ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!

1

მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2 წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე. 2 მოელოდენ ვითარცა წჳმასა სიტყუასა ჩემსა, გარდამოვიდოდენ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი,
3 რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს! 3 ვითარცა წჳმაჲ მწვანვილსა ზედა და ვითარცა თოვლი თივათა ზედა, რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადეთ, მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა.
4 კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი. 4 ღმერთი ჩუენი, ჭეშმარიტებით არიან საქმენი მისნი და ყოველნი გზანი მისნი სიმართლით არიან, ღმერთი სარწმუნო არს და არა არს სიცრუვე მის თანა, მართალ და წრფელ არს უფალი.
5 გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა. 5 შესცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან.
6 ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა! 6 ესე მოსაგებელი მოაგეს უფალსა ამან ერმან ცოფმან და არაბრძენმან ამან, რამეთუ თავადმან მამამან შენმან მოგიპოვა შენ, შეგქმნა შენ და დაგბადა შენ.
7 გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! 7 მოიჴსენენ დღენი იგი საუკუნენი და გულისხმა-ყვენ წელიწადნი იგი. თესლითი თესლამდე ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ.
8 როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ. 8 რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა,
9 რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო. 9 და იყო ნაწილად უფლისა ერი თჳსი იაკობი, ნამთაულად სამკჳდრებელისა თჳსისა ისრაჱლი.
10 იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით. 10 უნაკლულო-ყვნა იგინი უდაბნოსა მას ზედა წყურიელსა მას სიცხისასა და ურწყულსა გარემოადგა მათ და განწვალნა იგინი და დაიცვნა იგინი, ვითარცა გუგაჲ თუალისა.
11

როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით,

11

ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნა ბუდენი თჳსნი და მართუეთა თვისთა სუროდა, განყვნა ფრთენი თვისნი და შეიკრიბნა იგინი და აღიმატნა იგი ბეჭთა ზედა თჳსთა.

12 ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი. 12 უფალი ხოლოჲ უძღოდა მათ და არავინ იყო მათდა სხუა ღმერთ.
13 დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან, 13 აღმოიყვანნა იგინი ძალსა მას ზედა ქუეყანისასა და აჭამა მათ ნაყოფი იგი ველთაჲ, ჭამდეს იგინი თაფლსა კლდისაგან და ზეთსა კლდისა მისგან უღაღისა.
14 ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს. 14 ერბოსა, ზროხათა, სძესა ცხოვართასა, ცმელითა კრავთაჲთა და ვერძთაჲთა, ნაშობსა კუროთასა და ვაცთასა, თირკუმელთა ცმელთა, იფქლსა, სისხლსა ყურძნისასა სუმიდეს ღჳნოსა.
15 გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი. 15 ჭამა იაკობ, განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა, დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა.
16 გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს. 16 განმარისხეს მე უცხოთა მათ სამსახურებელთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე.
17 მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არაღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას. 17 უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ, რომელი-იგი არა იცოდეს ცრუთა მათ საწუთროჲთ მოხუმულთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.
18 კლდე კი, შენი გამჩენი აღარ გახსოვს, დავიწყებული გგყავს ღმერთი, შენი შემქმნელი. 18 აწ ღმერთი, რომელმან გშვა შენ, დაუტევე და დაივიწყე ღმერთი გამომზრდელი შენი.
19 დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები. 19 იხილა ესე უფალმან და აღიშურვა და განრისხნა გულისწყრომითა ძეთა და ასულთა მათთაჲთა.
20 თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს. 20 და თქუა უფალმან: გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და განვაცხადო, რაჲ-იგი ყოფად არს მათა შემდგომად ჟამსა, რამეთუ ნათესავი ესე განდრეკილი არს, ნაშობნი არიან, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.
21

გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.

21

მათ მაშურეს მე არა ღმერთთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე, აწ მეცა ვაშურო მათ ნათესავსა მას ზედა შეურაცხსა და ნათესავითა მით უცები, განვკაფნე იგინი,

22 რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს. 22 რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისგან ჩემისა, შთასწუვიდეს ჯოჯოხეთამდე ქუესკნელად შეჭამოს ქუეყანაჲ ნაყოფითურთ თჳსით და შეწუნეს საფუძველნი მთათანი.
23 ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს. 23 დავჰკრიბო ძჳრი მათ ზედა და ისარნი ჩემნი დავასრულნე მათ ზედა.
24 ილაჯს გაუწყვეტს შიმშილი, შეჭამს სიცხე და შავი ჭირი. მხეცების კბილებს, ქვეწარმავალთა შხამით სავსეს, მივუშვებ მათზე. 24 განჰკფდენ იგინი სიყმილითა და მიეცნენ საჭმლად მფრინველთა ცისათა და სალმობაჲ იგი განმამრუდებელი დაეცვეს მათ ზედა, კბილნი მძჳნვარეთანი მივავლინნე მათ ზედა, რომელნი გულისწყრომით ითრევდეს ქუეყანასა ზედა.
25 გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით- შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად. 25 გარეშე უმკჳდროვნეს იგინი მახჳლმან საუნჯით მათითგან შიშმან ჭაბუკნი და ქალწულნი ძუძუჲსმწოვარნი მოხუცებულთა თანა დღითა.
26 ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან, 26 და თქუა უფალმან: განვაბნინე იგინი და განვაქარვო კაცთაგან საჴსენებელი მათი.
27 რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი. 27 არა თუმცა გულისწყრომითა მტერთაჲთა, რათა არა მყოვარ ჟამ იყვნენ და რათა არა განმრავლდენ მჴდომნი იგი მათნი და რათა არა თქუან: იყოვე ჴელი ჩუენი უაღრეს მათ ზედა, არა თუმცა უფალმან ყო ესე ყოველი.
28 რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში. 28 რამეთუ ნათესავი ესე წარწყმედისაჲ მზრახვალი არს და არა არს მათ თანა მეცნიერებაჲ.
29 სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს. 29 არა ცნეს ესე გულისხმის-ყოფად, თავს-იდვან ესე მომავალთა.
30 ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში? 30 ვითარმე იოტოს ერთმან ათასები და ორმან წარიქციის ბევრები, არა თუმცა ღმერთმან განიჭნა იგინი და უფალმან მისცნა იგინი?
31

რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.

31

რამეთუ არა ეგრე იყვნენ კერპნი მათნი, ვითარ ღმერთი ჩუენი, ხოლო მტერნი ჩუენნი უგუნურ იყვნენ.

32 რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები. 32 რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძნე მათი და ვენაჴები მათი გომორელთაგან, ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ და ტევანი სიმწარისა მათისაჲ.
33 გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი. 33 გულისწყრომაჲ ვეშაპთაჲ იყო ღჳნოჲ მათი და რისხვაჲ ასპიტთაჲ განუკურნებელი.
34 ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი? 34 აჰა, ესერა, ესე ყოველი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა.
35 მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა. 35 დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსაცა შეუცთენ ფერჴნი მათნი, რამეთუ ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისაჲ და მოწევნულ არს განმზადებული მათ ზედა.
36 როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი. 36 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ნუგეშინის-სცეს, რამეთუ იხილნა იგინი ნაკლულევანნი, ჴუებულნი, ტყუედ წარქცეულნი და განკაფულნი.
37 იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი? 37 და თქუა უფალმან: აწ სადა არიან კერპნი იგი თქუენნი, რომელთა-იგი თქვენ ესევდით,
38 რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ! 38 რამეთუ ცმელსა ნაზორევსა მათთასა შჭამდით და სუემდით თქუენ ღჳნოსა ნაგებსა მათთასა. აწ აღდგენ და შეგეწინენ და გეყვნენ თქუენ იგინი მფარველ.
39 ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. 39 იხილეთ, იხილეთ, რამეოუ მე ვარ და არა არს სხუა ღმერთ ჩემსა გარეშე, მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ჴელსა ჩემსა.
40 რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე! 40 რამეთუ მივყო ცად ჴელი ჩემი და ვფუცო მარჯუენესა ჩემსა, და ვთქუა: ცხოველ ვარ მე უკუნისამდე.
41 თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს. 41

რამეთუ აღვლესო, ვითარცა ელვაჲ, ჴრმალი ჩემი და განვიმზადო შჯად ჴელი ჩემი, შური ვიძიო და მივაგო სასჯელი, მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო.

42

სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.

42 დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა და ნატყუენავებისათა და თავებისაგან მთავართაჲსა და მტერთაჲსა. იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანი-სცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი.
43 ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს. 43 იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისნი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, შური იძიოს და მიაგოს სასჯელი მტერთა მოძულეთა თჳსთა, კუალად-აგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანა იგი ერისა თჳსისაჲ (და დაწერა მოსე გალობა ესე მას დღესა შინა და დაასწავა იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა).
44 მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ხალხის გასაგონად, მასთან იყო იესო ნავეს ძეც. 44 და შევიდა მოსე და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყურთა ყოვლისა მის ერისათა, თვით მოსე და ისო, ძე იგი ნავესი.
45 დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ. 45 და დაასრულნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი, რომელსა-იგი ეტყოდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
46 და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა. 46 და ჰრქუა მათ: გულისხმა-ყვენით გულითა თქუენითა ყოველი ესე სიტყუანი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა თქუენცა ამცნოთ შვილთა თქუენთა დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სიტყუათა სჯულისათა.
47 რადგან არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის, ამის წყალობით დღეგრძელი იქნებით იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. 47 რამეთუ არა ცუდად რაჲმე იყვნეს სიტყუანი ესე თქუენდა მიმართ, არამედ ესე არს ცხორება თქუენი, რამეთუ ამათ სიტყუათა გამო დღეგრძელ იყვნეთ ქვეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი წიაღხუალთ იორდანესა დამჳდრებად მუნ.
48 ელაპარაკა უფალი მოსეს სწორედ იმ დღეს და უთხრა: 48 და ეტყოდა უფალი მოსეს მას დღესა შინა და ჰრქუა:
49 ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს. 49 აღვედ შენ მთასა მას ზედა აბარიმსა, რამეთუ იგი თჳთ არს ნაბავ ქუეყანასა მას მოაბელთასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა და იხილე ქუეყანაჲ ქანანისა, რომელ-იგი მივსცე მე ძეთა მათ ისრაჱლისათა სამკჳდრებელად მათა.
50 მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს. 50 და მოკუედ მთასა მას ზედა, რომელსაცა აღხჳდე. მუნ და შეეძინე შენ ერსა მას მამათა შენთასა,
51 იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში, 51 ვითარცა-იგი აჰრონ, ძმაჲ, შენი, მოკუდა ენორს, მთასა მას ზედა და შეეძინა ერსა მას მამათა თჳსთასა. რამეთუ ურჩ ვქმნენით სიტყუათა მათ ჩემთა ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა, წყალთა მათ ზედა ცილობისათა კადეს ბარნეს უდაბნოსა მას, რამეთუ არა მადიდებდით მე ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა.
52 ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ. 52 ხილვით იხილო ქუეყანაჲ იგი შორით, რამეთუ ვერ შეხჳდე მუნ ქუეყანასა მას, რომელი-იგი მე მივეც ძეთა მათ იარაჱლისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე