ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მაკაბელთა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მბრძანებლის შეგონებებზე ამ პასუხისათვის მცველებმა ძალით მიათრიეს ელეაზარი საწამებელ იარაღებთან.

   
2 ჯერ შესამოსელი შემოაძარცვეს მოხუცს, ყოველი სიკეთითა და ღვთისმოსაობით შემკობილს.    
3 შემდეგ ყოველი მხრიდან დაუშინეს მას შოლტები.    
4 ხოლო მის წინ მაცნე გაჰყვიროდა: დაემორჩილეთ მეფის ბრძანებებსო!    
5 დიდსულოვანი და კეთილშობილი ელეაზარი კი, როგორც ჭეშმარიტი ელეაზარი, შეუძვრელი იყო, თითქოს სიზმარში ეწამებაო.    
6 მოხუცს თვალები მაღლა, ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი, მისი ხორცი კი შოლტებით იფლითებოდა, სისხლი ღვარად სდიოდა დასერილ ფერდებზე.    
7 თუმცა მიწაზე ეგდო, რადგან სხეულს აღარ შეეძლო წამების ატანა, მისი გონება მტკიცე და შეურყეველი იყო.    
8 ვიღაც სასტიკი ჯარისკაცი ფერდებში წიხლის ცემით წამოგდებდა ხოლმე ფეხზე, რომ ისევ ცემით მიწაზე დაეგდოთ.    
9 მაგრამ მოთმინებით იტანდა ტკივილს და, ძალადობის არადჩამგდები, უძლებდა ტანჯვა-წამებას.    
10 მოხუცმა ღირსეული ათლეტის მსგავსად, თუმცა ნაცემი იყო, სძლია თავის მტანჯველებს.    
11 სახეზე ოფლმდინარი და სულთმობრძავი თავის მტანჯველებსაც კი აოცებდა სულის სიმტკიცით.    
12 მაშინ, არ ვიცი, მისი ხანდაზმული ასაკის გამო შეიძრა სიბრალულით,    
13

არ ვიცი, მისი ნაცნობი იყო და მისი თანაგრძნობა სურდა, თუ მისმა მოთმინებამ გააოცა, მეფის ერთი მხლებელთაგანი მივიდა მასთან და უთხრა:

   
14 რად იღუპავ ასე უგუნურად თავს, ელეაზარ?    
15 ჩვენ ხომ შენ დიდებულ საჭმელს გთავაზობთ; დათანხმდი, იქნებ გასინჯო ღორის ხორცი და გადაირჩინე თავი.    
16 ხოლო ელეაზარმა, თითქოს ამ რჩევამ უფრო გაამწარაო, წამოიყვირა:    
17 ნუ ვიფიქრებთ, აბრაამის ძენო, ასე ცუდად, თითქოს აქ სულმოკლეობის გამო ჩვენთვის შეუფერებელი წარმოდგენა იყოს გამართული.    
18 უგუნურება ის იქნებოდა, რომ ახლა შევცვლილიყავით, როცა ხანდაზმულობას მართალი ცხოვრებით მივაღწიეთ და აქამდე ღვთის დიდებას რჯულის თანახმად ვინახავდით,    
19 და უღვთობის ნიმუშად მოვვლენოდით ახალგაზრდობას და უწმიდურთმჭამელობის მაგალითი შევქმნილიყავით.    
20 სამარცხვინო იქნება, თუ მცირედი დროით სიცოცხლე გავიხანგრძლივეთ და ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ დაგვცინა სულმოკლეობის გამო,    
21 და ჩვენმა მტარვალმაც კი შეგვიზიზღა, რომ ვერ დავიცავით ჩვენი ღვთიური რჯული.    
22 დაე, ღირსეულად შევხვდეთ სიკვდილს ჩვენი რჯულისათვის, აბრაამის ძენო!    
23 აბა, ნუღარ აყოვნებთ, მტარვალის მცველნო!    
24 როცა დაინახეს, რომ იგი ასე მხნედ შეხვდა განსაცდელს და რომ მათმა სიბრალულმა არ შეცვალა, მცველებბა იგი კოცონთან მიიყვანეს.    
25

რაღაც უკეთური მანქანებით აღგზნებულ ცეცხლში შეაგდეს და თან რაღაც საზიზღარი სითხე ჩააღვარეს ნესტოებში.

   
26 მან კი, თითქმის ძვლებამდე დამწვარმა, უკვე გონსაც რომ კარგავდა, ღვთის მიმართ აღაპყრო თვალები და თქვა:    
27 შენ უწყი, ღმერთო, შემეძლო მეხსნა თავი, მაგრამ რჯულისთვის ვკვდები ცეცხლის მორევში.    
28 შეიწყალე შენი ხალხი და საკმარისი იყოს მათთვის ჩვენი სასჯელი.    
29 ჩემი სისხლით განწმიდე ისინი და მათი სულის სანაცვლოდ მიიბარე ჩემი სული.    
30 ესა თქვა წმიდა კაცმა და წამებაში ღირსეულად დალია სული, გონებით დაითმინა რა სასიკვდილო წამებანი რჯულის გულისთვის.    
31 ამგვარად, ეჭვი არ არის, რომ ვნებათა მბრძანებელია ღვთისმოსავი გონება.    
32 რადგან ვნებებს რომ დაეძლია გონება, მაშინ მათ მბრძანებლობას დავადასტურებდით.    
33 მაგრამ ახლა ვნებებზე რომ გაიმარჯვა გონებამ, ჯეროვნად მას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.    
34 მართებულიცაა, ვაღიაროთ ძლიერება გონებისა, რომელიც სძლევს, რა სასაცილოდაც უნდა მოგვეჩვენოს, გარედან თავსმოხვეულ ტანჯვას.    
35 მე იმასაც ვმოწმობ, რომ მარტო ტანჯვას კი არ სძლევს გონება, არამედ სიამეთაც სძლევს იგი და მათ წინაშეც არ იხევს უკან.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე