ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.

1

აწ გესმოდენ ისრაჱლსა სამართალი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გასწავებ შენ დღესდღე ყოფად მაგისა, რათა სცხონდე და განსძლიერდე, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მოგცეს შენ.

2 ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე. 2 არა შესძინო შენ სიტყუაჲ ერთი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.
3 თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს. 3 თუალნი თქუენნი ხედვიდეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან ბელფეგოს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი შეუდგა ბელფეგორსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან საშოვლისაგან.
4 თქვენ კი, რომლებიც მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლები ხართ დღესდღეობით. 4 თქუენ, ეგენი რომელ შეახლებულ ხართ უფალსა ღმერთსა თქუენსა, სცხონდეთ ვითარცა-ესე დღესდღე.
5 იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 5 იგულეთ, აჰა, ესერა, მიგეც თქუენ სამართალი და მსჯავრი, ვითარცა მამცნო მე უფალმან ღმერთმან ჩემმან, რათა ჰყოთ თქუენ იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.
6 დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი. 6 დაცვად მცნებათა მათ და ყოფად ამისა, რამეთუ ესე არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ თქუენდა, წინაშე ყოველთა წარმართთა, რომელთა ესმოდის ყოველი სამართალი ესე თქუენი. აჰა, ესერა, ერი ბრძენი და მეცნიერი ნათესავი დიდი,
7 რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას? 7 რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?
8 რომელი დიდთ ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ. 8 ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?
9 ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს 9 იგულე თავი შენი და დაიცევ სული შენი ფრიად, ნუ დაივიწყებ ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ-ესე იხილეს თუალთა შენთა და ნუცა განიშორებ გულისაგან შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, არამედ წურთილ ჰყვნე შვილნი შენნი და შვილნი შვილთა შენთანი.
10 ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო. 10 დღესა მას, რომელსა-იგი წარსდეგით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ქორებს, რამეთუ მეტყოდა მე უფალი და მრქუა: შემოკრიბე ერი ეგე ჩემ წინაშე და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შეისწაონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენცა ცხონდენ ქუეყანასა ზედა, და ასწაონ შვილთაცა მათთა.
11

თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.

11

და მოჰკერბით და დასდეგით წინაშე მთასა მას და მთა იგი აღჭურვილი აღატყდებოდა ცეცხლითა ვიდრე ცადმდე და ბნელი ჴშირი ნისლისა და არმურისაჲ და ჴმაჲ ბრძანებისა უფლისაჲ.

12 გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა. 12 გეტყოდა თქუენ უფალი მიერ მთით შორის ცეცხლსა მას, რომლისა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმოდა თქუენ, ხოლო ქმნულებასა არა ხედევდით.
13 გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულეს გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე. 13 და გითხრობდა თქუენ მცნებათა მათ, რომელ-იგი გამცნო თქუენ ყოფად მისა და მოგცნა თქუენ ათნი იგი მცნებანი შჯულისანი დაწერილნი ორთა ზედა ფიცართა ქვისათა.
14 მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 14 და მამცნო მე უფალმან მას ჟამსა შინა სწავლად თქუენდა სამართალი და მშჯავრი, რათა ვყო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ თქუენ.
15 ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, 15 ეკრძალენით თავთა თქუენთა, რამეთუ ხატი ქმნულებისაჲ არა იხილოთ თქუენ დღესა მას, რომელსა გეტყოდა თქუენ უფალი ღმერთი მთასა მას ქორებსა შორის ცეცხლსა მას.
16 რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება, 16 და თქუა, ვითარმედ: ნუ ურჩულოებთ, ნუცა იქმთ თავისა თქუენისა კერპთა გამოქანდაკებულთა მსგავსად ხატისა მამლისა გინა დედლისა,
17 რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს, 17 გინა თუ მსგავსად ყოვლისავე საცხოვრისა, რომელ-რა არს ქუეყანასა ზედა, ანუ თუ მსგავსად ყოვლისა მფრინველისა ფრთოვანისა, რომელი ფრინავს ცასა ქუეშე,
18 მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. 18 ანუ მსგავსად ყოვლისავე ქუეწარმძრომელისა, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისსა, ანუ მსგავსად ყოვლისავე მცურვალისა, რომელი ცურავს წყალთა შინა ქუეყანასა ქუეშე.
19 რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში. 19 ნუცა აღიხილავ ზეცად, რათა არა რაჟამს იხილო მზე, გინა თუ მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ყოველი სამკაული ცათა, და შესცთე თაყუანის-ცემად, ანუ მსახურებდე მათ, რომელ-იგი განგაშორნა თქუენგან უფალმან ღმერთმან თქუენმან და მისცა წარმართთა, რომელ არს ქუეშე ცასა.
20 აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ. 20 ხოლო თქუენ შეგიწყალნა უფალმან ღმერთმან თქუენმან და გამოგიყვანნა თქუენ საჴუმილისა მისგან რკინისასა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა, რათა იყო შენ მისა ერად მკჳდრობისა დღესდღე.
21

უფალი გამირისხდა თქვენს გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავალ იორდანეს გაღმა, ვერ შევალ მადლიან ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.

21

და აწ უფალი ღმერთი განრისხნა ჩემ ზედა სიტყუათა თქუენთათჳს და ფუცა, რათა არა წიაღვიდე მე იორდანესა მდინარესა და არცა შევიდე მე ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქვენისა.

22 რადგან ამ ქვეყანაში მოვკვდები მე, ვერ გადავალ იორდანეს. თქვენ კი გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან ქვეყანას. 22 ხოლო აწ მე მოსიკუდიდ ვარ ამასვე ქუეყანასა და არა წიაღსლვად ვარ მე იორდანესა მდინარესა, ხოლო თქუენ წიაღჰჴდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი კეთილი.
23 ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა, 23 ეკრძალე, ნუუკუე დაივიწყო შენ მცნებაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელ გამცნო თქუენ და არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი გამოქანდაკებულნი მსგავსად ყოვლისა მის, რომლისა-ესე გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
24 რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია. 24 განშორებად მისგან, რამეთუ უფალი ღმერთი ცეცხლშემცველ არს და ღმერთი მოშურნე.
25 თუ გეყოლა შვილები და შვილთაშვილები, შეაბერდი ამ ქვეყანას, გაირყვენი და გაიკეთე კერპი, რაიმე გამოსახულება, უკეთურად მოიქეცი უფლის შენი ღმერთის თვალში და გააჯავრე იგი, 25 უკეთუ ისხნე შენ შვილნი, ანუ შვილისშვილნი და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა და უშჯულოებდე და ჰყო ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იქმნნე შენ თავისა შენისა კერპნი, და განარისხო უფალი ღმერთი შენი.
26 ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. დიდხანს ვერ დაჰყოფთ იქ, უეჭველად განადგურდებით. 26 აჰა, ესერა, შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა, რამეთუ მოსპოლვით მოგსპნეს თქუენ ქუეყანისა მისგან, რომლისათჳს წიაღ ხუალთ იორდანესა მდინარესა დამკჳდრებად მისა და არა დღეგრძელად დაიმკჳდროთ მუნ, არამედ მოსრვით მოისრნეთ.
27 გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი. 27 და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა შოის წარმართთა. დაშთეთ თქუენ მცირედ რიცხჳთ წარმართთა შორის, რომელსა-იგი შეგიყვანნეს თქუენ უფალმან.
28 დაუწყებთ იქ თაყვანისცემას ადამიანის ხელით ნაკეთებ ღმერთებს, ხესა და ქვას, რომლებიც ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით, არაფერს სჭამენ, ვერაფერს ყნოსავენ. 28 და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა უცხოთა, ქმნულთა ჴელითა კაცისა ძელითა და რვალითა, რომელნი არა ხედვიდეს და არცა ესმოდის, არცა ჭამდენ და არცა იყნოსდენ.
29 როცა დაუწყებ იქიდან ძებნას უფალს, შენს ღმერთს, იპოვნი მას, თუკი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით ეძიებ. 29 და ეძიებდეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა და ჰპოოთ იგი, რაჟამს ეძიებდეთ მას ყოვლითა გონებითა თქუენითა და ყოვლითა გულითა თქუენითა.
30 როცა გაგიჭირდება და ყოველივე ეს გეწევა მომავალში, მიიქცევი უფლისაკენ, შენი ღმერთისაკენ, და გაიგონებ მის ხმას, 30 რაჟამს სიმდაბლით ეძიებდეთ მას ჭირსა შინა თქუენსა და მოგეგონებოდიან თქუენ სიტყუანი ესე ჩემნი შემდგომად ჟამთა. და მოიქცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმაჲ ბრძანებისა მისისა.
31

რადგან მოწყალე ღმერთია უფალი, შენი ღმერთი, არ მიგატოვებს, არ დაგღუპავს და არ დაივიწყებს შენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ აღთქმას.

31

რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგაგდოს შენ, არცაღა წარგწყმიდოს შენ, არცა დაივიწყოს აღთქუმაჲ იგი მამათა შენთა, რომელ-იგი ეფუცა მათ.

32 აბა შეეკითხე გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა კაცი ქვეყანაზე, ცის კიდიდან კიდემდე: თუ მომხდარა ასეთი დიადი საქმე ან მსგავსი რამ თუ სმენილა ოდესმე? 32 იკითხენით დღენი იგი პირველნი, რომელ-იგი თქუენსა წინა იყვნეს, ვინაჲთ დღითგან შექმნა ღმერთმან კაცი პირსა ზედა ქუეყანისასა და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა ყოფილ თუ სადამე არს მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა,
33 თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი. 33 რომელ-ესე თქუენ გესმა, ესმა თუ რომელსამე ნათესავსა ჴმაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, ვითარ-იგი ეტყოდა შორის ცეცხლსა, რომელ-იგი გესმოდა შენ და სცხონდი.
34 ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ? 34 ანუ თუ გან-სადამე-ცადა ღმერთმან შესლვად და გამოყვანებად ნათესავი ნათესავთაგან სასწაულებითა და ნიშებითა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელითა დიდძალითა ყოველთათჳს, რომელ ყო უფალმან ღმერთმან თქვენმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე შენსა,
35 შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა. 35 რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.
36 ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან. 36 ცით გარდამო ისმა ჴმაჲ მისი სასწაულად შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი იგი მისი დიდი და სიტყუაჲ იგი მისი გესმა შორის ცეცხლსა მას.
37 რაკი შეიყვარა შენი მამა-პაპა, კიდეც გამოარჩია მისი შთამომავლობა და თავად გამოგიყვანა დიადი ძალით ეგვიპტიდან, 37 რამეთუ შეიყვანნა მუნ მამანი იგი თქუენნი და გამოირჩია მან ნათესავი იგი მათი შემდგომად მათსა თქუენ ყოველთა უფროჲს წარმართთა და გამოგიყვანა შენ ძალითა მით დიდითა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა.
38 რომ აეყარა შენს წინაშე შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, მოეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ, როგორც დღესა გაქვს. 38 დაცემად წინაშე პირსა შენსა, ნათესავები იგი დიდ-დიდები უძლიერესი შენსა შეყვანებად და მიცემად შენდა ქუეყანაჲ იგი მათი სამკჳდრებელად მკჳდრობისა შენისა, ვითარცა-ეგე გიპყრიეს დღესდღე.
39 ახლა შეიგნე და გულს ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა მიწაზე. სხვა არ არის. 39 რათა გულისხმა-ჰყო დღეს გონებასა შენსა, რამეთუ უფალი თავადი არს ღმერთ ზეცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არა ვინ არს მისა გარეშე სხუჲ ღმერთი
40 დაიცავი მისი წესები და ბრძანებები, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, რომ დიდხანს გაძლო ამ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ. 40 და დაიცვნე შენ მცნებანი მისნი და სამართალნი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა და დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ყოველთა დღეთა თქუენთა.
41

მაშინ გამოჰყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.

41

მას ჟამსა გამოაყენნა მოსე სამნი ქალაქნი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო.

42 რომ შეეძლოს იქ გაქცევა მკვლელს, რომელსაც შემოაკვდება თავისი ახლობელი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან და გადარჩეს: 42 შესავედრებელად კაცისმკლველთა, რათა რომელმანცა მოკლა მოყუასი თჳსი იშჳდ და არა ნებსით თჳსით, არა ზრახვით და არცა სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან და შევარდეს ეგევითარი იგი ერთსა მას ქალაქთაგანსა, განერეს და ცხონდეს.
43 ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის. 43 ბოსორი უდაბნოჲთ კერძო, ველთა მათ ქუეყანისა რუბენისგან და ჰრომოთ გალაადით კერძო ქუეყანისა მისგან გაადისი და გულანი ბასაანსა.
44 ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელიანებს. 44 ესე შჯული არს, რომელ დადვა მოსე წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა.
45 ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას, 45 ესე მცნებანი არიან წამებანი და სამართალნი, რომელთა ეტყოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
46 იორდანეს გაღმა, ველზე ბეთ-ფეღორის გასწვრივ ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის ქვეყანიში. რომელიც დაამარცხეს მოსემ და ისრაელიანებძა ეგვიპტიდან გამოსვლისას. 46 წიაღ იორდანესა ჴევსა მას, მახლობელად სახლისა მის ფოგორისსა, ქვეყანასა მას სეონ, მეფისა მის ამორეველთაჲსა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, რომელ-იგი მოსრა მოსე და ძეთა მათ ისრაჱლისათა, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
47 დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ორი ამორეველი მეფისა, იორდანეს გაღმა რომ იყვნენ, მზის აღმოსავლეთით, 47 და დაიმკჳდრეს მათ ქუეყანაჲ იგი და ქუეყანაჲ ოგისი, მეფისა მის ბასაანისაჲ, ორთა მათ შარავანდედთა ამორეველთაჲ, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა,
48 ყაროყერიდან, არნონის ხევზე რომ მდებარეობს, სიონის მთამდე ანუ ხერმონამდე, 48 მზის აღმოსავალით კერძო აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევთა მათ არნონისათა მიმთადმდე სებნისა, რომელ არს ერმონი,
49 მთელი ყარაბა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, და ყარაბას ზღვამდე, ფისგას მთის ძირას. 49 ყოვლით კერძო არაბიაჲთ წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით ასეროთით, მთით თლილით.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე