ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ყოველი მეშვიდე წლის თავზე გამოაცხადე პატიება.

1

მეშვიდესა წელსა ჰყოდი მისატევებელი იგი შენი.

2 აი, პატიების რაობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე. 2 და ესე ბრძანებაჲ არს მიტევებისა მის, მიუტეო შენ ყოველი თანანადები შენი, რაჲცა თანა-ედვას მოყუასსა შენსა და ძმასა შენსა, რამეთუ მიტევებაჲ წოდებულ არს უფლისა ღმრთისა შენისა.
3 უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი ექნა. 3 უცხოთესლსა მას და შორიელსა არა მიუტეო, არამედ მოჰჴადო, რაჲცა თანა-ედვას, მოყუასსა მას და ძმასა მიუტეო,
4 თუმცა არ იქნება თქვენში ღარიბი, რადგან კურთხევით გაკურთხევს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს წილად უფალი, შენი ღმერთი, რათა დაიმკვიდრო, 4 რათა არავინ იპოოს შენ შორის ნაკლულევან, რათა მისთჳს კურთხევით გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, მოგცეს შენ მკვიდრთბით დამკვიდრებად მას ზედა,
5 ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და ეცდები ყველა ამ მცნების შესრულებას, რასაც დღეს გიცხადებ. 5 უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და დაიმარხნე და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე.
6 რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის: ბევრ ხალხს ექნება შენი ვალი, შენ კი არ ისესხებ; ბევრ ხალხზე იბატონებ, შენზე კი არავინ იბატონებს. 6 და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ავასხებდე ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ავასხებდე და ჰმსთავრობდე შენ ნათესავთა შორის მრავალთა, ხოლო შენ ზედა არავინ მთავრობდეს.
7 თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ. 7 უკეთუ ვინმე იყოს შენ შორის ნაკლულევანი ძმათა შენთაგანი რომელსავე ერთსა ქალაქთა შენთაგანსა, არა გარე მიიქციო ბული შენი მისგან, არცაღა კრულ-ჰყო ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა.
8 არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს. 8 არამედ ჴსნილ-ჰყო ჴელი შენი მისთჳს და ავასხო მას, რავდენცა უჴმდეს.
9 ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება. 9 იგულე თავი შენი, ნუუკუე იყოს სამე დაფარულ სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ გულსა შინა შენსა და სთქუა: მოახს წელი იგი მეშვიდე წელიწადი იგი მიტევებისაჲ და თუალძვირ იქმნე ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა, და არა რაჲ სცე მას და ღაღადებდეს უფლისა მიმართ შენთჳს და იყოს შენდა ცოდვა დიდ.
10 მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში. 10 მიცემით მისცე მას, რავდენცა აკლდეს და არა შესწუხნე გულითა შენითა შემდგომად მიცემისა მის შენისა, რამეთუ ამისთჳს გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შინა შენთა და ყოველსა მას ზედა, რომელსა შეახო ჴელი შენი.
11 რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში. 11 რამეთუ არასადა მოაკლდეს ნაკლულევანისაგან, ამისთჳს გამცნებ შენ და გეტყვი: ჴსნით ჴსნილ-ყავ ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისათჳს და გლახაკისათჳს, რომელი-იგი იყოს ქუეყანასა შენსა.
12

თუ მოგეყიდა შენი ებრაელი მოძმე, კაცი ან ქალი, და ექვს წელს გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე შენგან.

12

უკუეთუ იყიდო ვინმე შენ ძმათა შენთაგანი თავისი სჯულის მონა ნასყიდი, ან მჴევალი ებრაელი, ანუ მამაკაცი, ანუ დედაკაცი, ექუს წელ გმსახუროს შენ და წელსა მას მეშვიდესა გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული.

13 როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა. 13 და რაჟამს გამოავლინებდე მას შენგან განთავისუფლებულსა, არა გამოავლინო იგი შენგან ჴელცუდად,
14 მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი. 14 არამედ აღგებით აღაგო იგი: საცხოვართა შენთაგან, და იფქლისა შენისაგან და საწნეხელისა შენისაგან მისცე მას, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
15 გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგისყიდა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომაც გიანდერძებ დღეს ამას. 15 მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და გიჴსნეს შენ უფალმან შენმან, ამისთჳს გამცნებ შენ სიტყუათა ამათ.
16 თუ მოხდება ისე, რომ გითხრას: არ წავალ შენგან, რადგან მიყვარხართ შენ და შენი სახლი, რადგან კარგადა ვართ შენთანო, 16 უკეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: არა განვალ შენგან, რამეთუ შეგიყუარე შენ და სახლი შენი და კეთილი შენი მეყო მე შენგან.
17 აიღე სადგისი, კარზე მიადებინე ყური და გაუხვრიტე და შენი ყმა იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი ყმაქალსაც. 17 მოიღო შენ სადგისი და დააპყრა ყური მისი კარსა, და განჴურიტო იგი და იყოს იგი შენდა მონა უკუნისამდე და ეგრეცა მსგავსად მჴევალსა მას უყო.
18 ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან. გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში. 18 არა ფიცხელ გიჩნდეს წინაშე შენსა, რაჟამს გამოავლინებდე შენგან განთავისუფლებულსა, რამეთუ წელიწდეულად სასყიდელითა მორეწისაჲთა გმსახურებდა შენ ექუს წელ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შენთა, რომელსაცა იქმოდე.
19 ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას. 19 ყოველივე პირმშოჲ, რომელი იშვეს ზროხათა შენთაჲ, გინა თუ ცხოვართაჲ უპედი, განწმიდო შენ უფლისა ღმრთისა შენისათჳს, არა აქმნიო ჴარი იგი პირმშოთა შენთაჲ და არცა მოჰრისო ცხოვარი იგი პირმშოთა შენთაჲ.
20 უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი. 20 არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი წლითი წლად ადგილსა მას, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, შენ და სახლეულთა შენთა შეჭამეთ იგი.
21 თუ რამე ნაკლი ექნა, სიკოჭლე ან სიბრმავე, რამე ცუდი ნაკლი, არ დაუკლა იგი უფალს, შენს ღმერთს. 21 უკუეთუ ბილწ რაჲმე იყოს მის თანა, ბრმა იყოს, ანუ ყრუ იყოს, ანუ მკელობელი იყოს, ანუ სხუა რაჲმე ბოროტ სიხაშმე იყოს მის თანა, არა დაუკლა იგი უფალსა ღმერთსა შენსა,
22 თქვენ-თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჭამეთ გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად, როგორც ქურციკი და როგორც ირემი. 22 არამედ ქალაქთა შინა შენთა შეშჭამო იგი, წმიდამან და არაწმიდამან ზოგად. შეჭამონ ვითარცა ქურციკი და ვითარცა ირემი.
23 ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე. 23 ხოლო სისხლი მისი არა შეშჭამოთ, არამედ ვითარცა წყალი დასთხიოთ იგი ქუეყანასა ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე