ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, გაჩეხეს აშერები, დაანგრიეს გორაკები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მენაშეში, ერთიანად. დაბრუნდა ყველა ისრაელიანი თავთავის სამკვიდრებელში და ქალაქში.

1

და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, განვიდა ყოველი ისრაჱლი, რაოდენნი იპოვნნეს ქალაქებსა იუდასასა, შემუსრეს ძეგლები იგი, და მოკაფეს სერტყები, და დაარღჳნეს მაღალნი და ბომონნი ყოვლისაგან ქუეყანისა იუდასა და ბენიამენისა, და ეფრემისისა, და მანასესისა ვიდრე სრულიადმდე და მიიქცა ყოველი ისრაჱლი კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა და ქალაქსა თჳსსა

2 დააყენა იეხეზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად და ლევიანებად, აღსავლენისა და სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, უფლის ბანაკის კარიბჭეებში საქებრად და სადიდებლად. 2 და განუწესა ეზეკია მდღევრი მსახურებაჲ მღდელთა და ლევიტელთა, და მდღევრი მსახურებაჲ კაცად-კაცადისაებრ მსახურებისა მღდელთასა და ლევიტელთა ყოვლად დასაწველთა დასაკლველთა მათ ცხორებისათა, და ქებად და აღსარებად და მსახურებად ეზოთა სახლისა უფლისათა.
3 დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი. 3 და ნაწილი მეფისა ნაყოფთაგან მისთა ყოვლად დასაწველად განთიადისა და მწუხრისა, ყოვლად დასაწველი შაბათთა და თთჳსთავთა, და დღესასწაულთა და წერილთა სჯულსა უფლისასა.
4 უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული. 4 და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მკჳდრ იყნნეს იერუსალჱმს, რათა მისცენ ნაწილი მღდელთა და ლევიტელთა, რათა განძლიერდენ მსახურებასა სახლისა უფლისასა.
5 როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანებმა ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი. სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს. 5 და ვითარ-იგი უბრძანა სიტყუაჲ ესე, გარდარიეს ძეთა ისრაჱლისათა პირველი ნაყოფი იფქლისა, და ღჳნისა, და ზეთისა, და თაფლისა, და ყოველი ნაყოფი ველისა, და ათეული ყოველი მოიღეს მრავლად ფრიად
6 ისრაელიანებს და იუდიანებს, იუდას ქალაქების მკვიდრთ, მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი - შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს. 6 ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს ქალაქებსა იუდასასა და მათცა მოასხეს ათეული ზროხათა და ცხოვართა და ათეული თხათა, წმიდა-ყვეს უფლისა ღმრთისა მათისა და შეიღეს და დადვეს ხვავად და ხვავად.
7 მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს. 7 თუესა მესამესა იწყეს მოღებად ხუავებისა მის და მეშჳდესა აღასრულეს.
8 მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი - ისრაელი. 8 და მოვიდა ეზეკია და მთავარნი იგი და იხილეს ხუავები იგი და აკურთხეს ღმერთი და ერი მისი ისრაჱლი.
9 ჰკითხა იეხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების თაობაზე. 9 და ჰკითხვიდა ეზეკია მღდელთა მათ და ლევიტელთა ხვავებისა მისთჳს.
10 მიუგო მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა. 10 და ჰრქუა აზარია მღდელმან, მთავარმან სახლისა სადუკისამან: ვინათგან იწყეს პირველ ნაყოფსა მას შემოღებად სახლსა უფლისასა, ვჭამეთ და ვსუთ, და დაგჳშთა, რამეთუ უფალმან აკურთხა ერი თჳსი და დაშთა ესოდენი ესე სიმრავლე.
11

ბრძანა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს.

11 და ჰრქუა მათ ეზეკია მერმე: გან-ვე-მზადეთ სენაკები სახლსა უფლისასა. და მზა-ყვეს.
12 შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო. 12

და შეიღეს მუნ პირველი ნაყოფთა და ათეული სარწმუნოებით. და მას ზედამდგომელ ქოვქენიას ლევიტელი და სემეი, ძმა მისი, ნაცვლად მისა,

13 იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ, მახათი და ბენიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქონანიაჰუსა და მისი ძმის, შიმყის ხილქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის ბრძანებით. 13 იეიელ, და აზარია, ნათან, და აზაელ, და იერიმოთ, და იოაზაბათ, და ელიელ, და სამაქია და მაათ და ბანაია, ძენი მისნი, დადგინებულნი, რომელნი იყუნენ ჴელთა ქონენიეს და სემეის მიერ, ძმისა მისისა, ვითარცა-იგი უბრძანა ეზეკია მეფემან, და აზარია მთავარმან სახლისა უფლისამან
14 კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმიდა შეწირულობანი. 14 და კორე იემნასი ლევიტელმან მეკარემან, მზისა აღმოსავლით ერდოებსა ზედა მიცემად პირველთა ნაყოფთა უფლისათა და წმიდა წმიდათასა,
15 მისი ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იეშუაყი, შემაყიაჰუ, შექანიაჰუ, რომ სამართლიანად გაენაწილებინათ მოძმეთათვის მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის, 15 ჴელითა ოდომისითა და ბენიამენისითა, და იეუ, და სემეი, და მარეა, და სექონია, ჴელითა მღდელთა სარწმუნოებით მიცემად ძმათა მათთა მსგავსად მდღევრისა მის მსახურებისა დიდისაებრ და მცირისა,
16 საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა გარდა სამი წლიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისთვის ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის, მათ თანამდებობებზე დასებისდა მიხედვით, 16 გარნა ნაშობთა მათ წულთა სამისა წლითგანისა და უზეშთაესისა ყოვლისა შემავალისა სახლსა უფლისასა და სიტყუად დღითიდღედისა და მსახურებისა მის მდღევრისა ბრძანებულისა მათისა,
17 საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, ოც წელს გადაცილებულ ლევიანთათვის, თავიანთ თანამდებობისა და დასებისდა მიხედვით, 17 ესე არს ნაწილად ხუედრებაჲ მღდელთა სახლად-სახლად მამათასა და ლევიტელნი დღითიდღედსა მსახურებასა თჳსსა ოცით წლითგანი და უზეშთაესი განწესებით ხვედრებით,
18 საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისთვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისათვის, რადგან პატიოსნად გაინათლნენ სიწმიდისთვის. 18 ყოველსა ნაშობსა ძეთა მათთასა და ასულთა მათთასა და ყოველსა მას სიმრავლესა, რამეთუ სარწმუნოებით განწმიდეს სიწმიდე იგი ძეთა ჰარონისთა,
19 ხოლო აარონიანთათვის - მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის. 19 რომელნი მღდელობდეს ყოველსა ქალაქად და ქალაქად, კაცნი, რომელთა სახელ-ედვა სახელით, რათა მისცემდენ ნაწილსა ყოველსა წელსა მღდელთა შორის და ყოველსა აღრაცხილსა ლევიტელთა შორის.
20 ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში. იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის წინაშე. 20 და ყო ესრეთ ეზეკია ყოველსა შორის იუდასა და ქმნა კეთილი და სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
21 ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა. 21 და ყოველსა საქმესა, რომელსა იწყო საქმედ სახლსა უფლისასა, და შჯულსა უფლისა და ბრძანებასა, ყოველსავე შინა ეძიებდა ღმერთსა ყოვლითა გულითა მისითა, ყო და წარემართა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე