ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ბარუქ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე.

1

და დაამტკიცა უფალმან სიტყვაჲ მისი, რომელი თქუა ჩუენდამო და მსაჯულთა ზედა ჩვენთა, მსჯელთა ისრაილისათა, და მეფეთა ზედა ჩუენთა, და მთავართა ზედა ჩუენთა, და კაცსა ზედა ისრაჱლისა და იუდაჲსასა.

2 არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით; 2 მოვლინებად ჩვენ ზედა ძჳრთა დიდთა, რომელნი არა იქმნეს ქვეშე კერძო ყოვლისა ცისა, ვითარნი ყვნა იერუსალჱმს შინა და წერილთაებრ შჯულსა შინა მოსესსა,
3 რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა. 3 რაჲთა ვჭამოთ ჩუენ კაცმან ჴორცი ძისა თჳსისაჲ და კაცმან ჴორცი ასულისა თჳსისაჲ.
4 მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა. 4 და მისცნა იგინი, ჴელისქუეშედნი, ყოველთა მეფობათა გარემოჲსთა ჩუენთა საყუედრელად და უვალად ყოველთა შორის ერთა გარემოჲსთა ჩუენთა, სადა განთესნა იგინი უფალმან, მუნ.
5 აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა. 5 და ვიქმნენით ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, არსმენითა ჴმისა მისისაჲთა.
6 უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს. 6 უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ და ვითარცა დღესა ამას
7 ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ. 7 მით, რამეთუ, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენ ზედა, ყოველნი ესე, ძჳრნი მოიწინეს ჩვენ ზედა.
8 არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან. 8 და არ ვევედრენით პირსა უფლისასა მოქცევად კაცადი მოგონებათაგან გულისა თჳსისა ბოროტისათა.
9 ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ. 9 და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩვენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნნა ჩვენ.
10 არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე. 10 და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელნი მომცნა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.
11

და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს;

11

და აწ, უფალო ღმერთო ისრაილისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ჴელითა მტკიცითა, სასწაულებითა და ნიშებითა, და ძალისა მიერ დიდისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჰყავ თავისა შენისა სახელად, ვითარცა დღე ესე.

12 შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო. 12 ვცოდეთ, უთნო ვიქმნენით, ვიუსამართლოეთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთა ზედა სამართალთა შენთა.
13 აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ. 13 გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან წარმართთა შორის, სადა განგუთესენ ჩუენ, მუნ.
14 შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს; 14 შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ, და ვედრებისა ჩუენისაჲ და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა მიმმძლავრებელთა ჩუენთასა,
15 რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას. 15 რათა ცნას ყოველმან ქუეყანამან, ვითარმედ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და ვითარმედ სახელი შენი ზედწოდებულ არს ისრაილსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა.
16 უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე, 16 უფალო, შთამოიხილე სახლისაგან წმიდისა შენისა და მომიგონენ, ყავ ჩუენდამო, მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე!
17 გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს, 17 აღახუენ თვალნი შენნი და იხილე, რამეთუ არა მომკუდართა ჯოჯოხეთს შინათა, რომელთაჲ მიეღო სული მათი ნაწლევთაგან მათთა, მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალნი, უფალსა,
18 არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო. 18 არამედ სულმან შეწუხებულმან სიდიდესა ზედა, რომელ ვალს, სულმან დადრეკილმან და უძლურმან, და თვალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სიმართლე.
19 არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო, 19 უფალო, რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ დავსთხევთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო,
20 რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ 20 რამეთუ მოიღე რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმათა შენთა წინაწარმეტყუელთათა მეტყუელმან.
21

ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას;

21

ესრეთ თქუა უფალმან: მოიდრიკენით ბეჭნი თქუენნი და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა, და დასხედით ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა.

22 ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს, 22 და არა თუ ისმინოთ ჴმისა უფლისაჲ საქმედ მეფესა ბაბილონისასა, მოკლებულ-ვყო ქალაქთაგან იუდაჲსათა და გარეშე იერუსალიმისა
23 შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება. 23 ჴმაჲ შუებისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უვალად შორის დამკჳდრებულისაგან.
24 მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან. 24 და არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ საქმედ მეფისა ბაბილონისასა. და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელნი სთქუენ ჴელებითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილისაგან მათისა.
25 და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი. 25 და, აჰა, არიან განბნეულ ნეფხუასა ღამისასა და სიცხესა დღისასა და მოკუდეს ტკივილთა შინა ბოროტთა სიყმილისა მიერ და მახჳლისა მიერ და განვლინებითა.
26 დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო, 26 და დასდევ სახლი, სადა იწოდა სახელი შენი, მის შორის უდაბნოდ, ვითარცა დღესა ამას უკეთურებისათჳს სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდაჲსასა.
27 და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით, 27 და ჰყავ ჩუენდამო, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოვლისაებრ მყუდროებისა შენისა და ყოვლისაებრ წყალობისა შენისა დიდისა,
28 როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ 28 ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმისა შენისა მოსესითა, დღესა შინა ამცნებდი რაჲ შენ მას დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაილისათასა,
29 თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ. 29 მეტყუელი: არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუსადა ბგერაჲ იგი დიდი და მრავალი უკუნიქცეს შურად წარმართთა მიმართ, სადა განვაბნიენ იგინი, მუნ.
30 ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე. 30 რამეთუ უწყი, ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედფიცხელ არს, და მოიქცენ გულისა მიერ მათისა ქუეყანასა შინა განსახლვისა მათისასა.
31

და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად.

31

და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ მე, უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გულისხმიერი და ყურნი მსმენელნი.

32 განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს. 32 და მაქებდენ მე ქუეყანასა მას განსახლვისა მათისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი.
33 და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე, 33 და მოიქცენ ზურგისაგან მათისა ფიცხლისა და მოიჴსენონ ბოროტთა საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთასა და მცოდველთაჲსა წინაშე უფლისა.
34 და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; 34 და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე მამათა მათთა: აბრაჰამს, ისააკსა და იაკობსა. და ეუფლნეს მას და განვამრავლნე იგინი, და არა შემცირდენ.
35 დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას. 35 და დაუმტკიცო მათ აღთქმაჲ საუკუნოჲ ყოფადმდე მათდა პირველად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. და არა შევძრა მერმე ისრაილი ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე