ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა - კურთხევა და წყეელა, რომელიც გადმოვეცი შენს წინაშე, მოგიბრუნდება გული იმ ხალხთა შორის მყოფს, სადაც ეყოლები გაგდებული უფალს, შენს ღმერთს,

1

და იყოს, რაჟამს მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი კურთხევისა და წყევისანი, რომელ-ესე მიგცე შენ წინაშე თქუენსა. შეიწყნარნე ეგენი გულსა შენსა ყოველთა შორის წარმართთა და მოიქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა.

2 მიბრუნდები უფლის, შენი ღმერთისაკენ, და შეისმენ მის სიტყვას, როგორც გარიგებ დღეს, შენს შვილებთან ერთად მთელი შენი გულითა და სულით, 2 და ისმინო ჴმისა ამისაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და ჰყო იგი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
3 მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს. 3 გილხინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ცოდვათა შენთა და შეგიწყალოს შენ და შეგკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან ნათესავთა, რომელსაცა-იგი განბნეულ იყო შენ მუნ.
4 ცის კიდემდეც რომ იყო გაგდებული, იქიდან შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, იქიდან წამოგიყვანს. 4 და გან-ღა-თუ-ბნეულ იყო შენ კიდითგან ქვეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე მისა, მიერცა შემო-ვე-გკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან და მოგიყვანოს.
5 მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდა შენს მამა-პაპას, და დაიმკვიდრებ მას; აგაშენებს და შენს მამა-პაპაზე უფრო გაგამრავლებს. 5 და შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი დამკჳდრებულ იყვნეს მამანი იგი შენნი და გაკურთხოს შენ და კეთილი გეყოს შენ და განგამრავლოს შენ უფროჲს მამათა მათ შენთა.
6 წინდაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე. 6 და განწმიდოს უფალმან გული შენი და გული ნათესავისა მის შენისა შეყუარებად უფლისა ღმრთისა შენისა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.
7 მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელს ამ წყევლას შენს მტრებზე და მოძულეებზე, რომლებიც გდევნიდნენ შენ. 7 და მიავლინოს უფალმან ღმერთმან შენმან წყევაჲ ესე მტერთა მათ შენთა და მოძულეთა შენთა, რომელნი-იგი გდევნიდეს შენ.
8 მოიქცევი და შეისმენ უფლის სიტყვას, შეასრულებ ყოველ მის მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღეს. 8 მო-თუ-იქცე და ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი მისნი, რომელსა-სეე მე გამცნებ შენ დღესდღე.
9 გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ - შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენს გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა. 9 და დღეგრძელ-გყოს შენ უფალმან ღმრთმან შენმან და განგიმრავლნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი, და ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ და ნაშობნი საცხოვართა შენთანი. და მოიქცეს უფალი ღმერთი და იხარებდეს შენდა მიმართ კეთილის-ყოფითა, ვითარცა-იგი იხარებდა მამათა შენთა ზედა.
10 რადგან შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და დაიცავ მის ცნებებს და წესებს, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი. მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით. 10 უკეთუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და ჰყვნე ყოველნი სამართალნი მისნი და მშჯავრნი მისნი, რომელ-ესე წერილ არიან წიგნსა მას შჯულისასა, მო-თუ-იქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,
11

რადგან ეს მცნება, რომელსაც დღეს გიცხადებ, არ არის შენთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი.

11

რამეთუ მცნებაჲ ესე, რომელსა, ესერა, გამცნებ შენ დღეს, რამეთუ არა სიმძიმე რაჲ არს შენდა, არცა განშორებულ არს შენგან, არცა ზეცას არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ აღვიდეს ზეცად,

12 არ არის ცაში იგი, რომ ითქვას: ვინ ჩამოგვიტანს მას ციდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ? 12 და არცა ქუეყანასა, სთქვათ: ვინ წარვიდეს და მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ და ვყოთ იგი,
13 არც ზღვის გაღმაა იგი, რომ ითქვას: ვინ გამოგვიტანს მას ზღვის გაღმიდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ? 13 არცაღა ზღუასა წიაღ არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ წიაღჰჴდეს და წიაღ მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ ჩუენ და ვყოთ იგი.
14 რადგან ძალზე ახლოს არის შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზეა, შენს გულშია იგი და შეასრულე! 14 მახლობელ არს შენდა სიტყუაჲ იგი ფრიად, პირსა შენსა შინა არს და გულსა შენსა და ჴელთა შენთა შინა არს ყოფაჲ მისი.
15 აჰა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება, 15 აჰა, ესერა, მიმიცემიეს თქუენ წინაშე დღესდღე ცხორებაჲ და სიკუდილი.
16 რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. 16 ისმინე თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს და შეიყუარო შენ უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი ყოველთა გზათა მისთა. და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი, სცხონდეთ და განმრავლდეთ და შეხჳდეთ დამკჳდრებად მუნ.
17 თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს, 17 უკეთუ გარდა-რაჲმე-იცვალოს გული შენი და არა ისმინო შენ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შესცთე და თაყუანის-სცემდე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე შენ მათ.
18 დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. 18 გაუწყებ შენ დღესდღე, რამეთუ წარწყმედით წარსწყმდეთ თქუენ და არა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, რომლისათჳს წიაღხუალ შენ იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად მუნ.
19 ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, 19 მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.
20 გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს. 20 შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ისმინე ჴმისა მისისა და შეიკრძალე იგი მტკიცე... დამკჳდრებად შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე