ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის, ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ჩვიდმეტი წელი.

1

წელსა ოცდამესამესა იოასისასა, ძისა ოქოზიასსა, მეფისა იუდაისასა, მეფობდა იოაქაზ, ძე იუასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათჩჳდმეტ წელ.

2 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვის კვალს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი; არ განრიდებია მას. 2 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და შეუდგა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და არა განეშორა მათგან.
3 აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს, და ბენჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით. 3 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა აზაელ, მეფისა ასურთასა, და ჴელთა ძისა ადერისთა, ძისა აზაელისასა, ყოველთა დღეთა.
4 შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე. 4 და ევედრა იოაქაზ პირსა უფლისასა და ისმინა მისი უფალმან და იხილა ურვა იგი ისრაჱლისა, რასა აჭირვებდა მათ მეფე იგი ასურთა.
5 მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი და დააღწიეს თავი არამის ბატონობას; და იწყეს ცხოვრება ისრაელიანებმა თავ-თავის კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ ცხოვრობდნენ. 5 და მისცა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და განერნეს ჴელთაგან ასურთასა და დაემკჳდრნეს ძენი იგი ისრაჱლისანი საყოფელთა თჳსთა, ვითარცა გუშინ და ძოღან.
6 ოღონდ არ განრიდებიან იერობოამის სახლის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი; მისდევდნენ მათ და ხემხვივანებიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში. 6 ხოლო არავე განეშორნეს ცოდვათა მათ იორობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მათ შინავე ვიდოდეს და მაღნართა და მთათა მიმართ სამარიასთა.
7 ორმოცდაათი ცხენოსანი, ათი საომარი ეტლი და ათი ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოხოაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით გასათელი გახადა. 7 და არა დაშთა იოაქაზისა ერი, არამედ მჴედარი ვითარ ერგასის ოდენ და ეტლნი ათნი და ათი ათასი მკჳრცხლი, რამეთუ წარწყმიდნა იგინი მეფემან ასურასტანისამან, დასხნა იგინი, ვითარცა მიწა დასატკეპნელად.
8 იეჰოხოაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 8 და ნეშტნი სიტყუათა იოაქაზისთანი ყოველი, რა ქმნა და ძალი მისი არა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?
9 განისვენა იეჰოხოაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოაში გამეფდა. 9 და დაიძინა იოაქაზ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ.
10 იუდას მეფის, იოაშის, ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოაშ იეჰოხოაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა. 10 წელსა ოცდამეათჩჳდმეტესა სუფევასა იოასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იოას, ძე იოაქაზისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათორმეტ წელ.
11 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ მიუტოვებია ცოდვები იერობოამ ნაბატის ძისა, რომელმაც შეაცდინა ისრაელი, არამედ მისდევდა მათ. 11

და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან- იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მასვე შინა ვიდოდა.

12 იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას, რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 12 და ნეშტნი სიტყვათა იოასისთანი და ყოველი, რაჲ ქმნა, და ყოველნი ძლიერებანი მისნი და, რა-იგი უყო მეფესა იუდაჲსსა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა მეუფეთა ისრაჱლისათა?
13

განისვენა იოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაჯდა მის ტახტზე იერობოამი. ხოლო იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით.

13 და დაიძინა იოას მამათა თჳსთა თანა და იორობოამ დაჯდა საყდარსა მისსა. და დაეფლა იოას სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა.
14 დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც ამ სენისაგან. ჩავიდა მასთან იოაშ ისრაელის მეფე. თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ! 14 და ელისე დასნეულდა სნეულებითა, რომლითა მო-ცა-კუდა და მივიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და ტიროდა პირსა მისსა ზედა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო.
15 უთხრა ელისემ: აიღე მშვილდ-ისარი. მანაც აიღო მშვილდ-ისარი. 15 და ჰრქუა მას ელისე: მოიღე მშჳლდი შენი და ისარნი შენნი. და მოიღო მშჳლდი და ისარნი.
16 უთხრა ისრაელის მეფეს: დაადე ხელი მშვილდს. მანაც დაადო ხელი, ხოლო ელისემ მეფის ხელზე დააწყო თავისი ხელები. 16 და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: მოირთხ მშჳლდი შენი ჴელთა შენთა! მოირთხა მშჳლდი იგი ჴელითა თჳსითა და დასდვა ელისე ჴელი თჳსი ზედა ჴელთა მეფისათა.
17 თქვა: გააღე აღმოსავლეთის სარკმელი. გააღო. თქვა ელისემ: სტყორცნე. სტყორცნა. თქვა: ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ. 17 და თქუა: განუხვენით სარკმელნი ეგე, რომელ არიან მზისა აღმოსავალით კერძო. განახუნეს და ჰრქუა ელისე: სტყორცე. და სტყორცა და თქუა ელისე: ისარი ჴსნისა უფლისა მიერ და ისარი ჴსნისა წინაშე პირსა ასურთასა, დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე.
18 თქვა: აიღე ისრები. აიღო. უთხრა ისრაელის მეფეს: დაჰკარი მიწას. სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა. 18 და ჰრქუა მას ელისე: მოიხვენ ისარნი! და მოიხუნა და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე ქუეყანასა! და სტყორცა მეფემან სამგზის და დააცადა.
19 გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა, საბოლოოდ სძლევდი არამს, ახლა კი მხოლოდ სამგზის სძლევ არამს. 19 და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისა და თქუა: უკუეთუმცა ეც ხუთგზის, ანუ თუ ექუსგზის, მაშინმცა დასცნე ასურნი და მოასრულნე, ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი.
20 მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. 20

და მოკუდა ელისე და დაფლეს. მტევებარნი მოაბისანი გამოვიდეს ქუეყანასა მას დასრულებასა ოდენ მის წელიწდისასა.

21 ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. 21 და იყო, ოდენ და-ვინმე-ჰფლვიდეს კაცსა ერთსა მკუდარსა, და, აჰა, იხილნეს მტევებარნი იგი და დააგდეს მკუდარი იგი სამარესა მას ელისესასა, ძვალთა მათ თანა ელისესთა მიწევნით, განცოცხლდა და აღემართა ზედა ფერჴთა თჳსთა.
22 ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელიანებს იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანაში. 22 და აზაელ, მეფე ასურთა, აჭირვებდა ისრაჱლსა ყოველთა დღეთა იოაქაზისთა.
23 მაგრამ შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო და არ ინება მათი მოსპობა. თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე. 23 და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა-ყო მათთჳს, და მოიხილა მათ ზედა აღთქმისა მისთჳს, რომელ აღუთქვა აბრამს, ისაკს და იაკობს, და არა უნდა უფალსა განრყუნა მათი და არა განსთხივნა იგინი პირისაგან თჳსისა.
24 მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე; მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა 24 და მოკუდა აზაელ, მეფე იგი ასურთა, და მეფობდა ადერ, ძე მისი, მის წილ.
25 უკანვე დაიბრუნა იოაშ აეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოხოაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები. 25 და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქალაქნი იგი ჴელთაგან ადერისთა, ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა, მამისა მისისათა. ბრძოლასა მას შინა სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მიაქცივნა ქალაქნი იგი ისრაჱლისანი და ყოველი, რაცა მიეღო.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე