ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შვიდი წლისა იყო იოაში, როცა გამეფდა.

   
2 იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბერშებადან. 1 შემდგომად მეშჳდისა მის წლისა იუისა მეფობდა იოვას, ძე ოქოზიასი, ორმეოც წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - საბა ბერსაბეთ.
3 სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას. 2 და ქმნა იოას სამართალი წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა, რომელ განანათლა იგი იუდაე მღდელმან.
4 ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული; გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. 3 ხოლო მაღალთა მათგან არა განეშორა და მუნ უზორვიდა ერი იგი და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.
5 უთხრა იოაშმა მღვდლებს: მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ტრიალში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილთსამებრ შემოაქვთ უფლის სახლში, 4 და ჰრქუა იოას მღდელთა მათ: ყოველი ვეცხლი, რომელი შეწირულ არს ტაძარსა მაგას უფლისასა სიწმიდეთა მაგათ, ვეცხლი თჳთოეულად კაცად -კაცადისა აღსრულებულისა, შერაცხილ სულთათჳს, ყოველი, ვეცხლი რაოდენი მოუჴდეს გულსა კაცისასა შეღებად სახლსა მაგას უფლისასა.
6 აიღონ მღვდლებმა თავ-თავისი ნაცნობებისგან და შეაკეთონ სახლში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ. 5 მოიღონ მღდელთა მათ კაცად-კაცადმან მოფარდულთაგან თჳსთა და მათ აღაგონ ბედეკი სახლისა მის უფლისა ყოველსა შინა, სადაცა პოონ ბედეკი.
7 როცა, მეფე იოაშის ოცდამესამე წელს, მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს, რაც შესაკეთებელი იყო სახლში, 6 და იყო, ოცდამესამესა წელსა იოას მეფისასა არა აღაგეს მღდელთა მათ ბედეკი სახლსა მას უფლისასა.
8 დაუძახა მეფე იოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი, მეტად ნუღარ აიღებთ თქვენ-თქვენი ნაცნობებისგან ვერცხლს სახლის შესაკეთებლად. 7 და მოუწოდა მეფე იოას იუდაე მღდელსა და ყოველთავე მათ მღდელთა და ჰრქუა მათ: რასა არა აღაგეთ ბედეკი სახლისა მის უფლისა? და აწ ნუ მიიღებთ ვეცხლსა ყოველთაგან მოფარდულთა თქუენთა, არამედ ბედეკისა მისთჳს სახლისა უფლისა მიეცით იგი.
9 შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ხალხისგან ვერცხლი სახლის შესაკეთებლად. 8 და აღუთქუეს მღდელთა მათ არა მოღებად ვეცხლი ერისა მისგან და არცა აღგებად ბედეკი ტაძრისა მის.
10 აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელს ვერცხლს. 9 და მოიღო იოდაე კიდობანი ერთი და უქმნა ჴურელი პირსა ზედა მისსა და დადვა იგი საკურთხეველსა მას თანა უფლისასა. და მისცეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი სცვიდეს კართა მათ, ყოველი ვეცხლი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა.
11 როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს. 10 და იხილეს, ვითარმედ ფრიად არს კიდობანსა მას შინა. აღვიდა მწიგნობართა მოძღუარი იგი სამეუფოსი და მღდელი იგი დიდი და აღრაცხეს ვეცხლი იგი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.
12

ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, უფლის სახლში მომუშავეთ,

11 და მისცეს ვეცხლი იგი ჴელთა მოქმედთა საქმისა ჭურჭლისათა სახლსა მას უფლისასა და მისცეს ხუროთა მათ ძელთასა და მაშენებელთა მათ სახლისა მის უფლისათა.
13 ქვისმთლელებს და ქვითხუროებს, ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკეთებლად და ყველაფერს, რაც სახლის გასამაგრებლად იყო საჭირო. 12

და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკვეთელთა ქვისათა სასყიდლად ძელისა და ქვათა გამოკუეთილთა აღსაშენებელად ბედეკისათჳს სახლისა მის უფლისა და მისცეს ყოველი იგი საჴმრად ტაძრისა მის.

14 ოღონდ უფლის სახლისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროს და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ვერცხლით, 13 და რათა არა ქმნეს მისგან სახლსა მას უფლისასა კარები ვეცხლისა და სამსჭუალები და ტაბლები და ნესტვები და ყოველი ჭურჭელი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ვეცხლისა მის შეწირულისა სახლსა მას უფლისასა.
15 რადგან სამუშაოთა შემსრულებლებს ეძლეოდათ, რომ მისი ხარჯით შეეკეთებინათ უფლის სახლი. 14 არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისა.
16 ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა შემსრულებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ. 15 და არა იყო რიცხჳ ვეცხლისა მის, რომელთა ჴელთა შინა იყო მიცემად მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულ იყუნეს მოქმედნი იგი.
17 დანაშაულის გამოსასყიდი ვერცხლი და ცოდვის გამოსასყიდი ვერცხლი არ შემოდიოდა უფლის სახლში; მღვდლებს ეკუთვნოდათ იგი. 16 და ვეცხლი იგი შეწირული ცოდვათათჳს არა შევიდოდა ტაძარსა მას უფლისასა, არამედ მღდელთა მათ იყო.
18 მაშინ გაემართა ხაზაელი, არამის მეფე, და გაილაშქრა გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. მერე იერუსალიმზე გალაშქრება განიზრახა. 17 მას ჟამსა გამოვიდა აზაელ, მეფე ასურასტანისა, და ეწყო გეთსა, გამოიღო იგი და მიმართა აზაელ მისლვად იერუსალჱმსა ზედა.
19 მაშინ აიღო იოაშ იუდას მეფემ მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ იოშაფატს, იორამს და ახაზიას - მის მამა-პაპას, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი იპოვებოდა უფლის სახლსა და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს; და ისიც გაეცალა იერუსალიმს. 18 და აღიღო იოას, მეფემან იუდაისამან, ყოველნი იგი სიწმიდენი, რომელნი განწმიდნა იოსაფატ და იორამ და ოქოზია, მამათა მისთა მეფეთა იუდასთა და თჳსნი იგიცა სიწმიდენი, ყოველი იგი ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მეფისასა და მიუძღვანა აზაელს, მეფესა მას ასურთასა, და წარვიდა იერუსალჱმით.
20 იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 19 და ნეშტნი სიტყუათა იუასისათა და ყოველი, რაჲ ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა იუდასთა.
21 აღდგნენ მისი მორჩილნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან. 20 და აღდგეს მონანი მისნი მის ზედა ზაკჳთ და დასცეს იოას სახლსა მას მაალონისთა, საყოფელთა მათ გალაადისთა.
22 მისმა მორჩილებმა - იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰოზაბად შომერის ძემ, მოკლეს იგი; მოკვდა და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ამაცია გამეფდა. 21 და იოზაქარ, ძემან იემუთესმან, და იეზებეთ, ძემან მისმან, შერაცხილთა მონათა მისთა, სცეს და მოკლეს იგი. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და მეფობდა ამესა, ძე მისი, მის წილ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე