ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ.

1

და ესე არიან ბრძანებანი და მსჯავრნი, რომელ დაიმკვიდრნეთ და ჰყოთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს შენ სამკვიდრებელად ყოველთა დღეთა, რავდენცა სცხონდეთ ქუეყანასა ზედა.

2 გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივანის ძირას. 2 მოსპოლვით მოსპნე ყოველნი იგი ადგილნი სამსახურებელნი წარმართთანი, რომელსა ემსახუროს სამსახურებელი იგი ბილწებისაჲ ზედა მთათა მაღალთა და ბორცუთა და ხეთა ქუეშე
3 დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან. 3 ვარჯოვანთა ბაგინები მათი დაამჴჳთ და ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ, კერპები მათი დაწვით ცეცხლითა და საჴსენებელი მათი წარწყმიდეთ ქუეყანისა მისგან.
4 ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს. 4 ხოლო არა ეგრე უყოთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.
5 არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ. 5 არამედ ადგილსა ერთსა, რომელსა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ადგილი ერთი ნათესავთაგან თქუენთა სახელის-დებად სახელი მისი მუნ: ადგილი იგი გამოირჩიეთ და შევედით მუნ.
6 იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული. 6 და შეწირეთ მსხუერპლები იგი თქუენი მუნ და საკუმეველები, და პირველისა ნაყოფისა თქუენისაჲ და აღნათქუემი თქვენი ძღუენი ნეფსითი გონებათა თქუენთაჲ და პირმშოები ზროხათა თქვენთაჲ.
7 ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა. 7 ჭამდით და იხარებდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მხიარულ იყვნეთ ყოველთა ზედა, რომელსა ზედა შეხებულ იყვნენ ჴელნი თქუენნი, თქუენ და ყოველნი სახლეულნი თქუენნი, რამეთუ გაკურთხნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
8 ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა აქ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს. 8 არა ჰყო ეგრე, ვითარ-ეგე ჰყოფთ აქა დღეს კაცად-კაცადი ეგე ნებასა თავისა თჳსისასა, რამეთუ არღა მიწევნულ ხართ თქუენ აქამდის განსასუენებელსა მას და სამკვიდრებელსა თქვენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.
9 რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს. 9  
10 გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარეშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად. 10 რამეთუ წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა და დაეშენნეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან დაგიმკვიდროს თქვენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა და დაეშენნეთ ყუდროებით.
11

რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.

11

და იყოს ადგილი იგი, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან თავისა თვისისა სახელ-დებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირით ყოველი შესაწირავი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, მსხუერპლები იგი თქვენი და ძღუენი თქუენი და ათეული თქუენი და პირველი იგი ჴელთა თქუენთა და რჩეულ-რჩეული ძღუენი აღნათქუემთა თქუენთაჲ, რომელ აღუთქუათ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

12 გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენს შორის. 12 და იხარებდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენ, და ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, მონანი და მჴევალნი თქუენნი და ლევიტელნი იგი, რომელ არს ზედამდგომელ თქუენდა, რამეთუ არა უც მას ნაწილ და სამკვიდრებელ თქუენ შორის.
13 ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან, სადაც გაიხედავ, შენი აღსავლენი მსხვერპლი, 13 იგულე თავი შენი, ნუუკუე შე-სადამე-სწირვიდე შესაწირავთა შენთა ყოველსავე ადგილსა, რომელ იხილო, არამედ მას ადგილსა,
14 არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ შტოში. იქ აღავლინე შენი აღსავლენი მსხვერპლი, იქ გააკეთე ყველაფერი, რაც გამოგიცხადე. 14 ხოლო რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ადგილსა ქალაქთა შენთასა, მუნ შესწირო მსხუერპლი შენი და მუნ ჰყო ყოველი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.
15 ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებ, შეგეძლება საკლავის დაკვლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით, ხორცის ჭამა, რომელიც მოგცა მან შენს ქალაქებში. გაუწმიდურებულსაც და გაწმიდავებულსაც შეუძლიათ ეს ჭამონ, როგორც ქურციკი და როგორც ირემი. 15 და ყოვლითა გულისთქუმითა შენითა შესწირო მსხუერპლი იგი შენი და შჭამო ჴორცი იგი მისი კურთხევითა მით უფლისა ღმრთისა შენისაჲთა, რომელ-იგი მოგცა შენ ყოველთა მათ ქალაქთა შენთა ბილწი იგი და წმიდაჲ, ერთბამად შჭამდეთ, ვითარცა ქურციკსა და ირემსა.
16 ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე. 16 ხოლო სისხლსა მისსა ნუ შჭამთ, არამედ ქუეყანასა დასთხიეთ იგი, ვითარცა წყალი.
17 არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მეათედს, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს, შენს შესაწევარს, და შენს ხელის ძღვენს. 17 ვერ შეშჭამო შენ ქალაქთა შინა შენთა ათეული იგი იფქლისა შენისაჲ და ღვინისა და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა შენთაჲ და ცხოვართა შენთაჲ და აღთქუმული იგი აღნათქუემთა შენთაჲ, და შესაწირავი იგი აღსაარებათა თქუენთაჲ და პირველი იგი ნაყოფთაჲ ქმნული ჴელთა თქუენთაჲ,
18 მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით. 18 არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი ადგილსა მას, რომელსაცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, შენ, და ძემან შენმან, და ასულმან შენმან, და მონამან და მჴევალმან და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქთა შენთა, შჭამდე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ყოველსა მას ზედა, რომელსაცა შეგეხოს ჴელი შენი.
19 იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე. 19 ეკრძალე, ნუუკუე და-სადამე-უტეო ლევიტელი იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რავდენცა სცხონდე ქუეყანასა ზედა.
20 როდესაც გაგიფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, საზღვრებს, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის, და იტყვი: მოდი, ხორცს შევჭამო, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, ჭამე ხორცი შენი გულის სურვილით. 20 უკეთუ განგიფართნეს შენ უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი, ვითარცა გეტყოდა შენ, უკეთუ გულმან გითქუას ჭამად ჴორცისა გულისთქუმისათჳს გულისა შენისასა, ჭამე შენ ჴორცი იგი.
21 თუ შენგან შორს იქნა ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, დაკალი უფლის მოცემული საქონელი და ცხვარი, როგორც დაგარიგე, და ჭამე შენს ქალაქებში შენი გულის სურვილით. 21 უკეთუ განშორებულადრე იყოს შენგან ადგილი იგი, რომელ გამოირჩია უფალმან ღმერთმან წოდებად სახელი მისი მას ზედა და შესწირო შენ ზუარაკთაგანი შენთაჲ, ანუ ცხოვართაჲ, რომელი მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა გიბრძანა შენ და შეშჭამო იგი ქალაქთა შინა შენთა ყოვლითა მით გულისთქუმითა გულისა შენისაჲთა.
22

ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამე იგი. გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად ჭამონ.

22

ვითარცა შეიჭამოს ქურციკი და ირემი, ეგრე შეშჭამო იგი, რომელ-იგი არაწმიდაჲ არს შენ თანა და წმიდაჲ იგი ერთბამად შეჭამეთ იგი.

23 მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო. 23 ეკრძალე მტკიცედ არაჭამად სისხლისა, რამეთუ სისხლი საცხოვრისაჲ სამშვინველ მისა არს; არა შეშჭამო შენ სამშვინველი იგი ჴორცსა მას თანა,
24 არ შეჭამო იგი, წყალივით დაღვარე მიწაზე. 24 არამედ ქუეყანასა დასთხიო იგი ვითარცა წყალი.
25 არ შეჭამო იგი, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, თუ სწორად მოიქცევი, უფლის თვალში. 25 არა შჭამო იგი, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, რაჟამს ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
26 ოღონდ აიღე წმიდა შესაწირავი, რაც გექნება, და აღთქმული მსხვერპლი და მიდი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი. 26 ხოლო შესაწირავი იგი სიწმიდისა შენისაჲ და აღნათქუემი იგი შენი მოიღო ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და შესწირო იგი მუნ.
27 მიიტანე შენი აღსავლენები - ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე. საკლავის სისხლი დაღვარე უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოზე, ხორცი კი შეჭამე. 27 მსხუერპლი შენი ჴორცი იგი შესწირო საკურთხეველსა მას ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა, რამეთუ სისხლი იგი დააპკურო აღსავალთა მათ საკურთხეველისა ამის უფლისა ღმრთისათა და ჴორცი იგი შესჭამო.
28 დაიმარხე და შეიგონე ყველა ეს სიტყვა, რასაც გიცხადებ, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, უკუნისამდე, თუ კარგად და სწორად მოიქცევი, უფლის, შენი ღმერთის თვალში. 28 დაიცევ და ისმინენ ესე სიტყუანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, უკუე ჰყო თუ სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
29 როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, იმ ხალხებს, რომლებთანაც მიდიხარ, რომ აჰყარო ისინი შენგან, და შენც აჰყრი მათ და დასახლდები მათ ქვეყანაში, 29 უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი, რომელსა-იგი მიხუალთ დამკვიდრებად ქუეყანისა მათისა წინაშე პირსა შენსა, დაიმკვიდრნე იგი და დაეშენო ქუეყანასა მათსა.
30 ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო, 30 იგულე თავი შენი, ნუკუე გამოიძიებდე მიდევნებად მათა შემდგომად მოსრვისა მის მათისა პირისაგან შენსა, ნუუკუე ეძიებდე კერპთა მათთა და სთქუა, ვითარცა-იგი მათ ნათესავთა ყვიან კერპთა მიმართ მათთა, ეგრეცა მე ვყო.
31 ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს. 31 ხოლო შენ არა ეგრე ჰყო უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ყოველივე საძაგელებაჲ, რომელი წინავე სძულდა უფალსა, ყვეს კერპთა მიმართ მათთა, რამეთუ ძეთასა მათთა და ასულთა მათთა დასწვიდეს წინაშე კერპთა მათთა.
32 ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ. 32 ყოველივე სიტყუაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, დაიმარხო იგი და ჰყო, არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე