველი ცხენები მისი მის თანა. და იყო, ვითარცა აღდგა იგი ღამე და მოსრა ედომმან, რომელთა გარემოეცვა იგი და მთავარნი იგი ეტლებისანი, და ივლტოდა ერი იგი საყოფლად თჳსა.
10 განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი. 10 და განდგა ჴელისაგან იუდასა ედომი იგი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ განდგა ლუბნაცა ჴელისაგან მისისა მას ჟამსა შინა ამისთჳს, რამეთუ უტევა უფალი ღმერთი მამათა მისთა.
11

მანაც მოაწყო გორაკები იუდას მთებში. მან გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.

11

რამეთუ ამანცა ქმნნა მაღალნი ქალაქებსა იუდასასა და აცოდვნა მკჳდრნი იერუსალჱმისანი და აცთუნა იუდა.

12 წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას, 12 და მოუჴდა მას წიგნი ელიასგან წინაწარმეტყუელისა და თქუა: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისაჲ, რამეთუ არა ხჳდოდე შენ გზასა იოსაფატის, მამისა შენისა, და გზასა ასასასა, მეფისა იუდასასა.
13 არამედ ისრაელის მეფეთა გზას დაადექი, გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი აქაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები - მამაშენის სახლი ამოწყვიტე, 13 არამედ მიხუედ შენ გზათა მეფეთა ისრაჱლისათა და აცოდვე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ვითარცა-იგი ცოდა სახლმან აქაბისმან, და ძმანი შენნი, ძენი მამისა შენისანი, მოსწყჳდენ მახჳლითა, უმჯობესნი შენსა.
14 აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და ცოლებს, მთელს შენს საბადებელს. 14 აჰა, ესერა, დაგცეს შენ უფალმან წყლულებითა დიდითა და ერი შენი, და ძენი შენნი, და ცოლნი შენნი და ყოველი მონაგები შენი.
15 შენ კი მძიმე სენს შეგყრის ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა. 15 და შენ სენითა ბოროტითა დასნეულდე მუცლისათა, ვიდრე განვიდენ ნაწლევნი შენსა სენსა თანა დღითი დღე.
16 აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან. 16 და აღადგინნა უფალმან იორამის ზედა უცხოთესლნი არაბიელნი და მოზღუანენი ეთიოპელნი.
17 გაილაშქრეს იუდაზე, შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, იოახაზის ძეთა შორის უმრწემესის გარდა. 17 და მოუჴდეს იუდას ზედა და ჰმძლავრობდეს და წარიღეს ყოველი საფასე, რაოდენი პოეს სახლსა შინა მეფისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი წარიყვანნეს. და არა დაურჩა მას ძეთაგან, გარნა ოქოზია, ხოლო უმრწამეს ძეთა მისთა.
18 ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით. 18 და ამის ყოვლისა შემდგომად დასცა უფალმან მუცლისა სენითა, რომლისა არა იყო კურნება.
19 ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოუვიდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი. როგორც მის მამა-პაპას დაუნთო. 19 და იგუემებოდა დღითი დღე და ვითარცა მოიწია ჟამი დღეთა მისთა, მეორესა დღესა გამოვიდა ნაწლევი მისი სენითურთ და მოკუდა იგი სენითა მით ბოროტითა და არა ყო ერმან მან განღება პატივითა, ვითარცა განღება მამათა მისთა.
20 ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა. და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში. 20 და იყო იგი ოცდაათორმეტისა წლისა ოდენ, ოდეს დადგა მეფედ, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს და ვიდოდა იგი არაქებულად. და მოკუდა იორამ და დაეფლა იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო არა საფლავსა მეფეთასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე