ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

1. თქვა ელისემ: ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.

1

და თქუა ელისე: ისმინე სიტყუაჲ უფლისა! ესრე იტყჳს უფალი: ხვალე ამას ჟამსა ოდენ გრივი ერთი სამინდოსა სასწორისა ერთისა და ორი გრივი ქრთილისა სასწორისა ერთის ბჭეთა თანა სამარიასათა იპოვოს.

2 მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ. 2 მიუგო მოციქულმან: რომლისა ჴელთა მიევედრის მეფე? და ჰრქვა ელისეს: დაღათუ ყოს უფალმან გარდამოსაქანელნი ცათაგან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? ჰრქუა მას ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო.
3 ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდა ერთმანეთს: რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს? 3 და იყუნეს კაცნი ოთხნი კეთროვანნი გარეშე ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ერთმან მოყუასსა თჳსსა: რასა ვსხედით აქა და მოვკუდებით?
4 თუ ქალაქში წასვლას დავაპირებთ, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით. თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ. თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი; თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ. 4 და უკუეთუ შევიდეთ ქალაქსა, სიყმილი არს ქალაქსა ამას და მოვკუდეთ მუნ, და უკუეთუ აქა ვსხდეთ, კუალადვე მოვკუდეთ. და აწ მოვედ და მოვიმართოთ ბანაკსა მას ასურთასა და თუ გვაცხოვნენ ჩუენ, ვცხონდეთ და თუ მოგვაკუდინენ, მოვკუდეთ.
5 ადგნენ ბინდბუნდში, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ. 5 და აღდგეს რიჟრაჟუს ოდენ განთიად შესლვად ბანაკსა მას ასურთასა, და, აჰა, არა იყო მუნ კაცი.
6 უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისთვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. უთქვამთ ერთმანეთისთვის: ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს. 6 რამეთუ ღმერთმან ასმინა ბანაკსა მას ასურთასა ჟღერა ეტლთა და ბგერა ჰუნეთა და ჴმაჲ ერისა ძლიერისა. და ჰრქუა კაცმან ძმასა თჳსსა: აჰა, ესერა, მო-სამე-იმიზდნა ჩუენ ზედა მეფემან ისრაჱლისამან მეფე იგი ქეტელთა და მეფე იგი ეგჳპტელთა.
7 ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუგოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად. 7 და აღდგნენ, ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარავები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას, ვითარცა იგი დგეს და ივლტოდეს განრინებად თავთა თჳსთა.
8 მიადგნენ ეს კეთროვანები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. ჭამეს, სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ, სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს. 8 და შევიდეს კეთროვანნი იგი კარავსა ერთსა, ჭამეს და სვეს და აღიღეს ვეცხლი და ოქრო და სამოსელი, წარვიდეს და დამალეს და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს.
9 უთხრეს ერთმანეთს: ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე ხარების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამო, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ. 9 და თქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ესე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღე დღე არს ხარებისა და ჩუენ ვდუმთ და ველით ნათელსა განთიადისასა და ვიპოვნეთ ჩუენ უსჯულოებასა, ხოლო აწ მოდით და მიუთხრათ ესე სახლსა მეფისასა.
10 მივიდნენ, გამოიძახეს კარიბჭის მცველი და უამბეს: არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ცხენები და სახედრები დაგვხვდა დაბმული და კარვები ხელუხლებლად. 10 და შევიდეს და ღაღად-ყვეს ბჭეთა თანა ქალაქისათა და უთხრეს და თქუეს: შევედით ქალაქსა მას ასურთასა, არა იყო მუნ კაცი, არცა ჴმაჲ კაცისა, გარნა ცხენნი ხოლო დაბმულნი და კარავნი მათნი აღმართებულნი დგანან.
11

დაუძახა მცველებს და მათაც მიიტანეს ამბავი მეფის სახლში.

11

და ღაღად-ყვეს მეკარეთა მათ და აუწყეს მეფესა.

12 ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მორჩილთ: გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ; ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრან და ქალაქში შემოიჭრან. 12 და აღდგა მეფე და ჰრქვა მონათა თჳსთა: გითხრა თქუენ, რა გჳყვეს ჩუენ ასურთა მათ, უწყოდეს, რამეთუ მოვყმებით და განვიდეს ბანაკით და დაიმალნეს გარე და თქუეს: ვინ უწყის, გამოვიდნენ ქალაქით და ჴელთა ვისხნეთ იგინი ცოცხალნი და შევიდეთ ქალაქსა მას და გამოვიღოთ.
13 მიუგო ერთმა მორჩილთაგანმა და თქვა: გამოიყვანონ ხუთი ცხენი ქალაქში დარჩენილთაგან (აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია), გავგზავნით და ვნახოთ. 13 და მიუგო ვინმე ერთმან მონათაგანმან მისმან და ჰრქუა: მოიბენ ხუთნი ცხენნი ნეშტთა მათგანნი ყოვლისა მისგან სიმრავლისა ისრაჱლისა, რომელ დაშთეს, და მივავლინოთ მუნ და ვიხილოთ.
14 გაიყვანეს ცხენიანი ორი ეტლი; გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: წადით და ნახეთ. 14 და მოიბნეს ორნი ცხენნი საჴედრად და წარავლინნა მეფემან ისრაჱლისამან კუალსა მეფისა მის ასურასტანელთასა და ჰრქუა: წარვედით და იხილეთ.
15 იორდანემდე მიჰყვნენ მათ და, რას ხედავენ, მთელი გზა მოფენილია სამოსელითა და იარაღით, არამელებს რომ დაეყარათ ფაციფუცში. გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს. 15 და წარვიდეს კვალსა მათსა ვიდრე იორდანედმდე და, აჰა, ყოველნი იგი გზანი სავსე იყუნეს სამოსლითა და ჭურჭლითა, რომელ დაებნა ასურთა მათ აღტაცებასა მას მათსა და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს მეფესა.
16 გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა განმტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ. 16 და განვიდა ერი იგი ქალაქით და იავარ-ყო ბანაკი იგი ასურთა და იყო გრივი ერთი სამინდოსა და სასწორის ერთისა და ორნივ ქრთილისა სასწორისა ერთის, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.
17 კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე. 17 და მეფემან დაადგინა მოციქულნი იგი ჭურჭელთაგან, რომლისა ჴელითა მიევედრის მეფე, და დატკებნეს იგი ბჭეთა თანა ტენებასა მას ერისასა და მოკუდა, ვითარცა ეტყოდა მას კაცი იგი ღმრთისა მოსულასა მას მოციქულად მისა.
18 ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან. 18 და იყო, ვითარცა ეტყოდა ელისე მეფესა და თქუა, ვითარმედ: ორი გრივი ქრთილი სასწორისა იპოოს და გრივი ერთი სამინდო სასწორისა ერთისა და იყოს ხვალე ამასვე ჟამსა ბჭეთა თანა სამარიასათა.
19 მაშინ მიუგო კარისკაცმა ღვთისკაცს და უთხრა: აჰა, სარკმლებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? ღვთისკაცმა თქვა: შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ. 19 და მიუგო მოციქულმან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: დაღათუ გარდამოსაქანელნი ცისანი განახუნეს უფალმან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? და ჰრქუა ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი არა სჭამო.
20 ასეც აუხდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა. 20 და ეყო მას ეგრე და დატკებნა იგი ერმან ტენებასა მას ბჭეთა მათ თანა და მოკუდა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე