ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, სამარიის მეფის, აქაბის სასახლის გვერდით.

1

და იყო, შემდგომად ამათ სიტყუათა იყო ვენაჴი ერთი ნაბუთესი იეზრაიტელისა მახლობელად კალოსა მას აქაბისსა, მეფისა მის სამარიტელთასა.

2 ელაპარაკა აქაბი ნაბოთს და უთხრა: დამითმე შენი ვენახი, ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ; თუ გინდა მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი. 2 და ეტყოდა მეფე ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც მე ვენაჴი შენი, რათა იყოს მტილად ჩემდა სამხლედ, რამეთუ მახლობელიცა არს ჩემდა სახლსა და მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი უმჯობესი მაგისსა, უკუეთუ კულა გნებავს, შენ მიგცე ვეცხლი სასყიდელად მაგისსა (და იყოს მტილად ჩემდა სამხლედ).
3 უთხრა ნაბოთმა აქაბს: უფალმა დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის სამკვიდრო მოგცე! 3 და ჰრქუა ნაბუთე მეფესა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისაგან ჩემისა, ვითარცა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა?
4 წავიდა აქაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, რაც ნაბოთ იზრეყელელმა უთხრა, ვერ მოგცემო ჩემი მამა-პაპის სამკვიდროს. ჩაწვა თავის საწოლში, და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია. 4 და შევიდა აქაბ მწუხარე და გულმწყრალ სიტყუათა მათთჳს ნაბოთესთა იზრაიტელისა, რამეთუ ჰრქუა მას: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა. და მიწვა იგი ცხედარსა თჳსსა და დაიხურა პირი თჳსი და არა ჭამა პური.
5 შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და ჰკითხა: რამ დაგანაღვლიანა, პურს რატომ არ სჭამ? 5 და შევიდა მისა იეზაბელ, ცოლი თჳსი, ეტყოდა მას და ჰრქუა: რაჲსა მწუხარე არს სული შენი და არა სჭამ პურსა?
6 უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი, დამითმე-მეთქი შენი ვენახი ვერცხლით; ან თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი. მან მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს. 6 და თქუა: ამისთჳს, რამეთუ ვეტყოდე ნაბოთეს იზრაიტელსა, ვითარმედ, მომეც ვენაჴი შენი ვეცხლად სასყიდლად და, უკუეთუ გნებავს, მოგცე შენ სხუაჲ ვენაჴი მაგისა წილ. და თქვა: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა.
7 უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე: მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს. 7 და ჰრქუა მას იეზაბელ, ცოლმან მისმან: აწ ეგრეთ ჰყოა შენ მეფობა ეგე შენი ისრაჱლსა ზედა? აწ აღდეგ და ჭამე პური და განიფრთხუე და მე მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბოთესი იეზრაიტელისა.
8 დაწერა წერილები აქაბის სახელზე, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში. 8 და მიწერა როარდაგი სახელად აქაბისა და დაბეჭდა ბეჭდითა მისითა და მიუძღვნა მოხუცებულთა მათ და აზნაურთა მის ქალაქისათა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ნაბუთეს თანა.
9 ასე ჩაწერა წერილებში: გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი. 9 და დაწერილ იყო ჰროარდაგსა მას ესრეთ: იმარხეთ მარხვა და დასუთ ნაბუთე მთავრად ერსა მაგას.
10 წინ დაუსვით ორი ნაძირალა, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდი! მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს. 10 და დასხენით ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, პირისპირ მისა და შესწამონ მას და ჰრქუან, ვითარმედ: აკურთხე, ნაბოთე, ღმერთი და მეფე და განიყვანეთ იგი, დაკრიბეთ ქვა და მოკუედინ.
11

ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები - უხუცესები და წარჩინებულები, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.

11

და ყვეს მოხუცებულთა მის ქალაქისათა და აზნაურთა, რომელნი სხდეს ქალაქსა მას შინა, ვითარცა მიევლინა მათა იეზაბელს, და ვითარცა წერილ იყო ჰროარდაგსა მას.

12 გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი. 12 და განუწესეს მარხვა და დასვეს ნაბუთე მთავრად ერსა მას.
13 გამოვიდა ორი ნაძირალა და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ ნაძირალებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვით ჩაქოლეს და მოკვდა. 13 და მივიდეს ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, და დასხდეს პირისპირ მისა და შესწამეს კაცთა მათ განდგომილთა ნაბუთეს წინაშე ყოვლისა ამის ერისა და ჰრქუეს: აკურთხე, ნაბუთე, ღმერთი და მეფე. და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა მას და დაკრიბეს მას ქვა და მოკუდა.
14 ასე შეუთვალეს იზებელს: ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა. 14 და წარავლინეს იეზაბელისა და ჰრქუეს: დაიქოლა ნაბუთე ქვითა და მოკუდა.
15 როცა გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იზებელმა აქაბს: ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენანს, რომელიც არ უნდოდა შენთვის მოეყიდა; რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია. 15 და იყო, ვითარცა ესმა იეზაბელს, რამეთუ ქვადაკრებულ იქმნა ნაბოთე და მოკუდა, ჰრქუა იეზაბელ აქაბს: აღდეგ და დაიმკჳდრე ვენაჴი იგი ნაბუთესი იეზრაიტელისა, რომელი არა მოგცა შენ ვეცხლად, რამეთუ არა არს ნაბუთე ცოცხალ, არამედ მოკუდა.
16 როცა გაიგო აქაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა აქაბი, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაჰპატრონებოდა. 16 და იყო, ვითარცა ესმა აქაბს, ვითარმედ მოკუდა ნაბოთე იეზრაიტელი დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა, და იყო შემდგომად ამისა და აღდგა აქაბ და შთაჴდა ვენაჴსა მას ნაბუთეს იეზრაიტელისასა დაპყრობად მას.
17 მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს: 17 და ეტყოდა უფალი ელიას თეზაბიტელსა და ჰრქუა:
18 ადექი და დახვდი აქაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. 18 აღვედ, შთავედ და მიეგებოდე აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა, რომელ არს სამარიასა, რამეთუ შთასრულ არს იგი ვენაჴსა მას ნაბოთესასა დაპყრობად მისა.
19 უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები. კიდევ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები. 19 და ეტყოდე მას და არქუ: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე, ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბოთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსპიკნი იბანნენ სისხლითა შენითა.
20 უთხრა აქაბმა ელიას: მაინც მომაგენი, ჩემო მტერო! მიუგო: მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტად მოქცეულიყავი უფლის თვალში. 20 და მოვიდა ელია აქაბისა და ეტყოდა მსგავსად სიტყჳსა მის და ჰრქუა აქაბ ელიას: მპოე მეა, მტერო ჩემო? და ჰრქუა ელია: გპოვე, რამეთუ ცუდად აღილაღე და ქმენ ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა.
21

აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში.

21

აჰა, მე მოვავლინო შენ ზედა ძჳრი და აღატყდეს შემდგომად შენსა, და მოვსპო აქაბისი და არა დაუტეო, რომელი აფსმიდეს კედელსა და ჭირვეული იგი და დაცემული ისრაჱლისა.

22 ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც მოვექეცი იერობოამ ნაბატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს იმ ჯავრის გამო, რომ გამაჯავრე, რომ შეაცდინე ისრაელი. 22 და მივსცე სახლი შენი, ვითარცა სახლი იერობუამისი, ძისა ტაბატისა, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი, განრისხებათა მაგათთჳს, რომელ განმარისხე მე და აცთუნე ისრაჱლი.
23 იზებელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან. 23 და იეზაბელისთჳს იტყჳს უფალი: ნაცულად ნაბოთესა ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა მას თანა იეზრაიტელისასა.
24 ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ; ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. 24 მომკუდარნი აქაბისნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მომკუდარნი მისნი ველსა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.
25 ჯერ არვინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი. 25 რამეთუ ცუდად აჰყვა აქაბ ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, რამეთუ შესულიბა იგი იეზაბელ, ცოლმან თჳსმან.
26 დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიჰბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა. 26 და მოიძაგა ფრიად შედგომად კვალსა მას საძაგელთასა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა ამორეველმან, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.
27 როცა გაიგონა აქაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა. 27 და სიტყჳსა მისთჳს, რომელ შეიკდიმა მეფემან პირისაგან უფლისა, და მივიდოდა ტირილით და დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა ჴორცთა მისთა და დაიმარხა დღესა მას, რომელსა მოკუდა ნაბუთე იეზრაიტელი და ძე მისი მივიდოდა მღუნარედ.
28 გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს: 28 და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასა აქაბისთჳს და ჰრქუა უფალმან:
29 ხომ ხედავ, როგორ მოიდრიკა აქაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოიდრიკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს. 29 იხილე, ვითარ შეიკდიმა აქაბ პირისაგან ჩემისა და შეინანა და თქუა უფალმან: არა მოვავლინო ძჳრი დღეთა მაგისთა, არამედ დღეთა ძისა მაგისისათა მოვავლინო ძჳრი ზედა სახლსა მაგისსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე