ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბაი, ბარშებადან.

1

იყო იოას შჳდისა წლისა მეფობასა მისსა, და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა საბია ბერსაბეთ.

2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში. 2 და ქმნა იოას სიწრფოება წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა იოდაეს მღდლისათა.
3 ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი. 3 და მოიყვანნა თავისა თჳსისა იუას ორნი ცოლნი და ისხნა ძეებ და ასულებ.
4 ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება. 4 და იყო ამისა შემდგომად და განიზრახა იუას გულსა თჳსსა განგებისათჳს აღშენებად სახლისა უფლისათჳს.
5 შეკრიბა მღვდლები, ლევიანები და უთხრა: დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად. დააჩქარეთ ეს საქმე. მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს. 5 და შეკრიბნის მღდელნი და ლევიტელნი და ჰრქუა მათ: განვედით ქალაქებსა იუდასა და მოკრიბეთ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა განსაძლიერებლად სახლისათჳს უფლისა წლითი წლად და ისწრაფეთ სიტყუად. და არა ჰრწმენა ლევიტელთა ესე.
6 დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მორჩილმა და ისრაელის კრებულმა დაადგინეს სადღესასწაულო კარვისთვის? 6 და მოუწოდა იუას მეფემან იოდაეს მღდელმთავარსა და ჰრქუა მას: რასათჳს არა იღუაწე ლევიტელთათჳს შემოღებად იუდასაგან იერუსალჱმისა ბრძანებული იგი მოსეს მიერ კაცისა მის ღმრთისა, რამეთუ შეკრიბა ისრაჱლნი კარავსა მას საწამებელისასა.
7 რადგან ურჯულო ღოთოლიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი, და უფლის სახლის მთელი შემოწირულობა ბაალებს მოახმარეს. 7 რამეთუ გოთოლია იყო უსჯულო და ძეთა მისთა დაარღჳეს სახლი ესე ღმრთისაჲ და სიწმიდე სახლისა ამის ყვეს ბაალიმისა.
8 ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ. 8 და თქუა მეფემან: ქმენით გუადრუცი და დადგით იგი ბჭეთა თანა სახლისა უფლისათა გარეშე.
9 გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მორჩილმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში. 9 და აუწყეთ იუდასა იერუსალჱმსა, რათა შემოიღონ უფლისა, ვითარცა უბრძანა მოსე მონამან ღმრთისამან ისრაჱლისა უდაბნოსა ზედა.
10

გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.

10

და მოსცეს ყოველთა მთავართა, ყოველმან ერმან და შეიღებდეს გვადრუცსა მას, ვიდრე აღივსო.

11 როდესაც ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს. მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე იქცეოდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს. 11 და იყო, ვითარცა შემოაქუნდა გუადრუცი წინაშემდგომელთა მათ მეფისა მიმართ ჴელითა ლევიტელთათა და ვითარცა იხილეს, რამეთუ ფრიად იყო ვეცხლი იგი, მოვიდა მწიგნობარი მეფისა, წინაშემდგომელი იგი მღდელისა მის დიდისა, და წარმოიღეს ვეცხლი იგი გვადრუცისა მისგან და დადვეს თჳსსავე ადგილსა. ესრეთ ყოფდეს დღითი დღედ და შეკრიბეს ვეცხლი დიდძალი
12 ჩააბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი კი დაიქირავებდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს, უფლის სახლის გასაახლებლად, რკინა-სპილენძის მჭედლებს უფლის სახლის გასამაგრებლად. 12 და მისცეს იგი მეფემან და იოდაე მღდელმან მოქმედთა მათ საქმისათა, საქმისა მის ტაძრისა უფლისათა, და დაადგინნეს სასყიდლითა ქვისმკუეთელნი და ხურონი განსაგებელად ტაძრისა მის უფლისა და იქმოდეს მოქმედნი იგი საქმესა მას.
13 იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს. 13 და აღმაღლდა სიგრძედ საქმე იგი ჴელითა და აღმართეს ტაძარი იგი უფლისაჲ წესსა ზედა თჳსსა და განამტკიცეს.
14 როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. დაამზადეს მისგან უფლის სახლისთვის ჭურჭლეული - სამსახურებელი და აღსავლენისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ აღსავლენს უფლის სახლში. 14 და ვითარცა აღასრულეს, მოიღეს მეფისა და იოდაესა ნეშტი იგი ვერცხლისა მის და შექმნეს იგი ჭურჭლად ტაძრისათჳს უფლისა, ჭურჭლად სამსახურებელად მსხუერპლთათჳს და ფიალები ოქროსა და ვეცხლისა. და შეიწირვოდა მსხუერპლები სახლსა უფლისასა მარადის ყოველთა დღეთა იოდაესთა
15 დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა. 15 დაბერდა იოდაე სავსებითა და აღესრულა ასოცდაათისა წლისა.
16 დავითის ქალაქში დამარხეს იგი, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისთვის. 16 და აღსრულებასა მისსა დაფლეს იგი ქალაქსა დავითისა საფლავსა მეფეთასა, რამეთუ ქმნა კეთილი ისრაჱლისა თანა და ღმრთისა მიმართ სახლისა მისისათჳს.
17 იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. 17 და იყო, შემდგომად აღსრულებისა მის იოდაესა შევიდეს მთავარნი იგი იუდასნი და თაყუანის-სცეს მეფესა. მაშინ ერჩდა მათ მეფე.
18 მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო. 18 და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და მსახურებდეს კერპთა და ასტრატეთა, და იყო რისხვა უფლისა იუდას ზედა და იერუსალჱმსა მათ დღეთა შინა.
19

მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ. ამხელდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.

19

და მიივლინნეს მათა წინაწარმეტყუელნი, რათამცა მოიქცეს უფლისა და არა ისმინეს და უწამებდეს მათ და არავე ისმინეს.

20 ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ. 20 და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.
21 შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში. 21 და დაესხნეს მას და ქვა დაკრიბეს ბრძანებითა იუას მეფისათა ეზოსა შინა სახლისა უფლისა.
22 არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს! 22 და არა მოიხსენა იუას წყალობისა მის, რომელი ყო მის თანა იოდაე, მამამან მისმან, და მოკლა ძე მისი და, ვითარცა მოკუდებოდა, თქუა: იხილენ უფალმან და საჯენ.
23 წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს. 23 და იყო აღსრულებასა მას წელიწადისასა, აღმოვიდა მათ ზედა ერი ასურეთისა, და მოუჴდეს იუდასა და იერუსალჱმსა და მოსრნეს ყოველნი მთავარნი ერისანი ერსა შორის, და ყოველი მონაგები და საფასე მათი წარუძღუნეს მეფესა დამასკისასა.
24 მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამა-პაპის ღმერთი. იოაშს კი მსჯავრი დასდეს. 24 რამეთუ მცირედითა კაცითა მოვიდა ერი ასურეთისა და ღმერთმან მისცნა იგინი ჴელთა მათთა, ერი იუდასი დიდძალი ფრიად, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და იოასის თანაცა იყო სასჯელი.
25 როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლის ასაღებად და თავისსავე საწოლში მოკლეს. ასე მოკვდა იგი. დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში. 25 და შემდგომად წასლვისა მის მათისა მისგან დატევებისა მისთჳს უფლისა დასცა იგი უფალმან სენითა დიდითა და დაესხნეს მას მონანი მისნი სისხლისა მისთჳს ძისა იოადესა მღდელისა და მოკლეს იგი ცხედარსა თჳსსა ზედა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო მეფეთა საფლავსა არა დაფლეს იგი
26 აჰა, მის წინააღმდეგ შეთქმულნი: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა. 26 და რომელთა მოკლეს იგი, იყუნეს ერნი და ზაბელ, ძე ამეათისა, ამანიტელი, და იოზაბედ, ძე სამარითისი, მოაბელი
27 მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცდლად მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა. 27 და სამნი ძენი მისნი. ესე ხუთნი მოუჴდეს მას და მოკლეს იგი, რამეთუ ამასია, ძე იოასისა, მეფობდა ოცდაცხრა წელ, მეათე დავითისითგან და ნეშტნი სიტყუანი იოადისნი, აჰა, ესერა, წერილი არიან წიგნთა მეფეთასა და მეფობდა ამასია, ძე მისი, მის წილ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე