ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე ეზრა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი,

   
2 მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი.    
3 როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა,    
4 მაშინ მიხვდები, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდან, რაც შენამდე იყო.    
5 როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.    
6 ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით.    
7 ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო,    
8 თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას ჩემგნით; ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწა-წყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან,    
9 მაშინ შესაბრალისი იქნებიან ისინი, ვინც ახლა არად მიიჩნევენ ჩემს გზებს და სატანჯველში ჩაცვივდებიან, ვინც სიძულვილით გვერდი აუარეს.    
10 თუმცა არ მცნობდნენ, მაგრამ სიცოცხლეში მაინც იღებდნენ წყალობას ჩემგან;    
11 სძულდათ ჩემი რჯული, როცა ჯერ კიდევ ჰქონდათ თავისუფლება.    
12 როცა ჯერ კიდევ ღია იყო მათთვის მონანიების ადგილი, მაინც არ შეიცნეს, არამედ უარყვეს ჩემი რჯული, მაშინ სიკვდილის შემდეგ სატანჯველში მოუხდებათ შემეცნება.    
13 შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი, არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის წუთისთუელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი.    
14 ვუპასუხე და ვთქვი;    
15 ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან,    
16 როგორც ტალღაა მეტი წვეთზე. მიპასუხა და თქვა:    
17

როგორიც ყანაა, თესლიც ისეთია; როგორიც ყვავილებია, ფერებიც ისეთივეა; როგორიც შემოქმედებაა, შექმნილიც ისეთივეა; როგორიც მიწისმუშაკია, ნახნავ-ნათესიც ისეთივეა. რადგან წუთისოფლის იყო ჟამი.

   
18 როცა მე წუთისოფლის გაჩენამდე, სადაც უნდა ეცხოვრათ, ვქმნიდი მათ, ვინც ახლა არიან, არავინ იყო ჩემი წინაღმდგომელი.    
19 მაშინაც და ახლაც იქმნება ყოველი ამ გამზადებულ სამყაროში, სადაც სამკალის ნაკლებობა არ არის და სადაც დაცემულია ზნე რჯულის შესაცნობად.    
20 გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს.    
21 დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან.    
22 ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი.    
23 ხოლო შენ თუ დაჰყოფ კიდევ შვიდ დღეს, ოღონდ არ იმარხულებ,    
24 გახვალ ყვავილოვან ველზე, სადაც სახლი არ დგას, და მხოლოდ ველის ყვავილებით ისაზრდოებ, პირს არ დააკარებ ხორცს და არ დალევ ღვინოს, მხოლოდ ყვავილებს შეჭამ,    
25 განუწყვეტლივ ილოცებ უზენაესისადმი, მაშინ მეც მოგევლინები და დაგიწყებ ლაპარაკს.    
26 გავედი, როგორც მითხრა, ველზე, რომელსაც ეწოდება არდათი, და ჩავჯექი იქ ყვავილებში. მინდვრის ბალახებით ვიკვებებოდი და საკმარისი იყო ჩემთვის ეს საჭმელი.    
27 შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ თივაზე მწოლარეს წინანდებურად გულშეშფოთებულს,    
28 გამეხსნა პირი, დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე და ვთქვი:    
29 უფალო, ცხადად გამოგვეცხადე ჩვენ-ჩვენს მამა-პაპას უკაცრიელ, უნაყოფო უდაბნოში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, და უთხარი:    
30 მისმინე მე, ისრაელ და იაკობის მოდგმავ, ყურად იღე ჩემი სიტყვები.    
31 აჰა, მე ვთესავ თქვენში ჩემს რჯულს, დაე, გამოიღოს თქვენში ნაყოფი და განდიდებულ იყოთ მასში საუკუნოდ.    
32 კი მიიღო ჩვენმა მამა-პაპამ რჯული, მაგრამ არ შეინახა და ჩემი რჯულდებანი არ დაიცვა; მაინც არ დაღუპულა რჯულის ნაყოფი და ვერც დაიღუპებოდა, რადგან შენი იყო.    
33

დაიღუპნენ რჯულის მიმღებნი და ვერშემნახველნი იმისა, რაც მათში იყო დათესილი.

   
34 აჰა, წესია, რომ როცა მიიღებს მიწა თესლს, ანდა ზღვა - ხომალდს, ანდა რაიმე ჭურჭელი - საჭმელს ან სასმელს, და განადგურდება ის, რაშიც დათესილია ან რაშიც ჩაშვებულია რაიმე,    
35 ასევე განადგურდება ყოველი დათესილი ან ჩაშვებული, ან მოთავსებული; არაფერი შეგვრჩება მისგან; მაგრამ ჩვენთვის ასე არ ხდება.    
36 ჩვენ, რჯულის მიმღებნი, მაგრამ ცოდვილნი დავიღუპებით, და დაიღუპება ჩვენი გულიც, რომელმაც რჯული მოითავსა.    
37 მაგრამ რჯული არ იღუპება, არამედ რჩება თავის ძალაში.    
38 როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი მარჯვენა მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე.    
39 მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი:    
40 რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა:    
41 დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად.    
42 ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა:    
43 უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი წელია, ვერ გავაჩინე შვილი.    
44 ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით უზენაესს ვევედრებოდი,    
45 და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ შეიწყნარა ღმერთმა შენი მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა ვაჟი; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს.    
46 დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი.    
47 და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე ქორწილის დღე.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე