ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზიაჰუ, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფეს.

1

და მოიყვანა ყოველმან ერმან ქუეყანისამან ოზია, ძე მისი, და იყო იგი ათექუსმეტის წლისა და მეფე ყვეს იგი ამასიას წილ, მამისა მისისა.

2 მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ მამა-პაპასთან. 2 და ამან აღაშენა აელათი და მოაქცია იგი იუდასსა და შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა მეფისა.
3 თექვსმეტი წლის იყო ეუზიაჰუ, რომ გამეფდა, და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექალია, იერუსალიმელი. 3 ძე ათექუსმეტისა წლისა მეფე იქმნა ოზია, ერგასისდაორ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა იექელია იერუსალჱმით.
4 სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, იქცეოდა. 4 და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.
5 ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვების მეცნაური. ვიდრე ეძებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას. 5 და ეძიებდა უფალსა დღეთა ზაქარიასთა გულისხმის-მყოფელისათა შიშითა უფლისათა, დღეთა მისთა ეძიებდა უფალსა და წარუმართა მას უფალმან.
6 გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები. ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში. 6 და განვიდა და ჰბრძო უცხოთესლთა და დაარღჳვნა ზღუდენი გეთისა, იაბისნი და ზღუდენი აზოტესანი, და აღაშენნა ქალაქნი აზოტესანი უცხოთესლთა შორის.
7 ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ. 7 და განაძლიერა იგი უფალმან უცხოთესლთა ზედა და არაბიელთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს პეტრას და მივნეელთა ზედა.
8 ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი. 8 და მოართმიდეს მინეველნი ძღუენსა ოზიასა, და ითქმოდა სახელი მისი ვიდრე შესავალადმდე ეგჳპტისა, რამეთუ განძლიერდა იგი, ვითარცა სიმაღლედ.
9 ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა. 9 და აღაგო ოზია გოდლები იერუსალჱმს ბჭესა მას ზედა საკიდურისასა და ბჭესა მას ზედა ჴევისასა და ყოველთა კიდეთა და განამტკიცა ქალაქი.
10 ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო. 10 და აღაშენა გოდლები უდაბნოს და აღმოკუეთა ჯურღმულები მრავალი, რამეთუ იყო საცხოვარი მრავალ ვაკესა მისა სეფელას, ერი და ვენაჴისმოქმედნი მთათა გარე და კარმელის ზედა, რამეთუ ქუეყანისსაქმესა მოყვარე იყო.
11 ყუზიაჰუს მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასიაჰუ ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით. 11 და იყო ოზიასი ერი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა განმავალნი წყობასა რიცხჳთ. და იყო რიცხჳ იგი იერუსალჱმით მწიგნობრისათა და მასეა მსაჯულისათა და ჴელითა ანანიასითა, მსახურისა მის მეფისათა.
12

მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო ორიათას ექვსასი,

12 და ყოველი რიცხჳ ძლიერთა მათ ტომისა მთავართა ბრძოლად ორ ათას და ექუსას.
13 მათ ხელში იყო სამასშვიდიათას ხუთას კაციანი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ. 13

და მათ თანა ძალი მბრძოლთა სამასშჳდ ათას და ხუთას: ესენი იყუნეს, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა ძლიერებისასა ძალითა შემწედ მეფისა მტერთა მიმართ.

14 დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები. 14 და მოუმზადებნ ოზია ყოველსა მას ერსა ფარსა, და ლახუარსა, ჯაჭუსა, და ჩაფხუტსა, მშჳლდსა, და ისარსა, და შურდულსა სისრად ქვისა.
15 გააკეთა იერუსალიმში გამომგონებლის მიერ გამოგონებული მანქანები, რომ დაედგათ კოშკებზე და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად იყო შეწევნილი, ვიდრე არ გაძლიერდა. 15 და ქმნა იერუსალჱმს მანქანები მანქანებად რჩეულად, რათა იყუნენ გოდოლთა ზედა სისრად ისრითა და ქვებთა დიდ-დიდთა და განითქუა მომზადება იგი ამათ საქმეთა შორად, რამეთუ საკჳრველი ქმნა საშინელად ვიდრე განძლიერდა ფრიად.
16 როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე. 16 და ვითარცა განძლიერდა, ამაღლდა გული მისი და განიხრწნა და ცოდა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, რამეთუ შევიდა ტაძრად უფლისა კუმევად საკუმეველისა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.
17 მას მიჰყვა მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით. 17 და შევიდა მისა აზარია მღდელი და მის თანა მღდელნი უფლისანი ოთხმეოცნი, ძენი ძლიერებისანი.
18 წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან. 18 და მიადგეს ოზია მეფეს და ჰრქუეს მას: არა არს, ოზია მეფე, შენი კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა, არამედ მღდელთა ძეთა აჰრონისთა, რომელნი განწმედილ არიან, კუმევად, გამოვედ სიწმიდისაგან, რამეთუ განსდეგ უფლისაგან და არა იყოს ესე შენდა დიდებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა
19 განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. 19 და განრისხნა ოზია და ჴელსა მისსა ეპყრა სასაკუმევლე კუმევად ტაძარსა შინა უფლისასა და ვითარ-იგი განრისხნა მღდელთათჳს, კეთროვნება გამოჩნდა შუბლსა მისსა წინაშე მღდელთა მათ სახლსა შინა უფლისასა ზედა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.
20 მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და, აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. 20 და მიიქცა მისა მღდელი იგი მთავარი და სხუანი იგი და, აჰა ესერა, მას აჩნდა კეთროვნებაჲ შუბლსა მისსა და ასწრაფებდეს მას მღდელნი იგი გარდამოსლვად მიერ და თჳთ იგიცა ისწრაფდა გარდამოსლვად, რამეთუ ამხილა მას უფალმან.
21 სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ეუზიაჰუ, ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი კი მეფის სახლს განაგებდა და განიკითხავდა ქვეყნის ერს. 21 და იყო ოზია მეფე კეთროვან ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა და სახლსა შინა აფუთიოსისასა ჯდა განკეთროვნებული, რამეთუ განეშორა სახლისაგან უფლისა. და იოთამ იყო ძე მისი მეფობასა მისსა ზედა, და სჯიდა ერსა ქუეყანისასა.
22 ყუზიაჰუს დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ. 22 და სიტყუანი ოზიასნი პირველნი და შემდგომნი წერილ არიან ესაიას მიერ წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა.
23 განისვენა ყუზიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა. 23 და დაიძინა ოზია მამათა მისთა თანა ველსა მას საფლავისა მის მეფეთასა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: კეთროვან არს, და მეფობდა იონათამ, ძე მისი, მის წილ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე