ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის დაკარგულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, არამედ დაუბრუნე იგი შენს მოძმეს.

1

ნუ უგულებელს-ჰყოფ ზროხასა, გინა თუ ცხოვარსა შეცთომილსა ძმისა შენისასა, ნუ უდებ-ჰყოფ მას, არამედ მოქცევით მოაქციო იგი და მისცე ძმასავე მას შენსა.

2 თუ შორს არის შენგან შენი მოძმე ან არ იცნობ მას, შეიფარე ისინი შენს სახლში და შენთან იყვნენ, ვიდრე შენი მოძმე არ მოიკითხავს მათ. მაშინ დაუბრუნე. 2 უკეთუ შორს იყოს უფალი იგი მისი ადგილობანს, ნუ დაუტევებნ მას, არამედ მოსერო იგი და შეასხა სახიდ შენდა, და რაჟამს ეძიებდეს ძმა იგი შენი, მისცე მას.
3 ასე მოიქეცი მისი სახედრის მიმართ, მისი ტანსაცმლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც დაკარგა შენმა მოძმემ და შენ იპოვნე; არა გაქვს უფლება თავი აარიდო მათ. 3 ეგრეცა კარაული მისი ჰყო, ეგრეცა ფიჩჳ მისი ჰყო, ეგრეცა სამოსელი მისი ჰყო, ეგრეცა ყოველი ჰყო, რაჲცა წამებულ იყოს ძმისა მის შენისა, რაჟამს ჰპოო იგი, არა უგულებელს-ჰყო იგი, არამეღ აღიღო იგი და მისცე მას.
4 ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის სახედარს ან ხარს გზაზე დავარდნილს დაინახავ; უნდა შეეშველო მას წამოყენებაში. 4 ნუ უგულებელს-ჰყოფ კარაულსა ძმისა შენისა, ანუ თუ ვირსა, ანუ თუ ჴარსა, რომელი დაცემულ იყოს გზასა ზედა, არამედ შეეწიო მას და აღადგინო იგი.
5 ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის. 5 ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.
6 თუ გზად გადაეყრები ჩიტის ბუდეს, ბარტყებიანს ან კვერცხებიანს, და დედა აზის ბარტყებს თუ კვერცხებს, არ აიყვანო დედა თავის ბარტყებიანა. 6 უკეთუ ჰპოვნე სადამე შენ მართუენი მფრინველისანი ბუდეთა ზედა, ანუ თუ ხეთა ზედა, ანუ თუ ქუეყანასა, ანუ თუ მართუენი, ანუ კუერცხნი, და დედაჲ იგი ზედა ჯდეს, ანუ აცხობდეს, ანუ თუ ზრდიდეს, ნუ წარმოჰკრებ მართუეთა მათ დედითურთ.
7 დედა გაუშვი, ბარტყები კი წაიყვანე, რომ კარგად იყო და დღეგრძელი იყო. 7 არამედ დედაჲ იგი განტევებით განუტეო, ხოლო მართუენი იგი წარმოჰკრიბნე, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო.
8 თუ ახალ სახლს ააშენებ, ბანს მოაჯირი შემოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან. 8 იშენებდე თუ სახლსა ახალსა ბედედად, არდაბაგი გარემოჲს მოაქმნე კედელთა მისთა, რათა არა გარდავარდეს, რომელი-იგი გარდავრდომად იყოს და შეიქმნეს კაცის-კლვაჲ სახლსა შენსა.
9 ნუ დათესავ ვენახში ორნაირ ჯიშს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ და ვენახის მოსავალი. 9 ვენაჴსა შინა შენსა ყანასა ნუ დასთესავ და ნუცა ორს ლარკს ჰყოფ მას, რამეთუ არა განწმიდნეს ნაყოფი იგი თესულისა მის შენისაჲ ნაყოფისა მის ვენაჴისა თანა.
10 ნუ მოხნავ ხარითა და სახედრით ერთად. 10 ნუ ჰჴნავ ჴარითა და ვირითა ერთად, ნუ შეიმოს სამოსელსა, რომლისაჲ მატყლი და სელი შერთულად მოქსოვილ იყოს.
11

ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელის ქსოვილისგან შეკერილ ტანისამოსს.

11

სადგმელთა იქცევისთა ნუ დაადგამ ოთხთავე კიდეთა სამოსლისა შენისათა, რომელ შეიმოსო შენ.

12 ფოჩები გაუკეთე ოთხივე კუთხეზე შენს საბანს, რომელსაც იხურავ. 12 უკეთუ ისუას ვისმე ცოლი
13 თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას, 13 და მოიძულოს იგი,
14 ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო, 14 და მიზეზით სიტყუასა დასდებდეს მას და სახელსა ბოროტსა განუჴდიდეს მას და თქუას: არა ქალწული დავიპყარ დედაკაცი ესე,
15 ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან. 15 მოიყვანონ დედამან და მამამან მის ქალისამან წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა მის ქალაქისათა მსგავსად ქალწულებისა მისისა.
16 უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა. 16 და ბჭეთა ზედა თქუან მამა-დედათა მის ქალისათა მოხუცებულთა მათ წინაშე: ესე ასული ჩუენი მივეცით კაცსა ამას ცოლად.
17 აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ. 17 და ესე სიძულილით მიზეზსა უკრებს და დასდებს სიტყუასა, ვითარმედ: ასული ესე შენი არა ქალწული დავიპყარო, განსძარცონ სამოსელი მისი და განიხილონ იგი მსგავსად ქალწულებისა წინაშე ერისა მის და თუ ქალწული იყოს,
18 ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი. 18 მოიყვანონ კაცი იგი მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გუემონ იგი,
19 ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში. 19 და აზღვიონ მას ათასი სასწორი ვეცხლი და მისცენ მამასა მის ქალისასა, რამეთუ სახელი ბოროტი განუჴდა ქალწულსა მას ისრაჱლისასა. და ქალი იგი მისცენ მასვე ცოლად და იყოს მის თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
20 თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა, 20 უკუეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი და არა იპოოს ქალწულებაჲ ქალისა მის თანა,
21

გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.

21

გამოიყვანონ ქალი იგი და მოიყვანონ კართა მამისა თჳსისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას კაცთა მის ქალაქისათა და მოკუდეს, რამეთუ უგუნურებაჲ ყო მან შორის ისრაჱლსა და შეაგინა სახლი იგი მამისა თჳსისა და მოისპოს ბოროტი იგი შენ შორის.

22 თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. 22 და თუ ვინმე შეიპყრას მამაკაცი ქმრისცოლისა თანა სიძვასა, მოსწყვიდნეთ ორნივე იგი ერთად მამაკაციცა და დედაკაციცა და მოსპო ბოროტი იგი შორის ისრაჱლსა,
23 თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან, 23 იყოს თუ ვინმე ქალი ქალწული და განთხოვილ იყოს და შეიპყრას სხუამან კაცმან ქალაქსა შინა და შეაგინოს იგი,
24 გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. 24 გამოიყვანეთ იგი გარეშე ქალაქსა მათსა და ქვაჲ დაჰკრიბონ მათ და მოწყდენ ქალსა მას მით, რამეთუ არა ჴმა-ყო მამაკაცსა ამით, რამეთუ აგინა ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ და მოისპენ ბოროტი იგი თქუენ შორის.
25 თუ მინდორში შეხვდება კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, უნდა მოიკლას მხოლოდ კაცი, რომელიც ქალთან დაწვა. 25 და-თუ ვინმე-აპყრას კაცმან ველსა გარე ქალი განთხოვილი და მჰძლავროს და დაიწანოს იგი, მოკუედინ მამაკაცი იგი, რომელმან დაიწანა.
26 ყმაწვილ ქალს არაფერი დაუშავო, სასიკვდილო დანაშაული არ აწევს ყმაწვილ ქალს, რადგან ეს იმგვარი საქმეა, გინდა კაცი დასხმოდეს თავის მოყვასს და მოეკლას. 26 ხოლო ისრაჱლსა მას ნურა ევნებინ, რამეთუ არა თანა-აც მას ბრალი სიკუდილისაჲ, რამეთუ ვითარცა კაცმან, რომელმან დააპყრის კაცი ველსა ზედა და მოკლის, იგი საქმე წარჴდა ქალსა ამას.
27 რადგან მინდორში შეხვდა მას, და თუნდაც ეყვირა ყმაწვილ ქალს, არავინ იქნებოდა მისი მშველელი. 27 რამეთუ ველსა დაეპყრა, ღაღადებდა და არა ვინ შეეწია მას.
28 თუ ვინმე შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, დაიჭერს, დაწვება მასთან და წაასწრებენ, 28 შე-თუ ვინმე-იპყრას ქალი ქალწული განთხოვილი, ველსა ჰმძლავროს და დაიწანოს იგი და გამოჩნდეს,
29 მისცეს ყმაწვილ ქალთან ნაწოლმა კაცმა მის მამას ორმოცდაათი ვერცხლი, ქალი კი მისი ცოლი გახდეს იმის სანაცვლოდ, რომ ძალა იხმარა მასზე. არ შეეძლება მისი გაშვება თავის სიცოცხლეში. 29 მიეცინ კაცმან მან მამასა მის ქალისასა ერგასი სატირი ვეცხლი და ქალი იგი იყავნ მისავე ცოლად, რამეთუ აგინა იგი, და ნუ უფლიედ განტევებაჲ მისი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
30 არავინ ითხოვოს თავისი მამის ცოლი და არ გადაუწიოს კალთა თავის მამას. 30 ცოლსა მამისა შენისასა ნუ ცოლს-იყოფ, რათა არა განცხადო სარცხვენელი მამისა შენისაჲ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე