| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო დედისათვის! |
||
| 2 | ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა, როგორც მბრძანებელი დაჰპირდა. | ||
| 3 | მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ. | ||
| 4 | როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ თანაგრძნობით. | ||
| 5 | რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ თავიანთი შვილები. | ||
| 6 | მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული, | ||
| 7 | და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა. | ||
| 8 | მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა თავისი შვილებისა. | ||
| 9 | შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი. | ||
| 10 | რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ და ბოლომდე დაიცვეს რჯული. | ||
| 11 | თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება. | ||
| 12 | პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა. | ||
| 13 | ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ! | ||
| 14 | ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. | ||
| 15 | ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით ჩამოკიდებულს. | ||
| 16 | დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი დაითმინა! | ||
| 17 |
დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა! |
||
| 18 | არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ, სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა. | ||
| 19 | არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში. | ||
| 20 | როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე. | ||
| 21 | სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას. | ||
| 22 | რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით! | ||
| 23 | მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული. | ||
| 24 | შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა. | ||
| 25 | საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს - ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას; | ||
| 26 | ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი თავისი შვილებისთვის, | ||
| 27 | მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით, | ||
| 28 | არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა. | ||
| 29 | დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს! | ||
| 30 | დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს მოთმინებით! | ||
| 31 | ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და ტალღების მხნედ გადამლახველს! | ||
| 32 | ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი. |