| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მეფე პტოლემეოს ფილოპატორი ეგვიპტის სარდალს და ყველა ხელისუფალს მშვიდობით მოვიკითხავ. |
||
| 2 | კარგად ვართ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, რადგან ჩვენი სურვილებისამებრ წარმართავს ჩვენს საქმეებს მაღალი ღმერთი. | ||
| 3 | ზოგიერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენთვის ავის განმზრახველი გვაიძულებდა სამეფოს მკვიდრი იუდაელებისათვის ერთიანად მოგვეყარა თავი და უჩვეულო სასჯელით დაგვესაჯა ისინი, როგორც მოღალატენი. | ||
| 4 | იმასაც დასძენდნენ, ჩვენი სახელმწიფო მანამ არ განმტკიცდება, სანამ არ აღვასრულებთ ამ საქმეს, რადგან ყველა ხალხისადმი სიძულვილი აქვთ იუდაელებსო. | ||
| 5 | ძალით წამოასხეს იუდაელები, ბორკილდადებულნი, როგორც მონები ან უფრო, დამნაშავენი; ექცეოდნენ მათ უფრო სასტიკად, ვიდრე სკვითები მოექცეოდნენ და ყოველგვარი გამოძიებისა და განკითხვის გარეშე სურდათ მათი დაღუპვა. | ||
| 6 | ჩვენ კი მკაცრად ავუკრძალეთ ამის ჩადენა და იმ კეთილგანწყობილებისამებრ, რასაც ყოველი ადამიანისადმი ვიჩენთ, სიცოცხლე ვაჩუქეთ იუდაელებს; ხოლო როცა მივხვდით, რომ ცათა ღმერთი ნამდვილად მფარველობს მათ, როგორც მამა შვილს, | ||
| 7 | როცა გავიხსენეთ მათი მეგობრობა და ერთგულება ჩვენდამი და ჩვენი წინაპრებისადმი, სამართლიანად მივიჩნიეთ, რომ ყოველგვარი დანაშაული გვეპატიებინა მათთვის, | ||
| 8 | დავადგინეთ, რომ ყველანი დაბრუნებულიყენენ თავთავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და არავის არ ევნო მათთვის და არ წაეყვედრებინა მომხდარი ამბის გამო. | ||
| 9 | იცოდეთ, თუკი ჩვენ რაიმე ავს განვიზრახავთ მათ წინააღმდეგ, ან თუნდაც შევაწუხებთ მათ, ყველაფრისათვის პასუხს მოგვკითხავს უცილობელად არა ადამიანი, არამედ ყოველთა ძალთა გამრიგე - უზენაესი ღმერთი. მშვიდობით იყავით. | ||
| 10 | წერილი რომ ჩაიბარეს იუდაელებმა, არ აჩქარებულან გასამგზავრებლად, არამედ მეფეს თხოვეს, რომ იმ იუდაელებს, რომლებიც ნებით განუდგნენ წმიდა ღმერთს და ღმერთის რჯულს, მათი ხელით მიეღოთ დამსახურებული სასჯელი; | ||
| 11 | თან დასძინეს, რომ კუჭის გამო ღვთიურ მცნებათაგან განდგომილნი არც სამეფო საქმეების ერთგულნი იქნებიანო. | ||
| 12 | მეფემაც შეიწყნარა თხოვნა და დაუდასტურა, რომ მართალნი არიან, და მისცა მათ ნება, რომ ღმერთის რჯულისგან განდგომილნი მოესპოთ ყველგან, მის სამეფოში, მეფის მოხელეთა ნებართვისა და მეთვალყურეობის გარეშე. | ||
| 13 |
მაშინ შეასხეს ხოტბა მეფეს, როგორც ეკადრებოდა და მღვდლებმა და მთელმა ხალხმა იგალობეს ალილუია, და სიხარულით წავიდნენ. |
||
| 14 | ხოლო თავიანთ გზაზე, ვისაც კი ხვდებოდნენ წაბილწულ თვისტომთაგან, საჯაროდ სჯიდნენ სამარცხვინო სიკვდილით. | ||
| 15 | იმ დღეს გაანადგურეს სამასზე მეტი კაცი, და ხარობდნენ, რომ ხოცავდნენ განდგომილებს. | ||
| 16 | სიკვდილამდე ღმერთის ერთგულნი კი, რომლებიც ხსნის სიხარულით იყვნენ ავსებულნი, გამოვიდნენ ქალაქიდან მრავალფერი სურნელოვანი ყვავილებით დაგვირგვინებულნი, ხმამაღლა და სიხარულით მადლობდნენ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, ისრაელის საუკუნო მხსნელს, აღუვლენდნენ სადიდებელ სიტყვებს და საგალობლებს. | ||
| 17 | როცა ჩავიდნენ პტოლემაისში, რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა, აქ საერთო გადაწყვეტილებისამებრ, შვიდი დღე ელოდებოდნენ ხომალდები; | ||
| 18 | და აქაც გამართეს სმურობა გადარჩენის აღსანიშნავად, რადგან მეფემ მოამარაგა ისინი საკმარისი საგზლით, რომ სახლებში დაბრუნებამდე ჰყოფნოდათ, | ||
| 19 | რაკი აქამდე მშვიდობით მიაღწიეს, ჯეროვანი მადლი მიაგეს უფალს და გადაწყვიტეს, რომ აქ დგომის დღეებიც სადღესასწაულოდ გაეხადათ. | ||
| 20 | აკურთხეს კიდეც ეს დღეები და ნადიმის შემდეგ წარწერიანი სვეტები ლოცვის ადგილებში აღმართეს; მერე ზღვით, ხმელეთით და მდინარით ყველანი თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ უვნებელნი, თავისუფალნი, გახარებულნი, მეფის განკარგულებით დაცულნი. | ||
| 21 | უწინდელზე მეტად ძალმოსილებმა დიდება და რიდი მოიხვეჭეს მტერთა შორის და მათი საბადებელი აღარავის მიუტაცებია. | ||
| 22 | ყველამ თავისი კუთვნილი ქონება დაიბრუნა სიის მიხედვით; დიდის მოკრძალებით უბრუნებდნენ უკან, რადგან დიადი საქმეები მოიმოქმედა მაღალმა ღმერთმა მათი ხსნისათვის. | ||
| 23 | კურთხეულ იყოს ისრაელის მხსნელი სამარადჟამოდ, ამინ! |