ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეფე სოლომონს უყვარდა ბევრი უცხოელი ქალი: ფარაონის ასული, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები,

1

და მეფე სოლომონ იყო დედათმოყუარე და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი და ასული იგი ფარაოსი და მოაბელთა და ამანიტელთა და იდუმელთა და ასურასტანით და ქეტელთა და ამორეველთა.

2 იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით. 2 ნათესავთა მათ, რომელთა ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კვალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.
3 ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა. 3 და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.
4 სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული. 4 და იყო, ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.
5 დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის - აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე. 5 და შეუდგა სოლომონ კვალსა ასტარეთისასა საძაგელისა სიდონელთასა, კვალსა მოლოქისა საძაგელისა ძეთა ამონისთასა.
6 უკეთურებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი. 6 და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამა მისი.
7 მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს. 7 მას ჟამსა აღაშენა სოლომონ მაღალი იგი ქამოსის, კერპისა მის მოაბელთასა, მთასა მას, პირისპირ იერუსალჱმისა და მოლოქ კერპსა მას ძეთა ამონისთასა.
8 ასევე მოიქცა თავის ყველა უცხოელ ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს. 8 და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანსა და უკმევდეს საკმეველსა და უზორვიდეს კერპთა მათ თჳსთა.
9 განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას, 9 და განრისხნა უფალი სოლომონისთვს, რამეთუ განდრკა გული მისი უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა მას ორგზის.
10 და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს. მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. 10 და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კვალსა ღმერთთა უცხოთესლთასა და დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
11 უთხრა უფალმა სოლომონს: იმის გამო, რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დამიწესებია შენთვის, გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მორჩილს. 11

და ჰრქვა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცენ შენ, განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ჴელთაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.

12

ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამაშენის, დავითის გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან.

12 ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისათჳს, მამისა შენისა, არამედ ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო ეგე.
13 მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ; ერთ შტოს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე. 13 ხოლო არა თუ ყოველი ეგე მეფობა აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე.
14 გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი. 14 და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს ადერი იდუმელი, რომელი-იგი იყო ნათესავისა მისგან მეფეთა იდუმელთასა. 15. და იყო, რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმელსა მისლვასა მას იოაბისასა, ერისთავისა მისისა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმიასი.
15 ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში 15  
16 (რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელიანები, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში), 16 რამეთუ ექუს თუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაჱლი იდუმეასი. ვიდრე მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმეასა შინა.
17 გაიქცა ეს ჰადადი ედომელებთან, მამამისის მორჩილებთან ერთად, რომ ეგვიპტეში მისულიყვნენ. პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი. 17 და ივლტოდა ადერ და ყოველნი კაცნი იდუმელნი და მონანი მამისა მისისანი მის თანა და შევიდეს ეგჳპტედ. და ადერ ყრმა მცირე იყო.
18 აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს; წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მოვიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. მისცა სახლი, სარჩოც დაუნიშნა და მიწაც მისცა. 18 და აღდგეს კაცნი ქალაქით მადიამით და მივიდეს ფარანად და თანაწარიყვანნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ეგჳპტედ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და შეემთხჳა ადერ ფარაოს, და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანა.
19 პოვა მადლი ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და. 19 და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოს და მოსცა მას ცოლად ცოლისდაჲ მისი, დაჲ თეკემენისი, უხუცესი.
20 უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. გაზარდა ბავშვი თახფენესმა ფარაონის სახლში და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად. 20 და უშვა დამან თეკემენისამან ადერს ძე, სახელით განებათ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა მათ თანა ფარაოსთა. და იყო განებათ სახლსა მას ფარაოსასა შორის ძეთა მათ ფარაოსთა.
21 როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალო. 21

და ესმა ადერს ეგჳპტეს, ვითარმედ დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და მოკუდა იოაბ, ერისთავი ერისა მისისა. ჰრქუა ფარაოს: განმიტევე მე და მივიქცე ქუეყანასა მასვე ჩემსა.

22 უთხრა ფარაონმა: რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახე წასვლა? მიუგო: არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი. 22 და ჰრქვა ფარაო ადერს: რა ნაკლულევანება არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა მას შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე. და მოიქცა ადერ ქუეყანასა მას თჳსსა.
23

კიდევ გაუჩინა მას ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს,

23 და აღუდგინა უფალმან სოლომონს მჴდომად ადერ იდუმელი და რაზონ, ძე ელიადათისი, რომელი-იგი ელტოდა და ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთასა, უფლისა თჳსისა.
24 შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური. ჟლეტდა მათ დავითი და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს. 24 და შეკრბეს მას ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელ მოსწყჳდნა დავით, და მივიდეს დამასკედ და დადგა ადერ მეფედ დამასკესა.
25 ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის სიცოცხლეში; იმ ხანად, როცა ჰადადი მტრობდა, მასაც შეძულებული ჰყავდა ისრაელი. არამელებზე გამეფდა იგი. 25 და იყო მჴდომ ისრაჱლისა ყოველთა დღეთა სოლომონისათა. ესე არს ძჳრი, რომელ ქმნა ადერ, და განადიდა გულისწყრომად ისრაჱლსა შორის და მეფობდა ქუეყანასა მას ედომელთასა.
26 იერობოამ ნაბატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მორჩილმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე. 26 და იერობუამ, ძე ნაბატისი, ეფათელი სარირაჲთ, სახელი დედისა მისისა სარუა, დედაკაცი ქურივი. და იგი იყო ძე დედაკაცისა მის ქურივისა, მონა სოლომონისი, და აღიღო ჴელი მისი სოლომონის ზედა.
27 აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მან მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი; დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში. 27 და ესე სახე იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა, აღაშენა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დავითის, მამისა მისისა.
28 მამაცი კაცი იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი. 28 და კაცი იერობუამ ძლიერ იყო ძალითა. ვითარცა იხილა იგი სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისა არს, დაადგინა იგი მოტჳრთეთა ზედა სახლსა მის იოსეფისასა.
29 ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოამი და შემოხვდა გზად სილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად. 29 და იყო, მას ჟამსა შინა განვიდა იერობუამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სელონიტელმან, გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან ველად. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და ორნი იგი ხოლო იყუნეს ველსა მას.
30 აიღო ახიამ ახალი მოსასხამი, მოსხმული რომ ჰქონდა, და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა. 30 და მიჰყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა და დააპო იგი ათორმეტად ნახევად.
31 უთხრა იერობოამს: აიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემო ათ შტოს. 31

და ჰრქუა იერობუამს: მიიღე შენდად ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

32 ერთი შტო მას დარჩება ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან. 32 და ორი იგი ნაწილი იყავნ მისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა.
33 ის იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ფინიკიელთა ღმერთს, ქამოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონიანთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემ თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი დავითი იცავდა. 33 და მისთჳს, რამეთუ დამიტევა მე და თაყუანი-სცა ასტაროთს, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსსა, კერასა მოაბისასა, და მოლოქს, სარუვანელსა ძეთა მათ ამონისთასა, და არა შე-ვე-უდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართლისა წინაშე ჩემსა და ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამა მისი.
34

არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დამიდგენია იგი მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს.

34 და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით ჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
35 მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს. 35 და აღვიღო მეუფება ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.
36 ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამუდამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად. 36 და ძესა მისსა მივსცე ორი ნაწილი, რამეთუ ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი ყოველთა დღეთა წინაშე ჩემისა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სახელად ჩემდა.
37 ახლა შენ ამყავხარ, რომ იმეფო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს და რომ ისრაელის მეფე გახდე. 37 და შენ აღგიღო და მეფობდე, რომელთა ზედაცა უნდეს გულსა შენსა და იყო შენ მეფე ისრაჱლსა ზედა.
38 თუ შეისმენ ყველაფერს, რაც მე გიბრძანე და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებს და მცნებებს, როგორც ჩემი მორჩილი დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს. 38 და იყოს, და-თუ-იმარხნე შენ ყოველნი მცნებანი ჩემნი, რომელთა გამცნებ შენ, და ხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყო სამართალი წინაშე ჩემსა, ვითარცა ყო დავით, მონამან ჩემმან, და ეკრძალო მცნებათა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ვიყო შენ თანა და გიშენო შენ სახლი სარწმუნო, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაჱლი.
39 მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამუდამოდ. 39

და ვაჭირო ნათესავსა მას დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.

40 ეწადა სოლომონს იერობოამის მოკვლა, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოამი ეგვიპტეში შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე. 40 და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობუამს, და აღდგა იერობუამ და ივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმო მეფისა მის ეგჳპტელთასა და იყო ეგჳპტეს ვიდრე სიკუდიმდე სოლომონისა.
41 სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნის ამბავი სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი. 41 და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთანი და ყოველივე, რა ქმნა და ყოველი სიბრძნე მისი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა სოლომონისთასა.
42 ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი. 42 და რიცხჳ დღეთა მეფობისა სოლომონისთა იერუსალჱმსა ზედა ყოველსა ისრაჱლსა ორმეოც წელ.
43 განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში, და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე რობოამი. 43 და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა მას დავითის, მამისა თჳსისასა, და მეფობდა რობუამ, ძე მისი, მის წილ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე