ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,

1

და აღჴდა მოსე არაბოთდ მოაბით მთასა მას ზედა ფაჲგასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი იგი ქუეყანაჲ გალადისაჲ ვიდრე დანადმდე,

2 მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე, 2 და ყოველი იგი ქუეყანაჲ ლეფთალემისი და ყოველი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასესი, და ყოველი იგი ქუეყანა იუდაჲსი ვიდრე დასასრულადმდე ზღჳსა.
3 ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი, ცოღარამდე. 3 და ყოველი იგი უდაბნოჲ და ყოველი გარემოჲს სოფლები, რომელ იყო ველთა მათ იერიქოსაჲთა, ქალაქები იგი დანაკისკუდოვანი ვიდრე სეგორდმდე.
4 უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ. 4 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ.
5 მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ. 5 და მოკუდა მოსე, მონა იგი ღმრთისაჲ, ქუეყანასა მას მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა.
6 დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე. 6 და დაჰფლეს იგი გეზს, მახლობელად სახლისა მას ფაგომისსა. და არა ვინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღედმდე.
7 ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული. 7 და იყო მოსე ვითარ ასოც წლის, ოდეს, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ.
8 იტირეს მოსე მოაბის ველზე ოცდაათ დღეს და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. 8 და დაიტირეს მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა არბოთს მოაბისასა, კიდესა მას იორდანისა მდინარისასა, პირისპირ იერიქოსა. და დაიტირეს იგი ოცდაათ დღე და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისანი და გლოვისანი მოსესნი.
9 იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ. 9 და ისო, ძე იგი ნავესი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და ერჩდეს მას ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი და ყვეს, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.
10 აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, 10 და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ,
11 ყველა იმ ნიშით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის, 11 ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვითარ-იგი მიავლინნა უფალმან ყოფად სასწაულთა მათ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა საკჳრველებანი იგი დიდ-დიდნი,
12 იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ. 12 ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი, რომელ ყო მოსე წინაშე ყოვლისა ერისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე