ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეცხრე თვის მეათე დღეს წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ, შემოადგა მას და მიწაყრილები შემოავლო ირგვლივ.

1

და იყო, მეცხრესა წელსა მეფობასა მისსა თუესა მეოთხესა, ათსა მის თჳსასა, მოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანისა, და ყოველი ერი მისი იერუსალჱმად და გარემოადგა მას და აშენა მას ზედა ზღუდე გარემო.

2 ასე იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე. 2 და გარემოიცვა ქალაქი იგი შეყენებად ვიდრე ათერთმეტად წლადმდე სედეკ მეფისა.
3 თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილობა ქალაქში და არ ჰქონდა პური ქვეყნის ერს. 3 მეცხრესა თვესა განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა და არა იყო პური ერისათჳს ქუეყანასა.
4 გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით მეომრები კარიბჭის გზით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა დაბლობისკენ მიმავალ გზას. 4 და განივლთა ქალაქი და განვიდა მეფე და ყოველნი კაცნი მბრძოლნი ღამე გზასა ბჭისა აღსავლისასა შორის ორთა მათ ზღუდეთა, რომელ არს მტილისა მის სამეუფოსა. და ქალდეველნი გარემოადგეს ქალაქსა და წარვიდეს გზასა მას არაბიათ აღმოსავლით.
5 დაედევნა ქალდეველთა ჯარი და მიეწივნენ ერიქონის დაბლობზე. მთელი ჯარი გაეფანტა ციდკიაჰუს. 5 და დევნა-უყო ერმან ქალდეველისამან უკანა მეფესა და ეწივნეს მას დასავლით იერიქოსა და ყოველი ერი მისი განიბნია მისგან.
6 შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს. 6 და შეიპყრეს მეფე მარტო და მიიყვანეს იგი მეფისა ბაბილოვანისა დებლათად და ეტყოდა მეფე სასჯელით.
7 თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დათხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონს მიიყვანეს. 7 და ძენი სედეკიასნი მოსრნა წინაშე მისა და თუალნი სედეკიასნი აღმოჰჴადნა და შეკრა იგი ბორკილითა და წარიყვანა ბაბილონად.
8 მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ესე იგი, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელს, მოვიდა ნებუზარდანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მორჩილი, იერუსალიმს. 8 და თუესა მას მეხუთესა, შჳდსა მის თჳსასა, ესე წელი იყო მეათცხრამეტე მეფობასა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილოვანისა, მოვიდა ნაბუზარდან მზარაულთმთავარი წინაშემდგომელი მეფისა ბაბილონისა იერუსალჱმად.
9 და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. 9 და მოწვა ტაძარი უფლისა და სახლი მეფისა და ყოველი სახლები იერუსალჱმისა მოწვა ცეცხლითა.
10 დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ჯარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს მოჰყვა. 10 და ზღუდე იგი იერუსალჱმისა გარემო დაარღჳა ყოველმან ერმან, რომელი იყო მზარაულთმთავრისა თანა.
11

ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა.

11

და დაშთომილი იგი ერი ქალაქსა შინა და რომელნი მოადგეს მეფესა ბაბილოვნისასა და ნეშტი იგი ერი ტყუედ წარიყვანა ნაბუზარდან.

12 ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა. 12 და გლახაკთაგანი ერისათა დაუტევა ნაბუზარდან მზარაულთმთავარმან ვენაჴისმოქმედად და ყანისმოქმედად.
13 სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს. 13 და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყუნეს სახლისა უფლისანი და ხარისხნი მათნი და ემბაზი იგი რვალისა, რომელი დგა სახლსა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა და წარიღეს რვალი იგი ბაბილონად.
14 ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს; 14 და სიავები იგი და ფუცხუები და ფიალები და ყოველი ჭურჭელი რვალისა, რომლითა-იგი მსახურებედ, წარიღეს.
15 სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო. 15 და საცეცხურები და ფიალები ოქროსა წარიღო მზარეულთმთავარმან.
16 წყვილი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის; წონა არ ჰქონდა სპილენძს, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული. 16 და სუეტთა მათ ორთა და ხარისხთა და ემბაზისა მის, რომელი ექმნა სოლომონს სახლსა შინა უფლისასა, რომელი წარიღო ნაბუზარდან, არა იყო რიცხჳ სასწორისა რვალისა მის და ყოვლისა ჭურჭელისა.
17 თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა; სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად. 17 ათურამეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა მის ერთისა და სუტისთავნი ორთა მათ სუეტთანი რვალისანი სამ-სამ წყრთა იყუნეს სიმაღლით თჳთო იგი სუეტისთავი და კანკელი და მროწეულები სუეტისთავთა მათ გარემო ყოველი რვალისა და მეორესა მას სუეტსა სუეტისთავი და კანკელი და მროწეულისსახედ ქმნული ისი.
18 გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და სამი ზღურბლის მცველი; 18 და წარიყვანა მზარეულთმთავარმან არეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი იგი შემდგომი, და სამნი მცველნი ბჭეთანი.
19 ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებზე ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილეელნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ერს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ერიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ. 19 და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი ზედამდგომელი კაცთა მათ მბრძოლთა და ხუთი კაცი წინაშემდგომელთაგანი მეფისათა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა, და ერისთავი, მწიგნობარი იგი მთავრისა მის ერისა, რომელი განუყოფდა ერსა მის ქუეყანისასა და შვიდი კაცი ერისაგან ქუეყანისა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა.
20 აიყვანა ისინი ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში. 20 და წარიყვანნა იგინი ნაბუზარდან და მიიყვანნა მეფისა ბაბილონისა დებლათად.
21

დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან.

21

და მოსწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილონისამან დებლათს ქუეყანასა ემათისასა და წარიტყუენა იუდა ქუეყანით თჳსით.

22 იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად მიუჩინა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა. 22 და ერსა მას ნეშტსა ზედა ქუეყანასა, რომელი დაუტევა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან, დაადგინა მას ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.
23 გაიგეს ჯარის სარდლებმა და მათმა ხალხმა, რომ გედალიაჰუ დანიშნა უფროსად ბაბილონის მეფემ, და ეახლნენ გედალიაჰუს მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იონათან კარეახის. ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი. 23 და ესმა ყოველთა მათ მთავართა ძლიერებისათა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია მასეფათს და მოვიდა გოდოლია მასეფათად და ისმაელ, ძე ნათანისი და იონან, ძე საკარესი და სარეა, ძე თანეასი მიკტოფატელი და იეზონია, ძე მაქატითელისა, იგინი და კაცნი მათნი.
24 შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის. 24 და ეფუცნეს გოდოლიასა თჳთ იგინი და კაცნი მათნი. და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ ქალდეველთაგან, დასხედით ქუეყანასა მას და ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნელთასა და უკეთეს იყოს თქუენდა.
25 მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ, და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას. 25 და იყო, თუესა მას მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძე ნათანისი, ძისა ელისამასი, ნათესავისაგან სამეუფოსა და ათი კაცი მის თანა. და სცეს გოდოლიას და მოკლეს იგი და ჰურიანი იგი და ქალდეველნი, რომელნი იყუნეს მის თანა მასეფათსა, მოსრნა.
26 ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით. 26 და აღდგა ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდამდე და მთავარნი იგი ერისანი და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ ეშინოდა პირისაგან ქალდეველთასა.
27 იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდაშვიდი წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე. 27 და იყო მეოცდაჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისასა, მეფისა იუდასასა, მეათორმეტესა თვესა, ოცდაშჳდსა მის თვისასა, აღამაღლა ევლათ, მაროდაქ მეფემან ბაბილოვანისამან, წელიწადსა მას მეფობისა მისისასა, თავი იოაკიმისი, მეფისა იუდასი, და გამოიყვანა იგი სახლისა მისგან საპყრობილისა თჳსისა.
28 კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას. 28 და იტყოდა კეთილსა მის თანა, დადგა საყდარი მისი ზემო კერძო საყდართა მეფისათა, რომელნი იყუნეს მის თანა ბაბილონს.
29 გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე. 29 და შეუცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისა და ჭამდა პურსა მარადის წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა.
30 სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე. 30 და როჭიკი მისი მარადის როჭიკად მიეცემოდა სახლისაგან სამეუფოსა ნაწილი დღისა დღესა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე