ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ამოს წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო!

1

ისმინეთ სიტყუა ესე, დიაკეულთა ბასანისათა, შორის მთასა სამარიაჲსსა, რომელნი მიჰხუეჭთ გლახაკთა და დასთრგუნავთ დავრდომილთა, მეტყუელნი უფალთა მათთანი: მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რათა ვსუათ

2 დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით. 2 ფუცავს უფალი წმიდათა მიმართ მისთა, ვითარმედ: აჰა, დღენი მოვლენან თქუენ ზედა და მოგიყუანნე თქუენ საჭურველთა მიერ და თქუენთანანი სიავებად და ქუეშე მგზებარეებად შევქმნნე.
3 ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი. 3 და განყუანებულ იქმნეთ შიშუელნი წინაშეცა ერთმანერთისა და განვარდეთ მთისა მიმართ არმონაჲსა, - იტყჳს უფალი.
4 წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები. 4 და შევედით ბეთილად და იუშჯულოეთ და გალგალას განამრავლეთ უთნოობაჲ. და მოიხუენით განთიად მსხუერპლნი თქუენნი შორის სამდღეობისა ათეულნი თქუენნი.
5 შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი. 5 და აღმოიკითხეს გარეშე სჯული და უწოდეს აღსაარებისაჲ. მიუთხრათ მით, რამეთუ ესენი შეიყუარნეს ძეთა ისრაჱლისათა, - იტყჳს უფალი.
6 აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში და უპურობა ყველა თქვენს ადგილზე, მაინც რ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. 6 და მე მიგცე თქუენ მოლბობა კბილთაჲ შორის ყოველთა ქალაქთა თქუენთა და ნაკლულევანება პურისაჲ შორის ყოველთა ადგილთა თქუენთა და არ მოიქეცით ჩემდა, -- იტყჳს უფალი.
7 წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა. 7 და მე აღვიღო თქვენგან წჳმაჲ უწინარეს სამთა თთუეთა მკათასა. და ვწუმო ქალაქსა ერთსა ზედა, ხოლო ქალაქსა ერთსა ზედა არა ვწჳმო, და ნაწილი ერთი დაილტოს და ნაწილი, რომელსა ზედა არა ვწჳმო, განჴმეს.
8 მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. 8 და შეკრბენ ორნი და სამნი ქალაქნი, ქალაქად ერთად, სუმად წყლისა და ვერ განძღენ. და რა მოიქცეთ ჩემდამო, - იტყჳს უფალი
9 მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. 9 და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ; განამრავლენით მტილნი თქუენნი, ვენაჴოანნი თქუენნი, ლეღოანნი თქუენნი და ზეთისხილნი თქუენნი შეჭამნა მგრაგნელმან და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი.
10 შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი. 10 გამოვავლინე თქუენდა მე სიკუდილი გზასა ზედა ეგჳპტისასა და მოვჰკლევდ ჭაბუკთა თქვენთა ტყუეობისა თანა ჰუნეთა შენთაჲსა და აღნოვიყუანენ შორის ცეცხლისა ბანაკნი თქუენნი რისხვისა მიერ თქუენისა და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი.
11 დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. 11 დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და იქმნენით, ვითარცა მუგუზნი, გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო,- იტყჳს უფალი
12 ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელ! 12 ამისთჳს ესრეთ გიყთ შენ, ისრაჱლ. ამისთჳს ესრეთ გიყო შენ, განემზადე ცხადად ღმრთისა შენისა, ისრაილ,
13 რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი! უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი! 13 მით, რამეთუ, აჰა, მტკიცემყოფელი მთათა და მყოფელი ქუხილსა და მიმთხრობი კაცთამი ცხებულსა მისსა, მოქმედი ცისკარსა და ნისლსა ზედ აღმავალი სიმაღლესა ზედა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე