ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, მესამე წელს გამეფდა ხიზკია ახაზიას ძე, იუდას მეფე.

1

და იყო, წელსა მას მესამესა ოსესა, ძისა ელაის, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ეზეკია, ძე აქაზისი, მეფისა იუდასი.

2 ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული. 2 ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მეფედ და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა - აბუთ, ასული ზაქარიასი.
3 სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა. 3 და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, ვითარ ქმნა დავით, მამამან მისმან.
4 მან გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ. 4 მან მოსპნა მაღალნი იგი და დამუსრნა იგინი და ყოველნი ძეგლნი და მოჰკაფნა მაღნარნი იგი და გველი იგი სპილენძისა, რომელ ქმნა მოსე, და მუნ დღედ ოდენ უზორვიდეს მას ძენი იგი ისრაჱლისანი. და უწოდეს მას სახელი ეესთან.
5 უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი; არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი ისრაელის მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება. 5 უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა ესვიდა, და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისდა ყოველთა მათგან მეფეთა იუდასთა, რომელ იყუნეს წინა მისა.
6 მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა. 6 შეუდგა უფალსა და არა განეშორა გზათა მისთა და დაიმარხნა მცნებანი მისნი, რომელ ამცნო მოსეს.
7 უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა. 7 და იყო უფალი მის თანა ყოველსა შინა, რასაცა იქმოდა, წარემართებოდა და შეურაცხ-ყო მეფე იგი ასურასტანისა და არა ჰმონა მას.
8 მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე. 8 და მან დასცნა უცხოთესლნი იგი ვიდრე გაზადმდე და ვიდრე საზღურადმდე მათა გოდლითგან საებგუროდ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.
9 მეფეს ხიზკიას მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელს, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანასერი და ალყა შემოარტყა მას. 9 და იყო წელსა მას მეოთხესა ეზეკია მეფისასა, იგი არს წელი მეშჳდე ოსესი, ძისა ელასი, მეფისა ისრაჱლისა, და მოვიდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა ზედა სამარიასა და მოიცვა იგი.
10 სამი წლის ბოლოს აიღეს იგი. ხიზკიას მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყის მეცხრე წელს აღებული იქნა სამარია. 10 და დაიპყრა იგი მესამესა წელსა, წელსა მეექუსესა ეზეკიასასა. იგი წელი მეცხრე იყო იოსე მეფისა ისრაჱლისა, და გამოიღეს სამარია.
11

გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში,

11

და წარტყუენა მეფემან ასურასტანისამან სამარიათ ასურასტანად და დააშენნა იგინი იალათს და აბოთს და მდინარეთა მათ გოვზანისათა და მთათა მართასა.

12 იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ. 12 რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისა და გარდაჴდეს აღთქმასა მისსა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ ამცნო მათ მოსე, მონამან უფლისამან, არა ისმინეს და არცა ყვეს.
13 ხიზკიას მეთოთხმეტე წელს მიუხდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი. 13 და წელსა მას მეათოთხმეტესა სუფევასა ეზეკია მეფისასა გამოვიდა სენექერიმ, მეფე ასურასტანისა, ძნელ-ძნელთა ზედა მათ ქალაქთა იუდასათა და გამოიღო იგინი.
14 შეუთვალა იუდას მეფემ, ხიზკიამ, აშურის მეფეს ლახიშში: დამნაშავე ვარ. გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო. 14 და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.
15 გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა. 15 და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.
16 მაშინ ჩამოფხიკა ხიზკიამ უფლის ტაძრის კარები და სვეტები, რომლებიც თავად ხიზკიას, იუდას მეფის, მოოქროვილი იყო, და მისცა აშურის მეფეს. 16 მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.
17 გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიასთან იერუსალიმში. წამოვიდნენ და მოვიდნენ იერუსალიმში; წამოვიდნენ, მოვიდნენ და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის. 17 და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსისა და რაფსაკ ლაქისით და ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ზედა ჯურღმულსა მას ზეშთა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მმურკნელთასა.
18 დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე. 18 და ჴმა-ყვეს ეზეკიას მიმართ და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღვარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, სახსენებელთმწიგნობარი.
19 უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ? 19 და ჰრქუა მათ რაფსაკ: არქუთ ეზეკიას: ესრეთ იტყჳს მეფე დიდი იგი, მეფე ასურასტანისა! რაჲმე არს სასოებაჲ ეგე შენი, რომელსა შენ ესავ?
20 ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი? 20 გინა თუ თქუა: სიტყუანი ბაგეთანი და ზრახვა და ძალი საჴმარ არს ღვაწლსა. აწ ვის ესავ და შეურაცხ-მყავ მე?
21

დანდობიხარ მაგ გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს, რომელიც, თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.

21

აჰა, შენ ესავ არგანსა მას ლერწმისასა და დაჩხერილსა ეგჳპტესა, რომელსა მი-თუ-ეყრდნას კაცი, აღესვას ჴელსა და წყლას იგი, ეგრეცა ფარაო, მეფე იგი ეგჳპტელთა, ყოველთა მოსავთა მისთა.

22 რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიამ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანი იერუსალიმშიო? 22 და რამეთუ მარქუ მე, ვითარმედ: უფლისა ღმრთისა ჩუენისა მოსავ ვართ ჩუენ. არა ეგრე იგი არსა ეზეკია, რომელმან მოსპნა მაღალნი იგი მისნი და საკურთხეველნი მისნი და ჰრქუა იუდასა და იერუსალჱმსა: წინაშე საკურთხევლისა ამის თაყუანის-ეცით იერუსალჱმს?
23 ახლა მოდი და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, აბა, თუ მხედრებს იშოვი მათთვის. 23 და აწ მო-ღა-შემოერთენ უფლისა ჩემისა მეფისა, ასურასტანისასა და მიგცე თქუენ ორათასი საჴედარი, უპოოთ თუმე კაცი ამჴედრებად მათ ზედა?
24 როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მორჩილთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? 24 და ვითარმე შეუძლოთ წინა დადგომად ერთისა ერთისათჳს უკანთაგანისა მონათა მათ უფლისა ჩემისათა? და რასა ესავ ეგჳპტესა და ეტლთა მათ და საჴედართა?
25 მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: მიუხდი მაგ ქვეყანას და გაანადგურე. 25 და აწ თჳნიერ უფლისა მოსრულ ვართ ადგილსა ამას განრყუნად ამისა? უფალმან მრქვა მე: აღვედ ქუეყანასა მას და განრყუენით იგი.
26 მიუგეს ელიაკიმ ხილკიას ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან. 26 და ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელიკიასმან, და სომნა და იოაქა, რაფსაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ ეტყჳ ურიაებრ ყურთა ერისა მაგის, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.
27 უთხრა მათ რაბშაკემ: მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი. 27 და ჰრქუა მათ რაფსაკ: უფლისა მაგის თქუენისა, ანუ თქუენდა ნუუკუე მომავლინა მე სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდესა, შეჭმად მათდა სკორე თჳსი და შესუმად ფსელი თჳსი თქუენითურთ.
28 დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა. 28 დადგა რაფსაკ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ურიაებრ, ეტყოდა და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისა მის დიდისა, მეფისა მის ასურასტანისა.
29 ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან. 29 ესრეს იტყჳს მეფე: ნუ განლაღნებით თქუენ ეზეკიას მიერ, რამეთუ ვერ შეუძლოს განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა.
30 ნუ გაიმედებთ ხიზკია, გვიხსნისო უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს. 30 ნუგეშინის-გცემნ თქუენ ეზეკია უფლისა მიერ და გეტყჳნ, ვითარმედ გჳჴსნეს ჩუენ უფალმან და არა მისცეს ქალაქი ჴელთა მეფისა მის ასურასტანელთასა.
31

ნუ დაუჯერებთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე, ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი.

31

ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ესრე იტყჳს მეფე იგი ასურასტანისა: ყავთ ჩემდა მომართ სათნოება და გამოვედით ჩუენდა და ჭამეთ კაცთა თჳთოეულად ვენაჴი თჳსი და ლეღოვანი თჳსი და სუას წყალი თჳთოეულად ჯურღმუ- ლისაგან თვისისა,

32 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ დაუჯერებთ ხიზაკიას, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო. 32 ვიდრე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ქვეყანასა მას, რომელ არს ვითარცა ესე თქუენი, ქუეყანა იფქლისა და ღჳნისა და ვენაჴისა და პურისა, ქუეყანა ზეთისა და ერბოსა, თაფლისა, და სცხონდეთ და არა მოკუდეთ და ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ცბის და გეტყჳნ თქუენ, ვითარმედ: უფალმან გჳჴსნნეს ჩუენ.
33 როდის უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან? 33 იჴსნნეს ღმერთთა მათ ნათესავთა თჳთოეულად სოფლები თჳსი ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა?
34 სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყის და ღივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? 34 სადა არიან ღმერთნი იგი ემათასანი და არფათასნი? და სადა არიან ღმერთნი იგი ეპფარუმა ქალაქისანი, ანნა და ევა? იჴსნნეს ნუ სამარია ჴელთა ჩემთაგან?
35 რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან? 35 ვინ არს ღმერთთა მათგანი ამის სოფლისათა, რომელთა იჴსნეს ქუეყანა თჳსი ჴელთაგან ჩემთა? ნუა უფალმან იჴსნას იჱრუსალემი ჴელთაგან ჩემთა?
36 დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი. 36 და დადუმნეს და არა რა მიუგეს მას სიტყუაჲ, რამეთუ ემცნო მეფესა, ვითარმედ: ნუ მიუგებთ მას სიტყუასა.
37 მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მეფეს რაბშაკეს სიტყვები. 37 და შევიდა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღუარი, სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, საჴსენებელთმწიგნობარი ეზეკიასა სამოსელდაპებულნი და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი რაფსაკისი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე