ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს, ხარს, ცხვარსა თუ თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.

1

არა შესწირო შენ უფლისა ღმრთისა შენისა ზუარაკი, ანუ თუ ცხოვარი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ანუ სიხაშმე, რამეთუ საძაგელ არს იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

2 თუ აღმოჩნდა შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას, 2 იპოვოს თუ ვინმე შენ შორის, ანუ ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მიგცეს შენ მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი, რომელმან ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და გარდაჰჴდეს მცნებათა მისთა,
3 წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე, 3 და მივიდეს და ჰმსახუროს მან კერპთა და თაყუანი-სცეს მზესა, გინა მთოვარესა, გინა თუ ყოველსავე სამკაულსა ცისასა, რომლისაჲ მე არა უბრძანე მათ.
4 მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და, აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი - მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში, 4 და აგრძნეთ, გამოიძიეთ, გამოიკითხეთ ფრიად და, თუ ჭეშმარიტად ყოფილიყოს სიტყუაჲ ეგე ბილწებისაჲ შორის ისრაჱლსა,
5 გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი. 5 განიყვანო კაცი იგი გარეშე ქალაქსა, გინა თუ მამაკაცი იყოს, გინა თუ დედაკაცი იყოს, ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს. და, რომელი-იგი მოკუდებოდის,
6 ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს. 6 ორითა და სამითა მოწამითა მოკუედინ, ნუ ერთითა მოწამითა, ჴელნი პირველად მოწამეთა შეეხნედ.
7 ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან. 7 მოკუდინებად სიკუდილისა თანამდებისა მის, და მაშინღა ყოვლისა მის ერისანი შემდგომად მათისა, მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის.
8 თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი. 8 ვერ თუ რაჲმე შესაძლებელ იყოს თქუენ შორის სიტყუაჲ საშჯელისაჲ, განგებასა განსაგებელისასა, ანუ განკითხვასა რასმე სასჯელისასა, ანუ იჭუისა მიმართ რაჲსმე გონებისასა, ანუ ცილობისათჳს რაჲმე სიტყვისა სასჯელისაჲსა ქალაქთა შინა შენთა, აღსდგე და აღხვიდე შენ ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან თქუენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა,
9 მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო განაჩენს. 9 და მიხვიდე შენ მღდელთა მათ ლევიტელთა და მსაჯულნი იგი, რომელ იყვნენ მათ ჟამთა, და გამოიკითხონ სასჯელი იგი და გითხრან შენ განგებაჲ იგი სასჯელისა მის.
10 ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან. 10 და ჰყო მსგავსად სიტყვისა მის, რომელცა-იგი გითხრან შენ ადგილისა მისგან, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და ეკრძალო მას ყოფად ყოვლისა მის მცნებისა სასჯელისაჲსა.
11

იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართალის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი; არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.

11

რომელ-იგი შჯული შეგითხრა შენ და რაჲცა გასწაონ შენ, ჰყო შენ მსგავსად სიტყჳსა მის მათისა, რაჲცა-იგი გრქუან შენ, არა გარდააქციო შენ მარჯულ, არცა მარცხლ.

12 თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. 12 იყოს თუ ვინმე კაცი და ამპარტავნებდეს და არა ერჩდეს სიტყუასა მღდელისასა მის, რომელ-იგი დგეს მსახურად სახელისა მის უფლისა ღმრთისა შენისასა, ანუ თუ მსაჯულთა მათ, რომელნი დგეს მათ ჟამთა, სიკუდილისა თანამდებ არს იგი კაცი, სიკუდილით მოკუედინ და მოისპენ ბოროტი იგი ეგევითარი შორის ისრაჱლსა.
13 გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან. 13 რათა ყოველსა ერსა, რომელსა ესმეს, ეშინოდის და არღარა უსჯულოებდენ.
14 როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, დაეპატრონები მას და იცხოვრებ იქ და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო, 14 შე-თუ-ხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად მკვიდრობისა შენისა და დაეშენო მუნ და მოიჴსენო გულსა შენსა და სთქუა: ვიდგინო თავისა ჩემისა მთავარი, ვითარცა სხუათა ნათესავთა, რომელნი-იგი გარემო არიან ჩემსა.
15 დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე. 15 არა იდგინო შენ სხუაჲ, არამედ რომელნიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ არა ძმათა შენთაგანი იყოს.
16 ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით - 16 ნუუკუე ერისკრება-ყოს და განამრავლოს შენ ზედა მჴედარი და მიაქციოს ერი ეგე მუნვე ეგვიპტედ, რამეთუ უფალმან ესრე თქუა: არღარა შესძინოთ თქუენ მერმე მოქცევად გზასავე ამას.
17 არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული, არ იქონიოს უზომოდ ბევრი ოქრო-ვერცხლი. 17 და ნუ განიმრავლებნ თავისა თვისისა ცოლებსა, რათა არა განდრკეს გული მისი, ოქროსა და ვეცხლსა ნუ შეიკრებნ ძლიერად.
18 როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან. 18 და იყოს, რაჟამს დაჯდეს საყდართა მათ ზედა მთავრობისა მისისათა და გარდაწეროს წიგნი ესე მეორისა სჯულისაჲ წიგნთა
19 თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს, 19 მღდელთაგან და ლევიტელთა და იყოს მის თანა მარადის და ჰკითხვიდეს მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, რათა შეისწაოს შიში უფლისა ღმრთისა თჳსისაჲ და დაიმარხნეს ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი და ყოს ესე.
20 რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან. 20 რათა არა აღმაღლდეს გული მისი ძმათაგან თჳსთა და გარდააქციოს სჯულისა მისგან მარჯულ, ანუ მარცხლ, რათა დღეგრძელ იყოს მთავრობასა მას ზედა მისსა იგი და შვილნი მისნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე