ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელს ისრაელს:

1

და დაასრულნა მოსე ყოველნი იგი სიტყუანი, რომელთა-იგი ეტყოდა ძეთა მიმართ ისრაილისათა.

2 უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს. 2 და ჰრქუა მათ: ასოც წლის ვარ მე დღეს და ვერ მიძლავს მე შემოსლვად და განსლვად თქუენ წინაშე, რამეთუ უფალმანცა მრქუა მე, ვითარმედ: არა წიაღჰჴდე შენ იორდანესა.
3 თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენს წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა. 3 უფალი ღმერთი წინაგიძღოდის შენ და მან მოსპნეს ყოველნი მტერნი შენნი წინაშე პირსა შენსა და დაგიმკჳდროს შენ ქუეყანაჲ იგი, რამეთუ ისო წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა, ვითარცა ეტყოდა ღმერთი.
4 ისევე მოექცევა მათ უფალი, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველ მეფეებს, და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი. 4 ეგრეცა უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, რაჲცა-იგი უყო სეონს და ოგს, ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა...
5 ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი და მოექცევი მათ იმ მცნების თანახმად, როგორც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის. 5 მოგცნა იგინი მან ღმერთმან თქუენმან ჴელთა თქუენთა და უყავთ მათ, ვითარა-იგი გამცენ თქუენ:
6 გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს. 6 მჴნე იყავ, განძლიერდი, ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები, ნუცა დაბრკოლდები პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანაგივალს შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ.
7 დაიბარა მოსემ იესო და უთხრა მთელი ისრაელის თვალწინ: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას, შენ უნდა დაუნაწილო მათ სამკვიდროები. 7 მერმე სიტყუად იწყო მოსე ისოჲსა და ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ წარუძღუე ერსა ამას და შეხჳდე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა მიცემად მაგათ და შენ დაუმკჳდრო იგი მაგათ.
8 თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები. 8 და უფალი ღმერთი თანაგივიდოდის შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ, ნუ გეშინინ. ნუცა შესძრწუნდები შენ...
9 დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, საუფლო აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის მთელს უხუცესობას. 9 წიგნსა და მატიანთა, და მისცა იგი ძეთა ლევისთა მღდელთა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲსა და ყოველთა მათ მოხუცებულთა ერისა მის ისრაჱლისათა.
10 ასე უბრძანა მათ მოსემ: მეშვიდე წლის ბოლოს, პატიების დანიშნულ წელს, კარვობის დღესასწაულზე, 10 მერმე ამცნებდა მათ მოსე მას დღესა შინა და ჰრქუა: მეშჳდესა მას წელსა ჟამსა მას წელიწადისა მის მიტევებისასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა,
11

როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.

11

რაჟამს შეკრბებოდიან ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი წარდგომად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან და აღმოიკითხოდის წიგნი ესე შჯულისაჲ ყოველთა მათ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ყურთა ყოვლისა მის

12 შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა. 12 კრებულისა ერისათა მამებისა და დედებისათა, რომელ იყოს ქალაქთა შინა შენთა, რათა ესმოდის და შეისწაონ შიში იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა და ისმინონ და ყონ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.
13 მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. 13 და შვილთაცა მათთა, რომელთა არა იცოდიან, ისმინონ და შეისწაონ შიში უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენ ცხონდენ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-ეგე თქუენ წიაღხუალთ იორდანესა დამკჳდრებად მისა.
14 უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიწურა სიკვდილად შენი დღეები. დაუძახე იესოს, დადექით სადღესასწაულო კარავთან და მე დავმოძღვრავ მას. წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ სადღესასწაულო კარავთან. 14 მერმე სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: ესერა, მოახლებულ არიან დღენი სიკუდილისა შენისანი, მოუწოდე ისოს და დაადგინე იგი კაცთა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და ვამცნებდე მას. და მივიდეს მოსე და ისო კარავსა მას საწამებელისასა და დადგეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.
15 გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან. 15 და გარდამოჴდა უფალი სუეტითა მით ღრუბლისაჲთა წინაშე კართა მის საწამებელისათა.
16 უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას. 16 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აწ, ეგერა, დაიძინო მამათა შენთა თანა და აღდგეს ერი იგი, ისიძვიდეს სამსახურებელთა მიმართ უცხოთა მაგის ქუეყანისათა, რომელსა შევლენან მაგას და დამიტეონ მე და გარდაჰჴდენ შჯულსა მას და მცნებათა ჩემთა, რომელ ვამცენ მათ.
17 აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში! 17 და განვრისხნე გულისწყრომით მათ ზედა მას დღესა შინა და დავსთხინე იგინი და გარემივაქციო პირი ჩემი მათგან და იყვნენ იგინი საჭმლად მჴეცთა ქუეყანისათა, იპოვნენ იგინი ძჳრთა პირად-პირადთა და ჭირთა და თქუენ მას დღესა შინა, არა ვიდრემე ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი, ამისთჳს მპოვნეს ჩუენ ძჳრთა ამათ პირად-პირადთა და ჭირთა.
18 სახეს დავმალავ იმ დღეს მის მიერ ჩადენილი ყველა უკეთურების გამო, რადგან უცხო ღმერთებს აეკიდა. 18 და მე გარემიქცევითა გარემოვიქციო პირი ჩემი მათგან მას დღესა შინა უკეთურებათა მათთათჳს, რიმელსა-იგი იქმოდეს, რამეთუ მიეცეს სამსახურებელთა უცხოთა.
19 ახლა ჩაიწერეთ ეს სიმღერა და ასწავლე ისრაელიანებს, ჩაუდევი ბაგეებში, რომ მემოწმებოდეს ეს სიმღერა ისრაელიანებთან. 19 და აწ დაწერენით სიტყუანი ესე ამის გალობისანი და დაასწავლენით ძეთა მათ ისრაჱლისათა და შეასწავენით იგინი პირსა მათსა, რათა იყოს გალობაჲ ეგე საწამებელად ძეთა მაგათ შორის ისრაჱლისათა.  
20 როცა მივიყვან მათი მამა-პაპისთვის აღთქმულ მიწაზე, სადაც ღვარად დის ზეთი და თაფლი, ჭამით გაძღებიან და გასუქდებიან, მაშინ უცხო ღმერთებისკენ მიბრუნდებიან და მათ დაუწყებენ სამსახურს; დამგმობენ მე და დაარღვევენ ჩემს აღთქმას. 20 რაჟამს შევიყვანენ იგინი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათ თქუენთა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ჭამონ და განძღენ და მიიქცენ კერპთა მათ მიმართ უცხოთა და ჰმსახურებდენ მათ და განმარისხონ მე და გარდაჰჴდენ მცნებათა მათ შჯულისა ჩემისათა.
21

მაგრამ როცა შეემთხვევათ ბევრი უბედურება და გაჭირვება, მოწმე იქნება ეს სიმღერა მათთვის, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; რადგან ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში შევიყვანდე.

21

და იყოს, რაჟამს პოვნენ იგინი ჭირთა ბოროტთა და ძჳრთა და აღუდგეს წინაშე პირსა მათსა გალობაჲ ესე საწამებელად ჩემდა. და არა დავიწყებულ იყოს ეს პირისაგან ნათესავისა მათისა, რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ იგი მათი, რომელსა-ეგე იქმან დღეს, ვიდრე არღა შემიყვანებიან ეგენი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა.

22 ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელიანებს. 22 დაწერა მოსე გალობაჲ ესე მას დღესა შინა და ასწავებდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
23 უბრძანა იესო ნავეს ძეს და უთხრა: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელიანებს ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი მათ. მე ვიქნები შენთან. 23 და ამცნებდა მოსე ისოს, ძესა ნავესსა, და ჰრქუა მას: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ შეიყვანნე ძენი ეგე ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი მათ, რამეთუ იგი თავადი წინაგიძღოდის შენ.
24 როცა ბოლომდე დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, 24 იყო, რაჟამს დაასრულნა მოსე შთაწერად სიტყუანი ესე ამის სჯულისანი წიგნთა მატიანთასა.
25 ასე უბრძანა მოსემ ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ: 25 ამცნებდა ლევიტელთა მათ, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲ და ჰრქუა:
26 აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ. 26 მიიღე წიგნი ესე მცნებათა მათ შჯულისა მის უფლისათაჲ და შთადევ ეგე გუერდით კერძო კიდობნისა მის შჯულისა მის უფლისა და იყავნ ეგე თქუენ შორის საწამებელად,
27 რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ? 27 რამეთუ მე უწყი ზრზინებაჲ ეგე თქუენი და ქედფიცხელებაჲ ეგე თქუენი. რამეთუ მე, ესერა, ვიდრე ცოცხალღა ვარ დღეს, განამწარებთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, რავდენღა უფროჲს სიკუდილისა ჩემისა ჰყოთ ესე თქუენ.
28 შემიკრიბეთ თქვენი შტოების უხუცესები და რჯულისკაცები და მათ გასაგონად გამოვაცხადებ ამ სიტყვებს, მოწმედ მოვიყვან მათთვის ცასა და მიწას. 28 აწ შემოკრიბე ჩემ წინაშე მთავრები იგი თქუენი და მღდელნი თქუენნი და მსაჯულნი თქუენნი და მწიგნობარნი იგი განმგებელნი თქუენნი, რათა ვეტყოდი ყურთა მათთა სიტყუათა ამათ და დავდვა აღთქუმა ესე ჩემი მათ თანა და მოწამე ვიყო მათ წინაშე ცაჲ და ქუეყანაჲ.
29 რადგან ვიცი, რომ გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე დაგიწესეთ; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო ხანებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში, გააბრაზებთ მას თქვენი ნამოქმედარით. 29 უწყი მე, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა ჩემისა უსჯულოებით უსჯულოებდეთ და გარდააქციოთ გზისა მისგან, რომელ-ესე მე გამცენ თქუენ და შეგემთხჳოს თქუენ ბოროტი შემდგომად მათ დღეთა, რამეთუ ბოროტსა იქმოდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და განარისხოთ საქმითა მით ჴელთა თქუენთაჲთა.
30 წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი საკრებულოს გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები თავიდან ბოლომდე: 30 და ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ გალობისათა ყურთა ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისათა მიაღსასრულადმდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე