| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია. |
||
| 2 | მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ ვნებებს; არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად ჩაგდება. | ||
| 3 | მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და მიშაელის წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა, რომელიც უყურებდა შვილების მრავალნაირ წამებას. | ||
| 4 | მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ მოძალებული ვნებები. | ||
| 5 | იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა იყო, შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა: | ||
| 6 | ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის მშობელი დედა უშვილო ვრჩები! | ||
| 7 | ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ თვეს, უნაყოფო ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას! | ||
| 8 | ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის ტკივილებს და ფუჭად ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს! | ||
| 9 | ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს - უშვილძიროებს! თქვენს შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები! | ||
| 10 | მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები მრავალსაწყალობელი. | ||
| 11 | ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი. | ||
| 12 | მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში დედა, არცერთი მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება მორევია, როცა კვდებოდნენ ისინი, | ||
| 13 | არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და უკვდავებისთვის ხელახლა შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ. | ||
| 14 |
ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტრვალსაც კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი! |
||
| 15 | შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი ელეაზარის წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს: | ||
| 16 | შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის დასამოწმებლად ხართ გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის. | ||
| 17 | სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს, როცა მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის. | ||
| 18 | გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე. | ||
| 19 | ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას ღვთისთვის. | ||
| 20 | ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად სწირავდა ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა მამის ხელში. | ||
| 21 | მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია და მიშაელი გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს. | ||
| 22 | და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით. | ||
| 23 | რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული. | ||
| 24 | ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს ევედრებოდა, უმალ მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო. | ||
| 25 | მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში იცოცხლებდნენ, როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი. |