ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა.

1

და ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, შეიკრიბა ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა და ყოველნი საჴედარნი მის თანა და ეტლნი. და წარვიდეს სამარიად და ბრძოდეს მას.

2 გაუგზავნა მოციქულები აქაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში. 2 და წარავლინნა მის თანა მოციქულნი აქაბ მეფისა ისრაჱლისა ქალაქსა ამას.
3 და შეუთვალა: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები. 3 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ძე ადერისი: ვეცხლი შენი და ოქრო შენი თჳთ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი ქმნულკეთილნი თჳთ ჩემნი არიან.
4 მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: შენი სიტყვისამებრ იყოს მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია. 4 მიუგო მეფემან ისრაჱლთამან და ჰრქუა: ვითარცა სთქუ, უფალო ჩემო, მეფე, შენი ვარ მე და ყოველივე ჩემი შენი არს.
5 კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო. ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები. 5 და მიიქცეს მოციქულნი იგი, მიუთხრეს და მოიქცეს აქაბისავე და ჰრქუეს: ესრე იტყჳს ძე ადერისი: მე მივავლინე, რათამცა ვეცხლი შენი და ოქრო შენი და ცოლნი შენნი, შვილნი შენნი მომიძღვანნე.
6 ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მორჩილთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მორჩილთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვალში, და წამოიღონ. 6 ხოლო ხვალე ამასვე ჟამსა მივავლინნე მონანი ჩემნი და აღიხილონ სახლი შენი და სახლნი მონათა შენთანი, და იყოს, რა სათნო-უჩნდეს წინაშე თუალთა მათთა, მიჰყონ ჴელნი თჳსნი და მოიღონ.
7 უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის. 7 და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქუეყანისათა და ჰრქუა: უწყოდეთ, რამეთუ ძჳრსა რასმე ეძიებს იგი და მოავლინა ჩემდა ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს, რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქრო ჩემი არა დავაყენე მისგან.
8 უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დაეთანხმები. 8 ჰრქუეს მას მოხუცებულთა და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ და ნუცა თავსა იდებ.
9 უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: ასე უთხარით ჩემს ბატონ მეფეს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მორჩილს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია. წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი. 9 და ჰრქუა მოციქულთა მათ ძისა ადერისათა: არქუთ უფალსა მას თქუენსა მეფესა: ყოველივე, რა მარქუ მონასა შენსა, ვყო პირველსა მას ჯერსა, ხოლო ეგე სიტყუაჲ ვერა ვყო. და მიიქცეს კაცნი იგი და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი.
10 შეუთვალა ბენ-ჰადადმა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას. 10 და მიავლინა მისა ძემან ადერისამან და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა მათ ჩემთა, და ესე და ესე შემძინონ, უკუეთუ ეყოს მიწა ქუეყანისა შენისა ჴელთა ერისა ჩემისა მკურცხლისათა.
11 მიუგო ისრაელის მეფემ: ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით. 11 მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: კმა არს, აწ ნუღარა იქადინ მღუნავი იგი, ვითარცა მართალი.
12

გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, როცა მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მორჩილთ: შემოეწყვეთ! ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს.

12

და იყო, ვითარცა მიუგო მას სიტყუაჲ ესე და იგი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და ყოველნი იგი მეფენი მის თანა კარავსა შინა, ჰრქუა მონათა თჳსთა: მოადგთ პატნეზი! და მოადგეს პატნეზი გარემო ქალაქსა მას.

13 აჰა, მოუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას. რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ. 13 და, აჰა, წინაწარმეტყუელი ერთი მივიდა აქაბ მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: იხილე აწ დიდი ესე ამბოხი და, აჰა, მე მივსცნე იგინი ჴელთა შენთა დღეს და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.
14 თქვა აქაბმა: ვისი წყალობით? მიუგო: ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით. ვინ წამოიწყებს ბრძოლას? თქვა: შენ. 14 და თქუა აქაბ: რათამე? და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ყრმებითა სოფლისა მის მთავართათა. და ჰრქუა აქაბ: ვინ მიეტეოს პირველ ღუაწლსა ამას?
15 დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი; მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი - შვიდი ათასი კაცი. 15 და ჰრქუა: შენ აღრაცხენ მონანი იგი მთავართანი! და იპოვნეს ორასოცდაათ. და მერმე აღრაცხნა ყოველი იგი ერი და ყოველნი ძენი ძლიერებისანი და იყუნეს შჳდ ათას.
16 შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ მეფეებთან ერთად. 16 და განვიდეს შუა სამხრის ოდენ და ძე იგი ადერისი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და დამთურალ სოკქოთს, იგი თავადი და ათორმეტნი მეფენი, შემწენი მისნი.
17 პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან. 17 და განვიდეს პირველ ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და უთხრეს ძესა ადერისსა და ჰრქუეს, ვითარმედ: კაცნი გამოვიდეს სამარიათ.
18 თქვა: თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით; თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, შეიპყარით ცოცხლად! 18 და ჰრქუა მათ: მშჳდობით თუ გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი, და თუ ბრძოლად გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი.
19 ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან. 19 და განვიდეს ქალაქისა მისგან ყრმები მთავართა მათ სოფლებისათა, და ერი იგი შეუდგა მათ.
20 ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს, უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე მხედრებთან ერთად. 20 და სცეს თჳთეულად, ვისცა შეემთხუეოდეს. და სივლტოლად იქცეს ასურასტანელნი იგი ისრაიტელთა მათგან და განერა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, აღმჴედრებული სამითა მჴედრითა.
21 გამოვიდა ისრაელის მეფე და დაკრა ცხენებსა და ეტლებს. დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე. 21 და გამოვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და დააყარა ეტლები მათი და საჴედარნი მათნი და დასცა ასურასტანელნი იგი დაცემითა დიდითა.
22 მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე. 22 (და მივიდა წინაწარმეტყუელი მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა მას: განძლიერდი და უწყოდე და იხილე, რა ყო. რამეთუ შემდგომად ამის წელიწდისა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, გამოსლვად არს შენ ზედა).
23

უთხრეს მისმა მორჩილებმა არამის მეფეს: მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ დაბლობზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ.

23

და მონანი მეფისა მის ასურასტანელისანი ეტყჳან მას: ღმერთი მთათა არს ღმერთი იგი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა, და მისთჳს გუძლეს ჩუენ; უკუეთუ ვეწყუნეთ მათ, ადვილცა ვსძლოთ მათ.

24 აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე. 24 და აწ ყო მსგავსად სიტყჳსა ამის: გარდაადგინენ მეფენი ეგე ადგილით თჳსით და დაადგინენ მათ წილ მთავარნი.
25 შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. დაბლობზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ. ყურად იღო მათი სიტყვა და ასე მოიქცა. 25 და აღგედგინოს შენ ერი ერისა ამის წილ, რომელ განგეჴვა შენ და საჴედარნი საჴედართა მათ წილ და ეტლნი ეტლთა მათ წილ და სცე მათ ბრძოლად ველსა, სძლო მას. და მიერჩდა ჴმასა მისსა. და ყო ეგრე.
26 როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელიანებთან საბრძოლველად. 26 და იყო შემდგომად მის წლისა ახილვა-ყო ძემან ადერისამან ასურასტანისა და გამოვიდა აფეკად წყობად ისრაჱლისა.
27 შეემზადნენ ისრაელიანებიც, საგზალი მოიმარაგეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანებმა მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა. 27 და ძეთა მათ ისრაჱლისათა ახილვა-ყვეს და განგუნდნეს ორგან და მიეგებოდეს წინა მათსა ბრძოლად და ძენი იგი ისრაჱლისანი იყუნეს წინა მათსა, ვითარცა ორნი სამწყსონი თხათანი, ხოლო ასურთა მათ აღავსეს ქუეყანა იგი.
28 გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელს ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ. 28 და მივიდა კაცი იგი ღმრთისა და ჰრქუა მეფესა ისრაჱლისასა: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, რამეთუ თქუეს ასურთა მათ, ვითარმედ: ღმერთი მთათა არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა. მე მიგცე დღე იგი დიდი ჴელთა შენთა და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.
29 ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანებმა არამელნი - ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს. 29 და დაიბანაკეს მათ პირისპირ მთასა შჳდ დღე. და იყო, შემდგომად შჳდისა მის დღისა განეწყუნეს ბრძოლად და დასცა ისრაჱლმან ასურასტანელთა მათ ასი ათასი მკჳრცხლთა ერთსა შინა დღესა.
30 დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ. დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა. 30 და ნეშტნი იგი მიივლტოდეს აფეკად, ქალაქსა თჳსსა, და დაეცა ზღუდე იგი ოცდაშჳდი ათასთა მათ ზედა კაცთა ნეშტთა და ძე იგი ადერისი ივლტოდა და შეივლტოდა სახიდ თჳსა სენაკით სენაკად.
31 უთხრეს მისმა მორჩილებმა: გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე ბაწრებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ ცოცხლები დაგვტოვოს 31 და ჰრქუეს მონათა მათ თჳსთა. აჰა, ესერა, უწყით, რამეთუ მეფენი სახლისა მის ისრაჱლისანი მოწყალენი არიან. აწ შთავიცვათ ძაძა და მოვიდვათ საბელი თავსა და განვიდეთ მეფისა მის ისრაჱლისა, გან-ხოლო-თუ-არინნეს თავნი ჩუენნი.
32 წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე ბაწრები დაიდეს, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: შენი მორჩილი ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო. თქვა: ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის. 32 და შთაიცვეს ძაძა და მოიდვეს საბელი თავსა თჳსსა და ჰრქუეს მეფესა მას ისრაჱლისასა: მონა შენი, ძე ადერისი. ესრეთ იტყჳს: ცხოვნდინ თავი ჩემი და ჰრქუა აქაბ: ცოცხალღა თუ არს? ძმა ჩემი არს.
33 ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: შენი ძმა არის ბენ-ჰადადი. თქვა მეფემ: წადით და მოიყვანეთ. გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ. 33 და კაცთა მათ დაიზმნეს და გულისხმა-ყვეს და მოისმინეს სიტყუაჲ პირისაგან მისისა და ჰრქუეს: ძმა შენი, ძე ადერისი, აქა არს. და ჰრქუა აქაბ: შევედით, გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა მისა ძე ადერისი და აღსვა იგი ეტლთა მათ მისთა თანა.
34

უთხრა: დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა; იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, თქვა აქაბმა, ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ. დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა.

34

და ჰრქუა: ქალაქნი იგი დაიპყრნა მამამან ჩემმან მამისაგან შენისა, კუალად გააგო შენდავე და დასდვა ხარკი დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან ხარკი სამარიას და მე აღთქმა-ვყო შენ თანა და დავდვა აღთქმა მის თანა. და განუტევა იგი და წარვიდა.

35 უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემე. მაგრამ არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა. 35 და კაცმან ერთმან ძეთა მათ წინაწარმეტყუელთაგანმან ჰრქვა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისათა: მომკალ მე და არა ინება მან მოკლვად მისა.
36 მაშინ უთხრა: რაკი არ გაიგონე ჩემი სიტყვა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს. წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა ლომმა. 36 ხოლო ჰრქუა მას: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისა, აჰა, ვითარცა წარხჳდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან. და ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა იგი ლომმან და მოკლა იგი.
37 მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემე. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა. 37 და მიემთხჳა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მომკალ მე და დასცა მას კაცმან მან და დალეწა.
38 წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული. 38 და მოვიდა წინაწარმეტყუელი და დადგა წინაშე მეფისა მის გზასა ზედა და დაიხურნა თუალნი თჳსნი.
39 როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მორჩილი, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულეო ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სიცოცხლე იყოს მისი სიცოცხლის წილ, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადეო. 39 და იყო, ვითარცა წარმოვიდოდა მეფე და მან ღაღად-ყო მეფისა მიმართ და თქუა: მონა შენი განვიდა ერსა თანა ღუაწლსა და, აჰა, კაცმან ერთმან მოიყვანა ჩემდა კაცი და მრქვა: დამიმარხე კაცი ეგე, უკუეთუ განრინებით განგერეს, იყოს თავი შენი თავისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ერთი ვეცხლისა მომიწონო მე.
40 გაერთო საქმით შენი მორჩილი და, აჰა, სადღაა კაცი. უთხრა მას ისრაელის მეფემ: შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის. 40 და იყო ვიდრე მონა შენი იქი და აქა, ვხედევდ და იგი არა უწყი, ვიდრე ჴდა. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მას: აჰა, შენცა სტყუი ჩემდა მომართ, მო-სამე-ჰკალ.
41 მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო იგი ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი. 41 და ისწრაფა და უკანაიჴადა საბურველი იგი თუალთაგან მისთა. და იცნა იგი მეფემან ისრაჱლისამან, ვითარმედ წინაწარმეტყუელთაგანი არს იგი.
42 უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ! 42 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განუტევე შენ კაცი წინაწარმეტყუელი ჴელთაგან შენთა, იყავნ თავი შენი თავისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.
43 წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული, და მივიდა სამარიას. 43 და წარვიდა მეფე ისრაჱლისა სახიდ თჳსა მწუხარე და დაჴსნილი და მივიდა სამარიად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე