ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. 1 და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.
2 როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. 2 და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.
3 უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. 3 და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.
4 თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. 4 და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
5 ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. 5 და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.
6 თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. 6 და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.
7 აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. 7 მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.
8 გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. 8 და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.
9 ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე. 9 ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
10 ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ. 10 და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.
11 იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი. 11 და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
12 ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი. 12 და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.
13 იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი. 13 და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
14 ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი. 14 და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.
15 იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი. 15 და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
16 ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი. 16 და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.
17 იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი. 17 და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
18 ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ. 18 და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.
19 იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი. 19 და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
20 ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი. 20 და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.
21 იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი. 21 და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
22 ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი. 22 და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.
23 იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი. 23 და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
24 ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი. 24 და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.
25 იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 25 და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
26 სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი. 26 და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.
27 ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი. 27 ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.
28 მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში. 28 და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.
29 ითხოვეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლი იყო სარაი, ნახორის ცოლი კი მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქას მამა და ისქას მამა. 29 და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.
30 ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა. 30 და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.
31 მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ. 31 და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.
32 თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში. 32 და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე