ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გავბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა. დიდხანს ვუარეთ სეყირის მთას.

1

მერმე მოიქეცით მუნვე უდაბნოდ კერძო გზასა მას ერჳთრისა ზღუასა, ვითარცა მეტყოდა მე უფალი. და დავადგერით მთასა მას სეირსა მრავალ დღე.

2 ასე მითხრა უფალმა: 2 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:
3 გეყოფათ ამ მთის შემოვლა. ჩრდილოეთისკენ გაბრუნდით. 3 კმა იყავნ თქუენდა გარემოდგომაჲ მთისა მაგის სეირისა, აწ მოიქეცით თქუენ სამხრით კერძო:
4 ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით. 4 და ერსა მაგას ამცენ და არქუ: ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ არიან ფრიად.
5 ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა. 5 ხოლო თქუენ ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა, არცაღა წარსადგმელ ერთ ფერჴისა, რამეთუ ნაწილად მკჳდრობისა მიმიცემიეს მთაჲ იგი სეირი ესავსა.
6 საჭმელი შეიძინეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალიც იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით. 6 არამედ საჭმელი იყიდეთ მათგან და ჭამეთ და წყალი სასწორით იყიდეთ მათგან და სუთ.
7 რადგან უფალმა, შენმა ღმერთმა, გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზა-სავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს ორმოცი წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია. 7 რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა, განიგულე გონებასა შენსა, ვითარ განვლე შენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. ესე მეორმეოცე წელი არს, უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არაჲთ ნაკლულევან გყოს შენ.
8 ჩავუარეთ ჩვენს ნათესავებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყორაბას გზით, ელათიდან და ელიონ-გაბერიდან. მერე გავბრუნდით და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით. 8 და თანაწარვჰჴედით ჩუენ ძმათა ჩუენთა, ძეთა მათ ესავისთა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს, გზასა მას არაბიელთასა, ელათით და გასიონ გაბერით და მოვაქციეთ, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი მოაბელთაჲ.
9 მითხრა უფალმა: ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ. 9 მერმე სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და თქუა: ნუ ემტერებით მოაბელთა მაგათ და ნუცა აღადგინებთ მაგათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქუენ ქუეყანაჲ ეგე მაგათი ჴელთა თქუენთა, რამეთუ ძეთა ლოთისთა მიმიცემიეს იგი ნაწილად მკჳდრობისა მათისა,
10 ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად. 10 რამეთუ პირველად ომინელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი მრავალი და ძლიერი.
11

რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.

11

და ვითარცა აკიმრაფასიელნი იგი შეირაცხნეს, ეგრეცა ესენი, რომელნი აკიმს არიან, ეგრეცა მოაბელნი იგი სახელდებულ არიან ნოემად.

12 წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა. 12 და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკჳდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღჴოცეს, წარწყმიდეს იგი პირისაგან მათისა და დაემკჳდრნეს იგინი მათ წილ, ვითარცა ისრაჱლმან ყო ქუეყანაჲ იგი მკჳდრობისა მათისაჲ, რომელ-იგი მისცა მათ უფალმან.
13 ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს. 13 აწ აღდეგით და წარვედით ჴევსა მას ზარედისასა.
14 ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს. 14 და დღენი, ვინაჲთგან წარვედით ჩუენ კადეთ ბარნედ ვიდრე მისლვადმდე ჴევსა მას ზარედისასა, ოცდაათურამეტ წელ ვიდრე დასრულებადმდე ყოვლისა ნათესავისა კაცთა მათ მბრძოლთაჲსა ბანაკისა მისგან ისრაჱლთაჲსა, ვითარცა ეფუცა მათ უფალი.
15 უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ. 15 და იყო მათ ზედა ჴელი უფლისაჲ მოსპოლვად მათა ბანაკისა მისგან ვიდრე მოსპოლვადმდე მათა.
16 როცა მთლიანად გაწყდნენ მებრძოლები ერში, 16 და მოისრა ყოველი იგი კაცი მბრძოლი სიკუდილითა შორის ერსა მას.
17 ასე მელაპარაკა მე უფალი: 17 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:
18 ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ქალაქ ყართან, 18 შენ განვლო დღეს საზღვარი იგი მოაბელთაჲ არუჱრი.
19 და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ. 19 და მახლობელად წარჰჴდეთ თქუენ ძეთა მათ ამონისთა: ნუ ემტერებით მათ და ნუ აღუდგინებთ მათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქვენ ქუეყანაჲ იგი ძეთა მათ ამოსისთაჲ, რამეთუ ნაწილად ძეთა მათ ლოთისთა მიმიცემიეს.
20 ისიც რეფაიმთა ქვეყნად ითვლება, წინათ რეფაიმები ცხოვრობდნენ იქ. ამონელნი კი ზამ-ზუმიელებს უწოდებენ მათ. 20 ქუეყანაჲ იგი ჰრაფაიმი, რამეთუ ჰრაფაიმელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მუნ პირველად ამანიტელთა მათ, სახელი ჰრქჳან ზომზომინ,
21

დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო ყანაკელებივით. გაწყვიტა ისინი უფალმა მათ წინაშე. აჰყარეს ისინი და მათ ადგილას დასახლდნენ.

21

ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი, ვითარცა-იგი აკიმელნი. და წარწყმიდნა იგინი უფალმან პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მათ წილ მოდღეინდელად დღედმდე.

22 ასევე უყო ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, რომელთ წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათ ადგილას ცხოვრობენ. 22 ვითარცა-იგი უყო ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, ვითარცა-იგი აღჴოცა ქორეველი იგი პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მოდღეინდელად დღედმდე.
23 გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში დაზამდე, ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ, და დასახლდნენ მათ ადგილას. 23 და ეგრეცა ეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასეროთს გაზადმდე და კაბადუნი იგი, რომელ გამოვიდეს კაბადუკიაჲთ, მოსრნეს იგინი და დაეშენნეს იგინი მათ წილ.
24 ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას. 24 აწ თქუენცა აღდეგით, წარემართენით, განვლეთ ჴევი იგი არნონისაჲ, რამეთუ, ეგერა, მიმიცემიეს იგი ჴელთა თქუენთა, სეონ, მეფჱ იგი ამორეველთაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ქუეყანაჲ იგი მათი იწყედ დამკჳდრებად და იწყეთ მისა მიმართ ღუაწლი ბრძოლისა.
25 დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას. 25 დღესით დღითგან დავიდევ აერი და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთასა, რომელნი არიან პირსა ქუეშე ცისასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სალმობამან შეიპყრნეს იგი პირისაგან შენისა.
26 გავუგზავნე მოციქულები კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს და დავაბარე სათქმელად სამშვიდობო სიტყვები. 26 და წარვავლინნე მოციქულნი უდაბნოჲთ კადემოთით სეონისა მეფისა მის ესებონელთაჲსა სიტყჳთ მშჳდობისაჲთა.
27 გამატარე შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზებზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ, არც მარცხნივ-მეთქი. 27 და ვარქუ, ვითარმედ განვლო ქუეყანაჲ ეგე შენი, მგზავრ ვიდოდი, არა მივაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.
28 საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ, წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი; 28 საჭმელი ვეცხლითა ჩემითა ვიყიდო და ვჭამოთ და წყალი ვეცხლი ვიყიდოთ და ვსუათ, გარნა გზაჲ ხოლო განვლოთ ფერჴითა ჩუენითა.
29 ისევე, როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი, და მოაბელები, ყარის მკვიდრნი, ვიდრე იორდანეს გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი. 29 განვლეთ ქუეყანა იგი ძეთა მათ ესავისთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს და ვითარცა განვლეთ ქუეყანაჲ იგი მოაბელთაჲ რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან აროჱრს, ვიდრე წიაღვლო მე იორდანე, მივიწიო ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.
30 მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ. 30 და არა ინება მეფემან მან ესებონელთამან განსლვაჲ ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი, რათა მოგცეს იგი ჴელთა შენთა დღესდღე.
31

მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.

31

და სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: აჰა, ესერა, მიწყიეს მე მიცემად წინაშე შენდა სეონ მეფჱ ესებონისაჲ, ამორეველი იგი, აწ იწყე განაწილებად და დამკჳდრებად ქუეყანაჲ იგი მისი.

32 გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. 32 და მოვიდა სეონ მეფჱ იგი ამორეველთაჲ და ყოველი იგი ერი მისი მის თანა შემთხუევად ჩუენდა ღუაწლით ბრძოლასა.
33 ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი. 33 და განწირა იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა და მოვსართ იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.
34 მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი. 34 და მოვიპყართ ყოველი ქალაქები მისი მას ჟამსა შინა, და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი ერთბამად და მოვწყჳდეთ ცოლი და შვილი მისი ყოველივე, რაჲცა იყო მისი, არა განერა ერთისა კაცი ცოცხალი, გარნა საცხოვარი მათი ტყუედ წარმოვიღეთ.
35 ოღონდ საქონელი წამოვასხით და სხვა ნადავლიც წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან. 35 და ნატყუენავი ქალაქთა მათთაჲ წარმოვიღეთ
36 ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზე მდებარერს, და ხეობის ქალაქიდან გალაადამდე არ შეგვხვედრია ქალაქი, მიუდგომელი რომ ყოფილიყო ჩვენთვის. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. 36 აროერით, რომელ-იგი არს კიდესა ზედა მდინარისა მის არონისასა, და ქალაქი იგი ძნელოვანი, რომელ დაშენებულ იყო ჴევსა მას ვიდრე მთადმდე გალადისა და არა იყო ქალაქი, რომელიმცა განერა ჴელთაგან ჩუენთა, არამედ ყოველი იგი ქალაქები მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.
37 ოღონდ არ მიდგომიხარ ყამონიანთა ქვეყანას, იაკობის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, რომლის აღებაც აგვიკრძალა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. 37 ხოლო ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა არად შევეხენით საზღვართა მათთა ნაღუარევთასა იაბოკისთა და ყოველი იგი ქალაქები მთის კერძო ვითარცა გუამცნო ჩუენ უფალმან ღმეთმან ჩუენმან.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე