ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ამოს წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:

1

ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელი თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა ტომისა, რომელი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან მეტყუელმან:

2 მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს. 2 გარნა თქუენ გიცნენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენ ზედა ყოველთა უკეთურებათა ქუეყანისათაჲ
3 აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? 3 უკეთუ ვიდოდიან ორნი თქუენნი ერთბამად, ყოვლითურთ არა თუ ცნობდენ თავთა თჳსთა
4 აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს შესაპყრობი? 4 უკეთუ იზახოს ლომმან მაღნარით მისით ნადირისა არმქონებელმან? უკეთუ მოსცეს ლეკუმან მისმან ჴმაჲ ბაკისაგან თჳსისა, ყოვლითურთ არა თუ იტაცოს რამე?
5 აბა თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული? 5 უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა რაჲსამე?
6 აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად? 6 უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?
7 რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ. 7 მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა
8 ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება! 8 ლომმან იზახა და ვინ არა შეშინდეს? უფალი ღმერთი იტყოდა და ვინ არა იწინაწარმეტყუელოს?
9 გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში! 9 მიუთხართ სოფლებსა ასსურასტანელთა შორის და სოფლებისა მიმართ ეგჳპტეს შინა და არქუთ: შეკერბით მთასა ზედა სამარიაჲსასა და იხილენით საკჳრველნი მრავალნი შორის მისსა და მძლავრებაჲ მისშორისი.
10 არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში. 10 და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყჳს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა და საარებულებასა სოფლებთა შორის მათთა.
11 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს. 11 ამისთჳს ამათ ეტყჳს უფალი ღმერთი ტჳროსსა: გარემო ქუეყანაჲ შენი მოოჴრდეს და დაჰჴსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი.
12 ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე. 12 ამათ იტყჳს უფალი: ვითარსახედ ოდეს გამოსტაცის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი წჳვნი, ანუ ნაჴლესი ყურისაჲ, ეგრეთ გამოტაცებულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, დამკჳდრვბულნი სამარიას შინა წინაშე ტომისა და დამასკოს შინაცა.
13 ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს, ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი. 13 მღდელთ ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,-
14 რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა. 14 მით, რამეთუ მას დღესა შინა, ოდეს შურ-ვიგო უთნოობისა ისრაჱლისა მის შორის და შურ-ვიგო საკურთხეველთა ზედა ბეთილისათა, და დაითხარნენ რქანი საკურთხეველისანი და დაეცნენ ქუეყანასა ზედა.
15 დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი. 15 და შევმუსრო სახლი გარემოფრთედი სახლსა ზედა საზაფხულოსა და წარწყმდენ სახლნი პილოსძუალედნი და შეეძინნენ სახლნი სხუანი მრავალნი, - იტყჳს უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე