ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა, და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათადან.

1

ძე რვა წლისა იყო იოსია დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - იედია, ასული იედიასი, ბასუროთით.

2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ. 2 და ქმნა იოსია სამართალი წინაშე უფლისა და ვიდოდა ყოველთა გზათა დავითის მამისა თჳსისათა, და არა მიაქცია მარჯულ, არცა მარცხლ.
3 მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიას ძე და დააბარა: 3 და იყო, წელსა მეთურამეტესა მეფობასა იოსიასასა, მეფისა იუდასასა, თვესა მეშჳდესა მიავლინა მეფემან საფან, ძე ესელისი, ძისა მესოლამისი, მწიგნობარი სახლისა მის უფლისა და ჰრქვა:
4 ადი ხილკიასთან, მღვდელმთავართან და შეაგროვებინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან; 4 აღვედ შენ ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და გამოადნვეთ ვეცხლი იგი, რომელი შეწირა სახლსა უფლისასა, რომელი დაკრიბეს მცველთა მათ კარისათა ერისაგან.
5 ხელში ჩააბარონ სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი; ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად - 5 და მიეცით ჴელთა მოქმედთა მათ საქმისა ზედამდგომელთა სახლისა უფლისათა. და მათ მისცეს, რომელნი-იგი იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა განსაძლიერებლად ბედეკისა სახლისა უფლისასა,
6 დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს, იყიდონ ხე და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად. 6 ხუროთა და მშენებელთა და ჴელოვანთა მოღებად ძელი და ქვა კეთილი გასამტკიცებელად სართულისა მის სახლისა უფლისა.
7 ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან. 7 და არა ურაცხდეს ვეცხლსა მას, რომელსა-იგი მისცემდეს მათ, რამეთუ სარწმუნოებით იქმოდეს მას.
8 უთხრა ხილკია მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. 8 და ჰრქუა ქელკია, მღდელმან დიდმან, საფანს მწიგნობარსა: წიგნი სჯულისა ვპოე სახლსა შინა უფლისასა. და მოსცა ქელკია საფანს წიგნი იგი და აღმოიკითხა.
9 მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. უთხრა: გადმოყარეს შენმა მორჩილებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი. 9 და შეართვა მეფესა იოსიას და მიუთხრა სიტყუაცა იგი და თქუა: გამოადვნეს მონათა შენთა ვეცხლი იგი, რაოდენ იპოვა სახლსა შინა უფლისასა და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მათ ზედამდგომელთა სახლსა უფლისათა.
10 ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა. და წაუკითხა შაფანმა მეფეს. 10 და უთხრა სათან მწიგნობარმან მეფესა წიგნისა მისთჳს და თქუა: წიგნი მომცა მე ქელკია მღდელმან და აღმოიკითხა იგი წინაშე მეფისა.
11

როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი.

11

და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუაჲ იგი მის წიგნისა შჯულისა, დაიპო სამოსელი თჳსი.

12 უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მორჩილს: 12 და უბრძანა მეფემან ქელკიას მღდელსა და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აქაბორს, ძესა მიქეასასა, და საფანს მწიგნობარსა და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა:
13 წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს რაც მათთვის იყო დაწერილი. 13 მოვედით და გამოიძიეთ უფლისა ჩემთჳს და ერისა ჩემისათჳს და ყოვლისათჳს იუდასა სიტყჳსა ამისთჳს წიგნისა, რომელი იპოვა, რამეთუ დიდ არს რისხვა უფლისა აღგზებულ ჩუენ ზედა, რამეთუ არა ისმინნეს მამათა ჩუენთა სიტყუანი ამის წიგნისანი ყოფად ყოველთავე და წერილთა მათ შინა.
14 მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 14 და წარვიდა ქელკია მღდელი და აქიკამ და საფან და აქაბორ და ასაია ოდან წინაწარმეტყუელისა, ცოლისა სელომისა, ძისა თეკუჱსისა, ძისა ასარასა, სამოსლისმმარხველისა და იგი მკჳდრ იყო იერუსალჱმს და მასენას შინა და უთხრეს მას ესე.
15 უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. 15 და მან ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდა:
16 ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს. 16 ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, მე მივავლინო ბოროტი ქალაქსა ამას ზედა და მკჳდრთა მას შინა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ აღმოიკითხა მეფემან იუდასმან.
17 რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ დაცხრება. 17 ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა ჴელთა მათთათა და აღტყდეს გულისწყრომა ჩემი ადგილსა ამას და არა დაშრტეს.
18 იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები, 18 ხოლო მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინა თქუენ გამოძიებად უფლისა, ესრეთ არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი ეგე, რომელნი გესმეს, ეგენი არიან
19 რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, ბრძანებს უფალი. 19 ამისთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და შეიკდიმე პირისაგან უფლისა, ვითარცა გესმეს სიტყუანი ესე, რაოდენსა ვიტყოდე ადგილისა ამისთჳს და მკჳდრთა მისთა, რათა იყოს განსარყუნელ და საწყევარ. და დაიპე სამოსელი შენი და სტიროდე წინაშე ჩემსა, და მეცა მესმა,-თქუა უფალმან,-
20 ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს. მიუტანეს მეფეს ამბავი. 20 ამისთჳს, არა ეგრე, აჰა, ესერა, მე შეგძინო შენ მამათა შენთა და შეხჳდე საფლავად შენდა მშჳდობით და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მივავლინო ქალაქსა მას ზედა და მკჳდრთა მისთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე