ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავის ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.

1

და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.

2 როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წამოიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. 2 და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.
3 უთხრა თავის ქალბატონს: ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისგან. 3 და ჰრქუა დედოფალსა მას თჳსსა: რამეთუმცა ვიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრამცა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვანებისაგან.
4 მივიდა და უამბო თავის ბატონს, ასე და ასე ამბობსო ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილი გოგონა. 4 და შევიდა და უთხრა უფალსა მას თჳსსა და ჰრქუა: ესრე და ესრე იტყოდა ქალი იგი, რომელ-იგი არს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.
5 თქვა არამის მეფემ: წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან. წავიდა, და თან წაიღო ათი ქანქარი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი. 5 და უთხრეს მეფესა და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან: მივედ და მივწერო მეფისა მის ისრაჱლისა. და წარიღო ათი სასწორი ვერცხლი და ექუსი სასწორი ოქრო, ათი ქმნული სამოსელი.
6 მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, სადაც ეწერა: ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მორჩილს, რომ განკურნო იგი კეთრისგან. 6 და წარიღო წინაშე მეფისა ისრაჱლისა, რომელსა წერილ იყო ესრე: აწ ვითარცა მიიწიოს წიგნი ესე შენდა, მომივლენია შენდა ნემან, მონა ჩემი, და განწმიდო კერთოვანებისაგან თჳსისა.
7 როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: ღმერთი არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის, კეთრისგან განკურნეთ ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს. 7 და იყო, ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე? და მოავლინა ჩემდა კაცი ეგე განწმედად კეთროვანებისაგან თჳსისა, ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე.
8 როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოუხევიაო ისრაელის მეფეს, შეუთვალა: რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში. 8 და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.
9 მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. 9 და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.
10 გაუგზავნა მოციქული ელისემ და შეუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები. 10 და გამოავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ, იბანე იორდანესა შჳდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმიდნე.
11

გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავის ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.

11

და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდ, ვითარმედ გამოვიდეს ჩემდა და ხადოს სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი თჳსი კვთროვანებასა ამას და განმწმიდოს მე კეთროვანებისაგან ამის ჩემისა.

12 განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის ყველა მდინარეს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები? გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული. 12 არამე უმჯობეს არიან არბანა და ფარფათა მდინარენი იგინი დამასკისანი ვიდრე იორდანესა და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? და რად არა მივიდე და ვიბანო მათ შინა და განვწმიდნე? და მოიქცა და წარვიდა გულისწყრომით.
13 მიეახლნენ მისი მორჩილნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო! 13 და წარდგეს მონათა მისთაგანნი და ეტყოდეს მას: ძმაო, დიდი თუმცა სიტყუაჲ რა გარქვა შენ წინაწარმეტყუელმან? არამემცა ჯერ-იყო ყოფად? აცადე, რამეთუ გარქვა: დაიბანე, განწმიდნე.
14 ჩავიდა, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, ღვთისკაცის სიტყვისამებრ, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა. 14 და შთაჴდა ნემან და იბანა იორდანესა შჳდგზის მსგავსად სიტყჳსა მისებრ ელისესა. და მოიქცეს და იქმნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და განწმიდნა.
15 დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა; მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მორჩილისგან. 15 და მოიქცა ნემან ელისესა, იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი, მოვიდა და დადგა წინაშე მისა და თქუა: აჰა, უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის და აწ მიიღე კურთხეული მონისა შენისაგან.
16 თქვა ელისემ: ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ედგავარ, თუ მივიღო. აიძულებდა აღებას, მაგრამ არ დაჰყვა. 16 და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.
17 თქვა ნაყამანმა: თუ ასეა, მიეცეს შენს მორჩილს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ვირი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მორჩილმა. 17 და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.
18 ეს ერთი რამე აპატიოს უფალმა შენს მორჩილს. როცა მივა ხოლმე ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანისაცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს უფალმა ეს შენს მორჩილს. 18 სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.
19 უთხრა: მშვიდობით იარე. წავიდა და როცა მცირე მანძილზე გასცდა მას, 19 და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით! და წარვიდა ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.
20 თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მათი მორთმეული ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს. 20 და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.
21

დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა და წინ შეეგება, ჰკითხა: ხომ მშვიდობაა?

21

და ეწია გეეზი ნემანს და იხილა ნემან გეეზი, რამეთუ სდევდა მას და გარდამოვიდა ეტლით თჳსით და მიეგებოდა მას და ჰრქუა: მშჳდობა არსა მოსლვა შენი?

22 მიუგო: მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის. 22 და ჰრქვა გეეზიმ: მშჳდობით არს. უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა, აჰა, ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასანი. აწ მოეც ამათ სასწორი ერთი ვერცხლისა და ორნი სამოსელნი ქმნულნი.
23 უთხრა ნაყამანმა: ორი ქანქარი აიღე ბარემ ეხვეწა და მერე ჩაუწყო ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისაში და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა თავის ორ მსახურს. 23 და ჰრქუა ნემან: უკუეთუ ეგრე არს, მიიღე სამი სასწორი ვერცხლისა. და აიძულა და მისცა სამი სასწორი ვერცხლისა, და შეკრა და შთადვა ორთა გუნდთა და ორი სამოსელი ქმნული და მისცა ორთა მონათა თჳსთა და აღკიდეს წინაშე მისსა.
24 როცა მივიდნენ ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც. 24 და მოვიდეს ბნელისასა მას და მოიღო ჴელთაგან მათთა და დადვა სახლსა მას და განუტევნა იგინი. და წარვიდეს კაცნი იგი.
25 მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. ჰკითხა ელისემ: საიდან მოდისარ, გეხაზი? მიუგო: არსად არ წასულა შენი მორჩილი. 25 და იგი შევიდა და დადგა წინაშე უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას ელისე: ვინა მოხვალ, გეეზი? და ჰრქუა გეეზი: არა ვიდრე სრულ ვარ მონა შენი იმიერ, გინა თუ ამიერ.
26 უთხრა: არსად არ წასულა ჩემი გული, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება. დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთსა და ყურძენს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს? 26 და ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენ თანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებოდა შენ? და, აჰა, მოიღე ვეცხლი იგი და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილნი და ვენაჴი და ზროხა და ცხოვარნი და მონები და მჴევლები?
27 შენ და შენს შთამომავლობას გადაედოს ნაყამანის კეთრი სამარადისოდ. და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი. 27 და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთრებული, ვითარცა თოვლი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე