ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე ეზრა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი,

   
2 და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი.    
3 ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს.    
4 რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება.    
5 აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს, შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას.    
6 რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი მავნე საქმეები.    
7 ამიტომ ამბობს უფალი:    
8 მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით.    
9 შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ მოვკითხავ.    
10 აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე,    
11 არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას.    
12 ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი.    
13 ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო.    
14 ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა!    
15 რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში.    
16 დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ.    
17

მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს,

   
18 რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს.    
19 აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი შფოთის გამო.    
20 აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს - ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული.    
21 როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი.    
22 არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე.    
23 მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას.    
24 ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი.    
25 არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს საწმიდარს,    
26 რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი.    
27 მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას.    
28 აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი:    
29 მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის გამგონეს.    
30 რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა ქვეყნის ნაწილს.    
31 ამის მერე იმძლავრებენ თავიანთი შობის მეხსიერი ურჩხულები და დიდ ძალასთან შეთქმულნი გაემართებიან მათ დასადევნებლად.    
32 ისინი აირევიან და გაჩუმდებიან მათი ძალის წინაშე და ფეხებს მიატრიალებენ გასაქცევად.    
33

აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის.

   
34 აჰა, წამოვლენ ღრუბლები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, და მეტისმეტად შემზარავი იქნება მათი სახე, რისხვითა და ქარიშხლით სავსე.    
35 დაეძგერებიან ერთმანეთს და დაეძგერება მძიმე ქარიშხალი დედამიწას და სისხლი მახვილისგან წელამდე დადგება,    
36 და ადამიანთა განავალი - აქლემის უნაგირამდე. იქნება დიდი შიში და ზარი დედამიწაზე,    
37 შეძრწუნდებიან ამ რისხვის მხილველნი და შიში შეიპყრობს მათ. ამის მერე დაიძრებიან მძიმე ღრუბლები.    
38 სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დანარჩენი ნაწილი კი - დასავლეთიდან.    
39 მომძლავრდებიან აღმოსავლეთიდან ქარები და ახსნიან მას და ღრუბელს, რომელსაც რისხვით აღაგზნებენ. და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით.    
40 აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და ქარიშხალი მთელი დედამიწის და მის მკვიდრთა დასამხობად და გადმოღვრის ყოველ მაღალ და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს,    
41 ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები,    
42 რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული.    
43 ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას.    
44 მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ დაიგტირებენ მას.    
45 გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან.    
46 აზიავ, ბაბილონის იმედის მოზიარევ და მისი ალის დიდებავ,    
47 ვაი შენ, საბრალობელო, რომ დაემსგავსე მას! რომ ბოზობით შეამკე შენი ასულნი შენივე საყვარლების საამებლად და განსადიდებლად, რომელთაც მუდამ სურდათ შენთან ბოზობა!    
48 საძულველს ბაძავ ყველა მის საქმეში და საქციელში. ამიტომ ამბობს ღმერთი:    
49 მოგივლენ უბედურებებს, ქვრივობას, სიღატაკეს, შიმშილს, მახვილს და ჭირს, შენი სახლების გასაპარტახებლად ძალადობითა და სიკვდილით. შენი ძალის დიდება    
50

დაჭკნება, როგორც ყვავილი, როცა შენზე მოვლენილი არმური შემოგენთება.

   
51 დაუძლურდები დიაცთა ხელით ნაცემ-ნაგვემი მათხოვარი ქალივით, რომ ვეღარ შეძლონ შენი აყვანა ძლევამოსილმა საყვარლებმა.    
52 განა ასეთი შურისმგებელი ვიქნებოდი შენ მიმართ, ამბობს უფალი,    
53 გამუდმებით რომ არ გეხოცა ჩემი რჩეულნი, ხელი რომ არ გქონოდა აღმართული მათ საგვემად და მთვრალს მათ სიკვდილზე არ გელაპარაკნა?    
54 ხომ დაიმშვენე საკადრისად შენი პირისახე?    
55 შენსავე წიაღშია შენი ბოზობის ჯილდო, ამიტომაც მიიღებ საზღაურს.    
56 როგორც მოექეცი ჩემს რჩეულებს, ამბობს უფალი, ასევე მოგექცევა შენ ღმერთი და ბოროტს მიგცემს.    
57 შიმშილით ამოწყდებიან შენი ნაშიერნი და შენც დაეცემი მახვილით, გაცამტვრდება შენი ქალაქები და ყველა შენიანი მახვილით დაეცემა ველზე.    
58 მთებში მყოფნი შიმშილით ამოწყდებიან, საკუთარ ხორცს დაუწყებენ ჭამას და სისხლს დალევენ, პურს მოშიებულნი და წყალს მოწყურებულნი.    
59 ზღვებით მოხვალ გაუბედურებული და კვლავ უბედურებას შეემთხვევი.    
60 გზაში დაანგრევენ უბედურ ქალაქს და აღგვიან მიწის პირიდან შენი ქვეყნის რომელიღაც ნაწილს და ბოლოს მოუღებენ შენი დიდების წილს, დამხობილი ბაბილონისკენ გაბრუნებულნი.    
61 ბზესავით გაილეწები მათთვის, ისინი კი ცეცხლად მოგევლინებიან.    
62 და შთანგთქამენ შენ, შენს ქალაქებს, შენს მიწა-წყალს, მთებს, შენს ტყეებსა და ნაყოფიერ ხეებს გადაბუგავენ;    
63 ტყვედ წაასხამენ შენს შვილებს, ნადავლად წაიღებენ შენს საბადებელს და შენი სახის დიდებას ბოლოს მოუღებენ.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე