ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მაკაბელთა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რატომ არის საკვირველი, თუ სულის ვნებებს სიკეთის წინაშე ძალა ეცლება.

   
2 განა გონიერი იოსები იმის გამო არ იმსახურებს ქებას, რომ გონებით ალაგმა განცხრომის ვნება?    
3 რადგან მან ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თანაყოფის შემძლემ, გონებით უვნებელყო გულისთქმათა ნესტარი.    
4 და, როგორც ჩანს, არა მარტო განცხრომას, არამედ ყოველგვარ ვნებას სძლია გონებამ.    
5 აკი გვაუწყებს რჯული: არ ისურვო შენი ახლობლის ცოლი, არც რაიმე ქონება შენი ახლობლისა.    
6 მართლაც, როცა გვაუწყა რჯულმა - არ ისურვოო, უფრო მეტად დავრწმუნდით გონების ძალაში, რომ შეუძლია მას ვნებათა მართვა. ეს იმ ვნებებსაც ეხება, რომლებიც სამართლიანობას აბრკოლებენ.    
7 რადგან როგორ შეიცვლის ზნეს მარტოდ მჭამელი, ან ღორმუცელა, ან ლოთი, თუკი გონება ნამდვილად ვნებათა უფალი არ არის?    
8 ცხადია, რჯულის მიმდეკარი კაცი, რაგინდ ვერხლისმოყვარული არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება სარგებელის გარეშე გასცეს სესხი და შვიდეულთა დღესასწაულზე შეუმციროს კიდეც გადასახდელი თანხა.    
9 მომჭირნეც რომ აღმოჩნდეს კაცი, რჯული გონების ძალით აიძულებს მას, ზედმეტი არც მოსავალი აიღოს, არც ვენახი გაკრიფოს პირწმინდად. სხვა ვნებების თაობაზეც ეს უნდა ვიცოდეთ: ვნებათა უფალია გონება.    
10 რჯული მშობლების სიყვარულზეც მეტია, რადგან მათი გულისთვის ღირსებას არ ღალატობს კაცი.    
11 ცოლის სიყვარულზეც უპირატესია, რადგან კაცი გაუკიცხავს არ სტოვებს რჯულის გამტეხ ცოლს.    
12 შვილების სიყვარულზეც უფრო ძლიერია, რადგან კაცი სჯის შვილებს სიავისთვის.    
13

მეგობართა ურთიერთობებსაც მართავს, რადგან კაცი კიცხავს მეგობარსაც, თუ ბოროტება ჩაიდინა.

   
14 უაზრობად ნუ მოგეჩვენებათ, რომ გონებას რჯულის ძალით მტრობის დაძლევაც კი შეუძლია. ხომ არ იჩეხება მტრის ხელით დარგული ხეებიც კი, არამედ იცავენ მტრის ქონებას განადგურებისგან და ფეხზე აყენებენ წაქცეულს.    
15 ცხადია, რომ გონება აოკებს უძლიერეს ვნებებს: ძალაუფლების სიყვარულს, ცუდმედიდობას, მკვეხარობას, ამბარტავნებას და ცილისმწამებლობას.    
16 თრგუნავს ავზნიან ვნებებს ბრძნული გონება, ისევე როგორც მრისხანებას; ამ ვნების ბატონიც არის იგი.    
17 როცა მოსე განურისხდა დათანსა და აბირონს, მრისხანებით კი არ მოიქცა მათ წინააღმდეგ, არამედ გონებით შეაკავა მრისხანება.    
18 რადგან შეუძლია გონივრულ აზრს დასძლიოს ვნებები - ზოგი მოიშოროს, ზოგიც განაქარვოს.    
19 მაშ, რის გამო ადანაშაულებდა ჩვენი ყოვლადბრძენი მამა იაკობი სიმონისა და ლევის ხალხს, როცა უაზროდ ამოჟლიტეს შექემელთა მთელი ტომი, წყეული იყოს მათი მრისხანებაო?    
20 ამას არ იტყოდა იგი, რომ არ შეძლებოდა გონებას მრისხანების დათრგუნვა.    
21 როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი,    
22 და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე,    
23 და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა.    
24 ეს როგორ არის, იკითხავს კაცი, რომ ვნებათა მბრძანებელი გონება ვერ სძლევსო გულმავიწყობას და უმეცრებას?    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე