ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.

1

მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველისა მის და აღმოგუალე ჩემდა მთასა მას და იქმენ შენ თავისა შენისა კიდობანაკი ძელთაგან ულპოლველთა.

2 მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში. 2 და დავწერო ფიცართა მათ შჯული იგი პირველი, რომელი-იგი იყო პირველთა მათ ფიცართა, რომელნი-იგი შენ დაჰმუსრენ და შთასხნე ფიცარნი იგი კიდობანსა მას.
3 მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა. 3 და შევქმენ მე კიდობანი ერთი ძელთაგან ულპოველთა და გამოვთალენ ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველთა მათ და აღვედ მთასა მას და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
4 მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა. 4 და დაწერა ფიცართა მათ ზედა ათი იგი მცნებაჲ, რომელთა-იგი გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა მას და მომცნა მე იგინი უფალმან.
5 პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა. 5 და მოვიქეც და გარდამოვედ მე მიერ მთით და შთავსხენ მე ფიცარნი იგი კიდობანსა, რომელ-იგი შევქმენ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
6 ისრაელიანები კი გაემგზავრნენ იაყაკანიანთა ბეეროთიდან მოსერისკენ, იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე ელეაზარი გახდა მღვდელი. 6 და წარიძრნეს და წარვიდეს ძენი იგი ისრაჱლისანი ბეროთით ძეთა მათგან აკასისთა მოსლვად. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა და შედგა მღდელობად მის წილ ელიაზარ, ძე მისი.
7 იქიდან გუდგოდისკენ გაემგზავრნენ, გუდგოდიდან იოტბათისკენ, ნაკადულების ქვეყანაში. 7 მიერ წარიძრნეს გალგალდ და გალგალით მივიდეს ტეგად, ქუეყანასა მას მდინარეთა წყალთასა.
8 იმჟამად გამოაცალკევა უფალმა ლევიანთა შტო, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი, მდგარიყვნენ უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდეა. 8 მას ჟამსა შინა გამოარჩია უფალმან ნათესავი იგი ლევისი აღღებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა შეწირვად მსახურებათა და ლოცვათა სახელისათჳს უფლისა დღენდელად დღედმდე.
9 ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა. 9 ამის გამო არა უც ნაწილი და სამკჳდრებელ ლევიტელთა ძმათა შორის თჳსთა, რამეთუ უფალი თავადი ნაწილ და სამკჳდრებელ არს მათა.
10 მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ამჯერადაც მისმინა მე უფალმა - არ ინება უფალმა შენი დაღუპვა. 10 და მე დავადგერ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე მას ჟამსა, შეისმინა ჩემი უფალმან და არა ჯერ-იჩინა მოსრვაჲ მათი.
11 მითხრა უფალმა: ადექ და წაუძეღი ერს, წავიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამა-პაპას. 11 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღჰკიდე, ვიდოდე, წარუძეღუ ერსა მაგას, შევიდენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა.
12

აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.

12

აწ, ისრაჱლ, რასა ითხოვს უფალი ღმერთი შენგან, არამედ, რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყუარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

13 დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ. 13 და დაიცვნე მცნებანი და სამართალნი უფლისა ღმრთისა შენისანი და მშჯავრნი მისნი, რომელთა-ესე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ.
14 აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია. 14 აჰა, ესერა, უფლისა ღმრთისა შენისანი, არიან ცანი და ცანი ცათანი, ქუეყანაჲ და ყოველ, რაჲ არს მას შინა.
15 მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 15 ხოლო მამანი თქუენნი გამოირჩინა უფალმან, შეიყვარნა იგინი და შემდგომად მათსა გამოგირჩინა თქუენ ნათესავი ეგე მათი ყოველთა უფროჲს წარმართთა ვიდრე დღენდელად დღედმდე.
16 დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები, 16 აწ განიშორეთ სიფიცხლე ეგე გულთა თქუენთა და ქედთა თქუენთაჲ და მერმე ნუღარა განფიცხნებით,
17 რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. 17 რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა, ღმერთი დიდი და ძლიერი და საშინელი, რომელმან არა თუალ-ახუნის, არა შეიღის ქრთამი,
18 იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს. 18 ყვის სასჯელი მწირისა, ობლისა და ქურივისაჲ, შეიყუარის მწირი იგი და სცის მას პური და სასუმელი.
19 გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. 19 აწ შეიყუარეთ თქუენ მწირი იგი და მსხემი, რამეთუ თქუენცა მწირ და მსხემ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
20 უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე. 20 უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე,
21 ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი. 21 რამეთუ იგი არს სიქადულ შენდა და იგი თავადი არს ღმერთი შენი, რომელმან-იგი ყო შენ ზედა სასწაული დიდ-დიდი და საკჳრველებაჲ, რომელ იხილეს თუალთა შენთა,
22 სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს. 22 რამეთუ სამეოცდაათ სულ შთავიდეს მამანი იგი თქუენნი ეგჳპტედ, აწ, ეგერა, შეგქმნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე