ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომდებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი.

1

ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა.

2 გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს. 2 მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა.
3 გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი. 3 შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი.
4 აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია. 4 სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა, ესე მეორმეოცე წელი არს.
5 შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი. 5 რაჲ გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ, რამეთუ ვითარცა გასწავლის მამამან შვილი თჳსი, ეგრე განგსწავლა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
6 შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე და მისი გეშინოდეს. 6 და დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და ხვიდოდი გზათა მისთა და გეშინოდის შენ მისა,
7 რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად, 7 რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა,
8 ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, 8 ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენაჴოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა,
9 ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ. 9 ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი.
10 შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა. 10 ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
11

ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,

11

იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.

12 რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები, 12 დღესდღე ნუუკუე შჭამდე და განსძღებოდე და ტაძრებსა შუენიერებსა იშენებდე და დაემკჳდრებოდი მათ შინა.
13 გაგიმრავლდვბა ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი და ყოველი საქონელი, 13 და განმრავლებითა მით მროწეულისა და არვებისა შენისაჲთა, ოქროჲსა და ვეცხლისა შენისაჲთა
14 არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი, 14 აღამაღლო გულითა შენითა და განჰლაღნე და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისა
15 რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი. 15 და აღგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გველი და ღრიანკალი კბენდა და წყურილი იგი წყლისაჲ აჭირვებდა მათ, სადა არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ კლდისა მისგან უღაღისა.
16 გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ; 16 რომელმან-იგი უდაბნოსა მას მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ-იგი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, ბოროტიღა თუ გიყო და გამოგცადა შენ, რათა უკუანაჲსკნელ კეთილი გეყოს და განგისუენოს შენ.
17 რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი. 17 ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძლიერებითა ჩემითა და სიმტკიცითა მკლავისა ჩემისაჲთა ვყავ ყოველი ესე ძალი.
18 გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას. 18 არამედ მოიჴსენო შენ უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცეს შენ ძალი და ძლიერებაჲ, რათა აღესრულოს აღთქუმაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა, ვითარცა დღესდღე.
19 თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება 19 და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და შეუდგე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე მათ და თაყუანის-სცემდე მათ, ვწამებ მე თქუენ წინაშე დღესდღე, რამეთუ მოსრვით მოისრნეთ,
20 იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ, თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას. 20 ვითარცა სხუანი წარმართნი, რომელნი-იგი მოსრნა უფალმან პირისაგან თქუენისა, ეგრე მოგსრნეს თქუენ უფალმან, რამეთუ არა ისმინე თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე