ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას.

1

და იყო, წელსა მას ოთხას და მეორმოცესა შემდგომად გამოსლვისა მის ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ვგჳპტით, წელსა მეოთხესა თთვესა მეორესა, სუფევასა სოლომონ მეფისასა ისრაჱლსა ზედა, იწყო საქმედ ტაძრისა მის უფლისა.

2 სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა. 2 და ტაძარი იგი, რომელ აღუშენა სოლომონ მეფემან უფალსა, სამეოც წყრთა - სიგრძე მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მის ტაძრისა.
3 სტოა ტაძრის წინ სიგრძით ოცი წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე - ათი წყრთა, სახლის წინ. 3 და კამარა ერთ პირისპირ მის ტაძრისასა - ოც წყრთა, სიმაღლე მის სწორად სიმაღლისა მის ტაძრისა, და ათ წყრთა - სივრცე მისი პირისპირ ტაძრისა მის და აღქმნა და აღასრულა ტაძარი იგი.
4 გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა. 4 და უქმნნა ტაძარსა მას სარკმელნი კანკლედნი და ფრიალნი.
5 მიუშენა სახლის კედელს სართულები სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ; მიუშენა შრამელები ირგვლივ. 5 და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას მის ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლისკედელ გარემო კედელთა მათ.
6 ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა - ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე - შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩო არ მიჰკარებოდა. 6 კედელი იგი შინაგანი - ხუთ წყრთა სივრცე მისი, და კედელი იგი მეორე - ექუს წყრთა - სივრცე მისი და მესამისა მის - შჳდ წყრთა - სივრცე მისი და განამარტა მოტიხურით გარემო ზღუდეთა მათ ტაძრისათა, რათა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა.
7 როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა; არც ჩაქუჩის, არც კვერის და არცერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას. 7 და აღიშენა ტაძარი იგი ქვითა უთლელითა და ჴმაჲ ჭურჭლისა და რკინისა ყოვლადვე არა ისმა შენებასა მის ტაძრისასა.
8 შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულ ზე, და შუა სართულიდან - მესამეზე. 8 და ბჭე გუერდით შინაგან მარჯუენით მჴარსა მას მის ტაძრისასა და აღსავალი მისი გარემოთ საშუალადმდე საშუალითგან ვიდრე მესამედ სართულადმდე.
9 როცა დაასრულა სახლის შენება, კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი. 9 და აღქმნა ტაძარი იგი და აღასრულა და განარჩუნა ტაძარი იგი ფიცრითა შედგმულითა და ძელითა ფიჭვისათა.
10 სართულები მიუშენა მთელს სახლს, თითო ხუთი წყრთა სიმაღლისა და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს. 10 და აღაშენა კედელთა მათ თანა მის ტაძრისათა სვეტებს ქვეშე კამარათა მათ ხუთ წყრთა სიმაღლით და აღრჩუნნა სუეტნი იგი ძელითა ფიჭვისათა.
11

გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა: აჰა, აშენებ ამ სახლს.

11

და იყო სიტყუაჲ უფლისა სოლომონის მიმართ და თქუა:

12 მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანევს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს ვუთხარი - 12 სახლსა მაგას, რომელსა მიშენებ მე, უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდი და სამართალნი ჩემნი ჰყვნე და დაიცვნე ყოველნი მცნებანი ჩემნი სლვად მათ შინა, და დავამტკიცნე სიტყუანი ჩემნი შენ თანა, რომელსა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა.
13 დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არასოდეს მივატოვებ-მეთქი. ჩემს ერს, ისრაელს-მეთქი. 13 და დავემკჳდრო შორის ძეთა ისრაჱლისათა და არა უგულებელს-ვყო ერი ჩემი ისრაჱლი.
14 როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა, 14 და ქმნა სოლომონ ტაძარი იგი და აღასრულა.
15 კედარის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე; ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო. 15 და აღრჩუნნა კედელნი იგი მის ტაძრისანი ძელითა ფიჭჳსათა იატაკითგან ვიდრე თავამდე და ვიდრე მოსლებამდე და მორჩუნა ძელითა შინათგან და განრჩუნა შინაგანი გუერდი ერთი ტაძრისა მის ძელითა ნაძჳსათა.
16 სახლის კიდეებიდან ოც წყრთაზე ააკრა კედარის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისთვის. 16 და შემოაქნა ტაძარსა მას გუერდი ერთი, ოც წყრთა სიმაღლე მისი იატაკითგან ვიდრე მოსლამდე, და შემოაქნა კედელი იგი დაბირსა წმიდასა მას წმიდათასა.
17 ორმოცი წყრთა იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი. 17 ორმეოც წყრთა იყო ტაძარი იგი შინაგანი.
18 კედარის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული; ყველა ფერი კედარისგან იყო, ქვა არ ჩანდა. 18 და განრჩუნა ტაძარი იგი შინაგანი ძელითა ფიჭჳსათა, კამარები მისნი და სვეტნი მისნი გამოქანდაკებულნი ყოველი ძელითა ფიჭუთა და არა ჩნდა ქვა
19 შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა. 19 პირისპირ დაბირისა შორის ტაძარსა მას შინაგან და განმზადა მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის აღთქმისა უფლისა.
20 დაბირის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანეც ოცი წყრთა, სიმაღლეც ოცი წყრთა. წმიდა ოქროთი დაფერა იგი, ოქროთვე დაფერა კედარის სამსხვერპლო. 20 და პირსპირ დაბირსა - ოც წყრთა სიგრძო მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მისი, და განრჩუნა იგი ოქროთა მყარითა და ქმნა საკურთხეველი ძელისაგან ფიჭჳსა.
21

დაფერა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი დაფერა.

21

და განრჩუნა სოლომონ ტაძარი იგი შინაგან ოქროთა რჩეულითა და დამსჭვალა ოქროსა სამშჭულებითა პირისპირ დაბირისა და შემოსა იგი ოქროთა.

22 მთელი სახლი ოქროთი დაფერა, მთლიანად მთელი სახლი, და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი დაფერა. 22 და ყოველსა მას ტაძარსა შესცხო თქრო და შინაგან დაბირსა მას ქმნნა პეპელნი ოქროსანი.
23 გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო. 23 და ქმნნა შინაგან დაბირსა მას ორნი ქერობინნი ძელისა ურთხელისაგან, ათ წყრთით სწორად სიდიდე მისი.
24 ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე. 24 ხუთ წყრთა ერთი ფრთე მისი, ხუთ წყრთა მეორე ფრთე მისი და ათ წყრთა ფრთით ფრთედ ფრთეთა მისთა,
25 ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც; ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა. 25 ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა ერთითა სწორითა ერთ სწორება ქერობინთა მათ.
26 ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც. 26 და სიმაღლე ერთისა მის ქერობინისა ათ წყრთა, ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა.
27 დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში; გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს; ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა - მეორე კედელს; ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ. 27 და დადგნა ორნივე იგი ქერობინნი საშუალ ტაძარსა მას შინაგანსა და განუფინნა ფრთენი მათნი და მისწუდებოდა ფრთე ერთისა მის ქერობინისა ერთკერძო კედელსა მის ტაძრისასა და მისწუდებოდა ფრთე ქერობინისა მის მეორისა კედელსა მას მეორესა და ფრთენი მათნი საშუალ ტაძარსა მას შესწორდებოდეს ერთიერთსა ფრთე ფრთესა.
28 ოქროთი დაფერა ქერუბიმები. 28 და შემოსნა ქერობინნი იგი ოქროთა.
29 სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა. 29 და ყოველნი კედელნი ტაძრისანი მის გარემოს ქანდაკებით მოწერნა ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და გამოხატულნი სახილველნი შინაგან და გარეშე ქერობინთა მათ.
30 სახლის იატაკიც ოქროთი დაფერა, შიგნიდანაც და გარედანაც. 30 და იატაკი ტაძრისა მის შინაგანისა და გარეშისა მორჩუნა ოქროთა.
31

დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წყრთილები კედლის სიმაღის მეხუთედი იყო.

31

და კარები დაბირისა მისი ქმნა ძელისაგან ღვივის და ზღურბლნი მისნი ხუთნაკეცითა.

32 ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი დაფერა. მოაოქროვა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც. 32 და ორნი კარნი ძელთაგან ნაძჳსათა და ქანდაკნი და ჭედილნი ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსნა იგინი ოქროთა და მოძერწა გარემოს ქერობინთა მათ და დანაკისკუდთა ოქრო.
33 ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთკუთხა წირთხლები, 33 ეგრევე სახედ აქმნა ბჭეთა მათ ტაძრისათა ზღრუბლნი ოთხნაკეცად ძელთაგან ღვივისათა,
34 და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარის ორივე გვერდიც ტრიალებდა. 34 და ორნივე იგი ბჭენი ძელთაგან ნაძუთასა ორკერძო განღებით და ქსულნი მათნი იმერ-ამიერ.
35 ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები. 35 და ბჭე იგი მეორე გარემოქცევით და ქანდაკნი ბჭეთანი მათ ქერობინისსახედ და დანიკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსა ოქროთა მოძერწვით გარემოს ქმნულება იგი.
36 მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება კედარის ძელებისგან. 36 და აღაშენა ეზო იგი შინაგანი სამნაკეცად და მოფეტნა ძელითა ფიჭჳსათა.
37 მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს. 37 წელსა მას მეოთხესა და დადვა საძირკველი ტაძრისა მის უფლისა თთვესა მას იუსსა წელსა მას მეათერთმეტესა სუფევისა თვისისასა თვესა მას იბულს (რამეთუ იგი არს თვე მერვე). აღესრულა ტაძარი იგი მსგავსად ყოვლისა სიტყჳსა მისისა და მსგავსად ყოვლისა განგებისა მისისა და აღასრულა ტაძარი იგი შვიდსა წელსა.
38 მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე