ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

აბაკუმ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.

1

საჴმილავსა ჩემსა ზედა დავდგე. და აღვიდე კლდესა ზედა და განვისტუანო ხილვად, რაჲ ითქუას ჩემ შორს და რაჲ მიუგო მხილებასა ზედა ჩემსა.

2 მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. 2 და მომიგო ჩემდამო უფალმან და თქუა: დაწერე ხილვაჲ განცხადებულად ფიცარსა, რაჲთა სდევდეს აღმომკითხველი მათი
3 რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. 3 მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს.
4 აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. 4 უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს.
5 ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. 5 ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს, რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი.
6 ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს! 6 არა ესე ყოველნი იგავად მოიხუნენ ძჳნად მისსა. და მაგალითად მისათხრობელად მისსა და თქუან: ვაჲ, რომელი განუმრავლებდეს თავსა თჳსსა არა მისად მყოფთა ვიდრე რომლისამდე მე და დაამძიმებდეს საჴივსა თჳსსა ძნიადობით,
7 ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე? 7 რამეთუ ანაზდა აღდგენ მკბენელნი მისნი და განიფრთხონ მძმაცუავთა შენთა და იყო დასატაცებელ მათდა.
8 რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ. 8 მით, რამეთუ შენ ტყუე-ჰყუენ ნათესავნი მრავალნი, ტყუე-გყოფდენ შენ ყოველნი დაშთომილნი ერნი სისხლებისათჳს კაცთაჲსა და უთნოობისათჳს ქუეყანისა და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა.
9 ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! 9 ჵ, რომელი ანგაარობდეს ანგარებასა ბოროტსა სახლთა თჳსთა დაწყებად სიმაღლისა შორის ბუდეთა თჳსთა დაფარვად ჴელისაგან უკეთურთასა.
10 სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. 10 მოუპოო სირცხჳლი სახლსა შენსა მოსრულებად ერთა მრავალთა და ცოდა სულმან შენმან
11

რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან.

11

მით, რამეთუ კლდემან ზღუდით ჴმა-ყოს და მაჟაურმან ძელით გამო ჴმა-ყუნეს იგინი.

12 ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. 12 ვაჲ მაშენებელსა ქალაქისასა სისხლისა მიერ და განმზადებულსა ქალაქისასა უსამართლობათა მიერ.
13 განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? 13 არა ესე არიან უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი კმანი ცეცხლისა მიერ და ნათესავნი მრავალნი სულმოკლე იქმნეს,
14 რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული? 14 რამეთუ აღივსო თავად ყოველი ქუეყანაჲ ცნობითა დიდებასა უფლისსა, ვითარცა წყალმან მრავალმა დაფარნეს იგინი ზღუად მიმართ.
15 ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! 15 ჵ, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თჳსსა აღთქუეფულსა, მრღჳესა და მათრობელსა, რამეთუ ზედა ჰხედავს ქუაბთა ზედა მათთა.
16 პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება. 16 სავსებაჲ უპატივობისაჲ დიდებისაგან სუ. და შენ შეირყიე, რამეთუ მრგულევა ყო შენ ზედა სასუმელმან მარჯუენისა უფლისამან და შეკრბა უპატიოება დიდებასა ზედა შენსა.
17 რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი დათრგუნული. 17 მით, რამეთუ უთნოობამან ლიბანისმან დაგფაროს შენ და საარებამან მჴეცთამან წიწნეულ-გყოს სისხლთა მიერ კაცთაჲსა. და უთნოობათა ქუეყანისა და ქალაქისათა. და ყოველთა დამკჳდრებულთაჲსა მას შინა.
18 რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები. 18 რად სარგებელ არს ქანდაკებული, რამეთუ ქანდაკეს იგი, შეჰმზადეს იგი გამონადნობი საოცრებად მტყუარად, რამეთუ ესვიდა შემქმნელი, შექმნულისა მიმართ თჳსისა შექმნად კერპნი ყრუნი.
19 ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას. 19 ვაჲ, რომელმან ჰრქუას ძელსა: განიფრთხუე, აღდეგ. ქუასა ამაღლდი და იგი არს ოცნებაჲ, ხოლო ესე არს განჭედილი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ყოველივე სული არა არს მის შორის.
20 უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე! 20 ხოლო უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა. და შეკდემულ იქმენინ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე